ედუარდ შევარდნაძე მიხეილ სააკაშვილისგან ღირსების ორდენს ითხოვდა
„დრონი. ჯი“ ედუარდ შევარდნაძეს ესაუბრა:
- როგორ შეაფასებთ დღევანდელ პოლიტიკურ მდგომარეობას?
ედუარდ შევარდნაძე: თქვენ არ იცით რა ხდება და რა მდგომარეობაა ქვეყანაში?
- თქვენი შეფასება უფრო საინტერესო იქნებოდა...
- რომ გითხრათ ქვეყანაში კარგი მდგომარეობაა-მეთქი, დამიჯერებთ?! ქვეყანაში უმუშევრობაა. ასეთ მდგომარეობას მტერსაც არ ვუსურვებ.
- თქვენს დროს არ იყო უმუშევრობა?
- რა თქმა უნდა, იყო. მაგრამ არა ასეთი მასშტაბებით.
- რას იტყვით იმ ადამიანებზე, რომლებიც ასეთი ინტენსივობით ხვდებიან ოკუპანტი ქვეყნის პირველ პირებს?
- მათ უნდათ წვლილი შეიტანონ ორი ქვეყნის ურთიერთობის დათბობაში. ბურჯანაძეს და ნოღაიდელს დიდი ხანია ვიცნობ, მათ გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება. ამას როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის საყურადღებოდაც ვამბობ.
- ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და რასაც ახლა ამბობენ მაშინაც შეეძლოთ განეხორციელებინათ. ახლა პოლიტიკური ქულებისთვის ხომ არ იბრძვიან?
- მეც ვიყავი ხელისუფლებაში, მაგრამ გადავდექი. გადავდექი... ვურჩევ პოლიტიკოსებს, უფრო მეტი კავშირები დაამყარონ რუსეთის სხვადასხვა წრეების წარმომადგენლებთან. რუსეთი ჩვენი მეზობელია და მის გარეშე ჩვენი ცხოვრება მშვიდი არასდროს იქნება. ამიტომ უნდა დათბეს ურთიერთობები.
- რამდენად შეძლებს ნოღაიდელი, იგივე ბურჯანაზე რუსეთთან სიტუაციის დარეგულირებას ისე, რომ არ დაზარალდეს სახელმწიფო ინტერესები? რამდენად გამართლებულია მორალურად, 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ, ასეთი სახის მოლაპარაკებები ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად აწარმოონ?
- ამ ადამიანებს ბევრმა უნდა მიბაძოს. რაც უფრო მეტი ჩავა რუსეთში და დაელაპარაკება პუტინს და მედვედევს, უკეთესია. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ გვინდა მშვიდობა, მშვიდობა, მშვიდობა... შეიძლება არც დაიჯეროს და ის გააკეთოს, რაც მას სურს. შესაძლებელია, თავისი მიზნები და ინტერესები აქვს მას საქართველოში. . .
- რა მიზნები და ინტერესები აქვს რუსეთს საქართველოში?
- თუ რუსეთს ჩაფიქრებული აქვს საქართველო შეიერთოს, როგორც თავის დროზე მოხდა, ამას არც ბურჯანაძე უშველის და არც ნოღაიდელი...
- ამის საშიშროება არის?
- საერთაშორისო რეაქცია 2008 წელს ისეთი იყო, რომ არა მგონია, რამე მოხდეს. ყველამ დაგმო რუსეთის საქციელი. სულ ახლახანს, ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ აშკარად გამოხატა თავისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. ის საქართველოს დამოუკიდებლობის და გაერთიანების მომხრეა. ის ამ განცხადებას ვერ გააკეთებდა, რომ არა პრეზიდენტ ობამას თანხმობა. 2008 წელს მთელი ევროპა საქართველოს გვერდში დაუდგა. იმ კრიზისულ პერიოდში ჩამოსულები იყვნენ ნიკოლა სარკოზი და მაღალი რანგის სხვა პოლიტიკოსები.
- თქვენ აცხადებთ, რომ ცდილობდით დაბალანსებული ურთიერთობა გქონოდათ როგორც ევროპასთან, ასევე რუსეთთანაც...
- დიდი თუ პატარა ყველა ცდილობს პოლიტიკის დაბალანსებას. დაბალანსება ნიშნავს იმას, რომ მტრულად არ ხარ განწყობილი არც ერთ მეზობელთან. ჩემს დროს მართლაც დაბალანსებული პოლიტიკა იყო წარმოებული. სააკაშვილის ადგილას რომ ვიყო, ასეთ კაცს ორდენით დავაჯილდოვებდი.
- ბატონო ედუარდ, ღირსების ორდენი გინდათ?
- იცით რამდენი ორდენი მაქვს? ძალიან ბევრი.
- რომელი ორდენის მიღება გახსოვთ ყველაზე მეტად?
- ამერიკაში ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯილდოს გადმოცემის ცერემონია.
- თქვენი აზრით, უნდა პრეზიდენტმა ღირსების ორდენით უნდა დაგაჯილდოვოთ?
- მოინდომოს, მოინდომოს... და მე აქ ვარ.
- თქვენ ნინო ბურჯანაძე პოლიტიკაში მოიყვანეთ, პოლიტიკური კარიერა შეუქმენით... როგორ ფიქრობთ, გიღალატათ ბურჯანაძემ?
- რევოლუციის პერიოდში ისინი აჰყვნენ ტალღას, მაგრამ შემდეგ ბურჯანაძე და ნოღაიდელი ხომ მორჯულდნენ? დაინახეს, ვარდების რევოლუციამ რა შედეგი მოიტანა... ამიტომაც წამოვიდნენ სააკაშვილის გუნდიდან. გაბედეს და ჩავიდნენ რუსეთის ხელისუფლებასთან სასაუბროდ. ზოგმა ოპოზიციონერმა შეიძლება სცადა კიდეც, მაგრამ არ მიიღეს რუსეთის პირველმა პირებმა.
- ასეთ აგრესორთან ამ ფორმით საუბარი მისაღებია თქვენთვის?
- ვიმეორებ, რუსეთს უნდა დაველაპარაკოთ. როცა ბურჯანაძე, ნოღაიდელი და სხვებიც ჩემგან წავიდნენ, მე მაშინაც არ მიწოდებია მათთვის მოღალატეები. ადამიანი იცვლება და ეცვლება პოლიტიკური გემოვნება.
- რამ გამოიწვია ბურჯანაძის პოლიტიკური გემოვნების ცვალებადობა?
- ადამიანს თავისი კანონები აქვს. შეისწავლეთ კარგად ეს კანონები და გაიგებთ...
- რას ურჩევდით სააკაშვილს და მიიღებს თუ არა თქვენს რჩევებს ის? იგივე რუსეთთან დაკავშირებით რას ურჩევდით?
- სააკაშვილი რუსეთთან ურთიერთობას ვერ დალააგებს. ეს მედვედევმა ხაზგასმით თქვა, რომ სააკაშვილს არ დაველაპარაკებიო. მედვედევი კი ის კაცი არაა, რომ ჰაერზე ამბობდეს რაიმეს.
- მაგრამ ოპოზიციას აღარ ენდობა ხალხი. რუსეთში ვიზიტებს ღალატად აფასებს საზოგადოება...
- ზოგ ოპოზიციონერს ენდობიან, ზოგიერთს არა. კონკრეტულად ძნელია დაასახელო ვის ენდობიან ყველაზე მეტად.
- თქვენ ახსენეთ, რომ რუსეთი სააკაშვილს არ დაელაპარაკებაო. რა გარანტია გვაქვს, რომ თუნდაც ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში კრემლი საქართველოს ბოროტი ზრახვების გარეშე დაელაპარაკება? ყველაფრიდან ჩანს, რომ რუსეთის მიზანი ოკუპაციაა, ამ შემთხვევაში რამდენად ექნება აზრი ხელისუფალის შეცვლას?
- ვიმეორებ, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება - რუსეთსაც პირველად არ უნდა, რომ საქართველო გახდეს მისი კოლონია. უბედურება რომ ავიცილოთ, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რომ რუსეთის ნდობა მოიპოვოს.
თავის დროზე ამბობდნენ, რომ შევარდნაძემ დაანგრია საბჭოთა კავშირიო, მაგრამ მე სახეშეცვლილი ქვეყანა მინდოდა. როცა საქართველოში ჩამოვედი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას სამი ქვეყანა აღიარებდა. უკრაინა, მოლდავეთი და რუმინეთი, ისიც დიპლომატიური წარმომადგენლობის გარეშე.
ერთ თვეში მესტუმრა გენშერი და მირჩია, მხარში ამოგიდგებით, თუ ლეგიტიმური გახდებიო. ცოტა ხანში ბეიკერიც ჩამოვიდა. 26 მაისს დაემთხვა მისი ჩამოსვლა. როცა რუსთაველზე გავიარეთ, ყველაფერი დანგრეული იყო.
