მიხეილ სააკაშვილი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა. "რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით თვალი აგვეხილა, რადგან აქამდე დაჯერებული გვქონდა, რომ ისინი აქ შემოვიდნენ იმიტომ რომ ძალიან ადარდებდათ საქართველოში მაცხოვრებელი ჩვენი ოსური და აფხაზური წარმომავლობის ადამიანების ბედი. კინაღამ დავიჯერეთ და გუშინ თქვეს, რომ ეს ასე არ ყოფილა. ირონია რომ გვერდზე გავდოთ, განცხადება იმის თაობაზე, რომ ამით მოხდა რუსეთის სიძლიერის დემონსტრირება, რბილად რომ ვთქვათ, არ შეესაბამება სიმართლეს. მე ვფიქრობ, 2008 წლის აგვისტოდან გასული სამ წელიწადზე ნაკლები დრო ნათელი დემონსტრირება იყო რუსეთის დღევანდელი პოლიტიკის სისუსტის და ძალიან სერიოზული სისუსტის, რომელიც მათ საქართველოსთან მიმართებაში გამოიჩინა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის პრეზიდენტ იეჟი ბუზეკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ის რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელშიც მედვედევმა მიხეილ სააკაშვილს "პოლიტიკური გვამი" უწოდა და აღნიშნა, რომ ის ფიზიკურადაც და პოლიტიკურადაც იმაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე რუსმა კოლეგამ დაახასიათა.
"გახსოვთ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ მე, მიხეილ სააკაშილი ვარ პოლიტიკური ცხედარი, თუმცა მგონია, რომ უკეთესად გამოვიყურები, ვიდრე მან აღმწერა, როგორც ფიზიკური, ისე პოლიტიკური ფორმის თვალსაზრისით. თქვენ გახსოვთ რუსეთის ხელმძღვანელობის განცხადებები სხვადასხვა ადგილებით დაკიდების შესახებ და რაც მთავარია, მათი ფიქრები, რომ საქართველო ჩამოიშლებოდა და სამაგალითოდ დასჯილ ქვეყნად იქცეოდა მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის და ეს იყო მთელი ამ ინტერვენციის მიზანი - საქართველოდან, როგორც შედარებით მცირე ზომის ქვეყნიდან გაეკეთებინათ ნიმუში, რას ნიშნავს დაუმორჩილებლობის გამო დასჯა და ფეხქვეშ გათელა", - განმარტა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, საქართველოს პირველმა პირმა რუსეთის პირველ პირებს შეკითხვითაც მიმართა და გაკვირვება გამოთქვა იმის გამო, თუ რატომ არ ისურვა რუსეთმა საქართველოს სახით ძლიერი მოკავშირე და მეგობარი სახელმწიფო ჰყოლოდა.
"დღეს რუსები მოდიან საქართველოში რეფორმების სასწავლებლად. დღეს საქართველო, რომელსაც არ აქვს ნავთობი და გაზი გახდა, მიუხედავად ჩვენი სიძნელეებისა, ამ რეგიონის მთავარი რეფორმატორი, სწრაფად განვითარებადი ქვეყანა, რომელიც მიმზიდველი გახდა ყველასთვის, მათ შორის რუსეთშიც. მინდა დავსვა კითხვა. ნუთი არ იყო მათთვის მნიშვნელოვანი ჰყოლოდათ ასეთი მოკავშირე და საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა ყოფილიყო მათი მეგობარი?.დღეს ვინ არის რუსეთის მოკავშირე? გადაგვარებული ყოფილი სეპარატისტები, რომლებიც ჩამდგარნი არიან ოკუპანტთა სამსახურში დაცარიელებულ ტერიტორიაზე და მთავარ მოკავშირესა და დასაყრდენს საქართველოში წარმოადგენს "კოჭოია" გალიდან და ქუჩაში მორბენალი ყოფილი პოლიტიკოსები, რომლებიც მსოფლიო რეკორდებს ამყარებენ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში თავისი არაპოპულარულობით, რაც უკვე გადაზრდილია ხალხის მხრიდან მათ სიძულვილში და სრულიად დამსახურებულში. ნუთუ ამ მოკავშირეებით აპირებენ ისინი თავისი გავლენის გაძლიერებას რეგიონში? ერთი სიტყვით, ჩვენ რა თქმა უნდა გახსნილი ვართ რუსეთთან სერიოზული მოლაპარაკებებისთვის, რა თქმა უნდა, გვსურს რუსეთს ღიადაც გავუზიაროთ ჩვენი რეფორმების გამოცდილება და გვქონდეს ადამიანური, ნორმალური, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობები იმ პირობებში, როცა ისინი დაუწყებენ საუბარს საქართველოს დემოკრატიული გზით არჩეულ ხელისუფლებას", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარი