22 წლის თავდამსხმელმა 3 ადამიანი იმსხვერპლა - რა მოხდა ერთ-ერთ უდიდეს სავაჭრო ცენტრში?
3 ივლისს, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ახალგაზრდა მამაკაცი შეიჭრა და ხალხს ცეცხლსასროლი იარაღით დაესხა თავს. მასობრივი სროლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, სამი კი მძიმედ დაშავდა. შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი კოპენჰაგენის უდიდეს სავაჭრო ცენტრ "ფილდსში" გახსნა. პოლიციის მთავარმა ინსპექტორმა სორენ თომასენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაღუპულთა შორის ორი ახალგაზრდა - 17 წლის ქალ-ვაჟი და ერთიც რუსეთის მოქალაქე 47 წლის მამაკაცია, რომელიც დანიაში ცხოვრობდა. მისივე თქმით, დაშავებულია კიდევ რამდენიმე ადამიანი, მათგან 3 მძიმე მდგომარეობაშია. კამერამ შეიარაღებული თავდამსხმელი დააფიქსირა, რომელიც სავაჭრო ცენტრში მოძრაობდა ეჭვმიტანილი, 22 წლის ეთნიკურად დანიელი მამაკაცია, რომელიც უკვე დააკავეს და განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენეს. "დარწმუნებულები ვართ, რომ დაკავებული მამაკაცი დამნაშავეა. მას ხელთ ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და ამავე იარაღის საბრძოლო მასალა", - აცხადებს ინსპექტორი სორენ თომასენი. თომასენმა უარი თქვა თავდასხმის მოტივზე საუბრისგან, მაგრამ თქვა, რომ პოლიცია არ გამორიცხავს, ეს "ტერორისტული აქტი" ყოფილიყო.
კომენტარი