სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბურჯანაძეების დამალული და კრიმინალური ქონება

ანზორ და ნინო ბურჯანაძეებს, ბადრი ბიწაძეს ათობით ქონებრივი დეკლარაცია შეუვსიათ, მაგრამ ამ დეკლარაციების მიხედვით მათი ქონება და შემოსავალი ბოლო წლებში განსაკუთრებით დიდად არ იცვლება.
ბურჯანაძე-ბიწაძის ოჯახს ძალიან უნდა, თავი წარმოაჩინონ საშუალო ფენაზე მდიდარ, მაგრამ არა მდიდარ ოჯახად. დეკლარაციებით ამას კი ახერხებენ, მაგრამ სულ სხვა რეალობაა - ბურჯანაძეთა ლეგენდარული ქონების შესახებ არათუ ხმები დადის, არსებობს კონკრეტული ფაქტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს ოჯახი ერთ-ერთი უმდიდრესია საქართველოში, პოლიტიკა და სახელმწიფო სამსახური ბურჯანაძეებმა გასამდიდრებლად, სიმდიდრის მოსახვეჭად გამოიყენეს.
არადა, ამ ოჯახის არც ერთი წევრი არ ყოფილა ბიზნესში ოფიციალურად, რაც კანონით ეკრძალებოდათ. მხოლოდ 1996 წლის შემდეგ, როცა სახელმწიფო პურპროდუქტების კორპორაციის პრივატიზაცია მოახდინა ანზორ ბურჯანაძემ და უამრავი - ათეულმილიონობით ქონება კაპიკებში ჩაიგდო ხელში, მიატოვა სახელწიფო სამსახური, კრიმინალური გზით მითვისებული ქონება ბიზნესად აქცია და წისქვილ-კომბინატები, პურის ქარხნები, პურის საცხობები, პურპროდუქტების იმპორტიორი კომპანიები და ა.შ. ჩამოაყალიბა.
ცხადია, ნინო ბურჯანაძის ოჯახის მთავარი სიმდიდრე აქედან ჩნდება, მაგრამ არც ბადრი და ნინო აკლებდნენ ხელს. როგორც მინიმუმ, ისინი ლობირებდნენ ანზორ ბურჯანაძის ყველა სახის ბიზნესს და 1996 წლიდან დღემდე, ოჯახის მთავარ „ბიზნესმენს“ არაერთი უკანონობა აქვს ჩადენილი.
„დრონი.ჯი“ შეეცადა იმის გარკვევას, თუ რა და რა სახის ბიზნესშია ეს ოჯახი ჩართული და საიდან ექაჩებიან მილიონებს. ანზორ ბურჯანაძემ 1996 წელს, ორთაჭალაში, პურპროდუქტების კორპორაციის შენობის მე-5 სართული იყიდა კაპიკებში - 17000კვ/მ. ახლა, ეს ფართი გაქირავებული აქვს, 1კვ/მ. - 150 დოლარად, საიდანაც თვეში მინიმუმ 550 000 დოლარი შესდის. თუ ბურჯანაძემ ამ მე-5 სართულის გაყიდვა მოინდომა, მაშინ ორთაჭალაში ამ ადგილას კომერციული ფართის მინიმალური ფასი 400 დოლარია.
ასე რომ, 6 მილიონ 800 ათასის ქონების მფლობელი ანზორ ბურჯანაძე ჯერ კიდევ 1996 წელს გახდა. ჩვენი ინფორმაციით, ამ მე-5 სართულში სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ 220 000 დოლარი გადაუხადა. აი, მარიფათიც ამას ჰქვია.
ანზორ ბურჯანაძის კუთვნილებაა კოსტავას ქუჩაზე, `საზოგადოებრივი მაუწყებლის~ გვერდით მდებარე, ვაკე-საბურთალოს გამგეობის შენობის მე-3 და მე-4 სართულები, სადაც გამგეობაა განთავსებული. არ არის გამორიცხული, ნინომ სახელმწიფოს ქირა მოსთხოვოს _ მამაჩემის კუთვნილ ფართს იყენებთო. კანონით ეკუთვნის კიდეც, მაგრამ მაინც არაფერს ითხოვს, ალბათ ეშინია, პროკურატურამ იმის გარკვევა არ დაიწყოს, თავის დროზე, ეს მე-3 სართული რა დამსახურებისთვის მიჰყიდეს ანზორ ბურჯანაძეს 82000 დოლარად, 1 სართული _ რაღაც 27 300 დოლარად.