რესპუბლიკის მოედანზე გამართულ მიტინგზე მივედით და ბეიკერმა მიმართა იქ შეკრებილებს: ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოში დემოკრატია განვითარდება, რადგან სახელმწიფო სათავეში ედუარდიაო. გამოვაცხადე არჩევნების თარიღი, სამ წელიწადში კონსტიტუციაც მივიღეთ, ნელა-ნელა ქვეყანა ფეხზე დადგა.
- თქვენს დროს დემოკრატიული გზით ვითარდებოდა საქართველო?
- ჩემს დროს საქართველოში განვითარდა დემოკრატია. როცა განვითარების საფრთხე შეიქმნა - გადავდექი. „დარდუბალას“ ვითმენდი! „დარდუბალას“ ავტორი, როცა ციხიდან გამოვიდა, აქ მოვიდა და მითხრა - რა ეშმაკად მინდოდა, იმ „დარდუბალს“ რომ ვაკეთებდიო. რამიშვილი კარგი ბიჭი ყოფილა...
- ვის გამოყოფდით ოპოზიციური სპექტრიდან, ვინ არის თქვენთვის მისაღები და რეალური ძალა?
- გიორგი თარგამაძე კარგი ბიჭია. ასევე ბევრნი არიან ღირსეულები. ალასანია ჯერ პრეზიდენტობაზე ფიქრობდა, მერე მერობა მოუნდა.
- რატომ ჩამოქვეითდა ალასანია პრეზიდენტობიდან მერობამდე?
- პრეზიდენტობაზე უფრო რეალურად მერობა მიაჩნია, ალბათ...
- არსებობს რამე ბერკეტი, რომლითაც შესაძლებელია რუსეთთან პოლიტიკური მდგომარეობა გამოსწორდეს?
- მე მგონი ეს საკითხი მოგვარდება ევროკავშირის მეშვეობით. რუსეთს უნდა ევროკავშირის წევრობა, თავის მხრივ ევროკავშირს შეუძლია მას ასე დაუყენოს საკითხი: იმ შემთხვევაში მიიღებს მას თავის წევრად, თუ დაუბრუნებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს. შესაძლოა რუსეთი ამას დაეთანხმოს - ამერიკა და მთელი ევროპა რუსეთს ჰაერივით სჭირდება.
- მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ ამბობთ, რომ რუსეთთან სიტუაცია ოპოზიციამ უნდა გამოასწოროს...
- უარესი შემთხვევებიც ყოფილა და ყველაფერი მოგვარებულა. 1999 წლის აგვისტოში ომალო დაიბომბა, 2002 წლის აპრილში რუსეთმა კოდორის ხეობაში, კერძოდ, აჟარაში, დესანტი გადმოსხა, მაგრამ მე ამას განვითარების საშუალება არ მივეცი და ყველაფერი მოგვარდა.
- ძალიან ხშირად გიყენებენ ბრალდებას, რომ სოხუმი გაყიდეთ...
- სოხუმში ქართველების ოთხი ბატალიონი იდგა. მებრძოლი ბიჭები იყვნენ. მე მათ ვენდობოდი. არასდროს გამჩენია აზრი, რომ ამ ხალხს შეიძლება არ ენდო. ამ დროს ზვიადი ჩავიდა ჯერ სამეგრელოში, შემდეგ ოჩამჩირეში. ბოლო დღეებში ჩავატარე თათბირი და მარწმუნებნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ ამ ბიჭებმა შეასრულეს ზვიადის ბრძანება და დატოვეს ქალაქი. ზვიადი რომ არ ჩამოსულიყო, სოხუმი არ დაიკარგებოდა...
- ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში თქვენი სახელი და გვარი ფიგურირებს...
- კიდევ ერთხელ ვამბობ, ზვიადი რომ არ ჩამოსულიყო სოხუმი არ დაიკარგებოდა. რაც შეეხება კომისიას... ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ შვილი დაემტკიცებინოთ მამის გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარედ. ასეთი რამ არ გამიგია. ახლახანს მივიღე ზრდილობიანი წერილი, რომლის მიხედვითაც ამ თემასთან დაკავშირებით მიბარებენ პარლამენტში. თუ საჭიროა, მე მზად ვარ მონაწილეობა მივიღო სიმართლის დადგენაში...
ინტერვიუ ჩაწერილია 2010 წლის აპრილში.
კომენტარი