სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თბილისში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა 1 ლარი გახდება"

თბილისში შესაძლოა, ყვითელი მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდეს. როგორც „კომერსანტს" რამდენიმე მძღოლმა განუცხადა, გუშინ „თბილისის მიკროავტობუსის" ოფისში მისულებს განუცხადეს, რომ მგზავრობის ღირებულება 20 თეთრით გაძვირდება და 1 ლარი გახდება.

„ოფისში მისვლა გეგმის შესატანად ყოველდღე გვიწევს. გუშინ შევიკრიბეთ და გეგმის შემცირება მოვითხოვეთ.თუმცა, ადმინისტრაციისგან უარი მივიღეთ. მათი თქმით, გეგმის შემცირება კი არა, უახლოეს მომავალში 80 თეთრიანი ტარიფი 1 ლარი გახდება. არ ვიცით რა ვქნათ, ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვაწყობს გაძვირება, რადგან კლიენტს დავკარგავთ"-აცხადებენ მიკროავტობუსის მძღოლები.

ასევე "კომერსანტისთვის" კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ ტარიფის ზრდას კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" მერიაშიც ითხოვს. მიუხედავად ამისა, თბილისის მერიაშიც და კომპანიაშიც მგზავრობის ტარიფის შესაძლო გაძვირებას უარყოფენ.

"თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელი დავით ასანიძე ამბობს, რომ მათთან ოფისში არავინ მისულა და არც მგზავრობის ღირებულების გაზრდაა დღის წესრიგში. „ეს ყველაფერი ჭორია"-აცხადებს ასანიძე.

"კომერსანტი" თბილისის მერიასაც დაუკავშირდა კითხვით, განიხილება თუ არა სამარშრუტო ტაქსებზე მგზავრობის ღირებულების ზრდა. თბილისის მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ტარიფის ზრდის საკითხი არ განიხილება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100