სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რომელი შეზღუდვები მსუბუქდება და რჩება ძალაში დღეიდან?

დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვები სრული მოცულობით არ შემსუბუქდება.

კერძოდ, დღეიდან:

ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში;


ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძო ავტომანქანებით გადაადგილება კვლავ იქნება ნებადართული;


ბაზრობები არ გაიხსნება. მუშაობას ისევ გააგრძელებენ აგრარული ბაზრები, წესების სრული დაცვის პირობით;


24 დეკემბრიდან – 2 იანვრის ჩათვლით, ზემოთ აღნიშნულ ქალაქებში კოვიდუსაფრთხოების ყველა წესის დაცვის შემთხვევაში, მუშაობას განაახლებენ სავაჭრო ობიექტები;


გათვალისწინებულია დამატებითი რეგულაციები, რომელზეც წინასწარ გაიმართა კონსულტაციები ბიზნესთან: მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 19:00 საათამდე;


მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით;


მაღაზიის ფართის ყოველ 20მ² დაიშვება არა უმეტეს ერთი მომხმარებელი;


მაღაზიების, როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა; ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;


ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები;


ამასთან, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ;


სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით;


ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები;


აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას;


ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება;


დღეის მდგომარეობით, სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრების მომსახურებისთვის. აკრძალულია კულტურული და სხვა სახის გასართობი ღონისძიებების მოწყობა;


სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00-მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი;


რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით აგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე;


ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე;


აღნიშნული გამონაკლისის მიუხედავად, საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს მოსახლეობას, დღესასწაულები აღნიშნონ ვიწრო ოჯახურ წრეში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100