ანზორ ბურჯანაძის სართულზეა ამავე რაიონის ეკოპოლიცია, საგადასახადო სამსახურიც. სხვათა შორის, ეკოლოგიური პოლიცია ამ შენობაში მაშინ გადავიდა, როცა ბადრი ბიწაძის ძმა, რემი ბიწაძე ამ სისტემის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. ეს სამი სართული შუაგულ საბურთალოზე გაცილებით მეტი ღირს, ვიდრე ის 5 სართული ორთაჭალაში.
ბურჯანაძეებს ეკუთვნით ფალიაშვილის #35-ში მდებარე კაფე `დელ-მარი~, რომელიც ვაკეში ერთ-ერთ პრესტიჟულ კაფედ მიიჩნევა და კლიენტი არ აკლია, თუმცა კაფე ვინმე მ. თურმანიძის სახელზეა გაფორმებული. ოჯახის საკუთრებაა დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე მდებარე ამავე სახელწოდების პურფუნთუშეულის საცხობი, ოღონდ ეს „დელ-მარი“ ვახტანგ ცირეკიძის სახელზეა გაფორმებული. ამ ორივე ობიექტს, რემი ბიწაძე აკონტროლებს. ცირეკიძე და რემი ბიწაძე ნათელ-მირონები არიან.
ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“ ამბობდა თემურ შაშიაშვილი, რომ ბურჯანაძეებმა ნახევარი ქუთაისი გაყიდეს, სულზე მივუსწარი, თორემ გელათის მონასტერსაც გაყიდდნენო.
რევოლუციის მერეც, შაშიაშვილს კვირა არ გავიდოდა, რომ ნინო და ანზორ ბურჯანაძის მიერ უკანონოდ ხელში ჩაგდებულ ქუთაისურ ქონებაზე არ ჩამოეგდო სიტყვა პრესაში და ტელევიზიაში და მუდამ მტკიცებულების ფორმით აცხადებდა, სად რა ფასად იყიდეს ბურჯანაძეებმა.
ამავე თემაზე, არაერთხელ განუცხადებიათ შალვა ნათელაშვილს, გიორგი გუგავას, `ლეიბორისტთა~ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ქუთაისის საკრებულოს წევრს, სამსონ გუგავას (გიორგი გუგავას ძმა), სოსო შატბერაშვილს, თინა ხიდაშელს, ლევან ბერძენიშვილს, ფიქრია ჩიხრაძეს, დათო ზურაბიშვილსა და ზვიად ძიძიგურს, კახა კუკავას და გუბაზ სანიკიძეს.
რატომღაც, ახლა, როცა ბურჯანაძე ოპოზიციაშია, ამ ოჯახის კრიმინალურ საქმიანობაზე აღარ ლაპარაკობენ. ისე, სხვათა შორის, თუ ნინო ბურჯანაძემ სასამართლოში გვიჩივლა, დამიმტკიცე, რომ ეს ქონება მართლა ჩემი ოჯახისააო, იცოცხლეთ, ვინც ზემოთ ჩამოვთვალე, ყველა მოწმედ დამიდგება, სად წაუვლენ თავიანთ ინტერვიუებს, წლების მანძილზე რომ აიკლეს პრესა-ტელევიზია ბურჯანაძეთა კორუმპირებულობაზე ლაპარაკით, რაც ჩამოვთვალე და რასაც ახლა მოგახსენებთ, დიდი ჟურნალისტული გამოძიების შედეგად კი არ მომიპოვებია, ეს ნინოს ყოფილი ოპონენტების და ახლანდელი თანაგუნდელების ნაშრომ-ნაღვაწია, მე, უბრალოდ, მოვიძიე და გთავაზობთ.
თუ სასამართლოზე ამ ხალხმა უარყო თავიანთი ნათქვამი, მაშინ დეზინფორმაციის გავრცელებასა და ცილისწამებაში ბრალი მათ დაედებათ, ბურჯანაძეს ბოდიშსაც ეგენი მოუხდიან და თუ ნინომ მორალური ზარალისთვის ფულადი კომპენსაცია მოითხოვა, ფულის შეგროვება ოპოზიციაში თემურ შაშიაშვილს მოუწევს, აბა, მე სად მაოხრია ამდენი, ბურჯანაძეს კომპენსაციები ვუხადო.
თემურ შაშიაშვილის მიერ გამოძიებული საქმის მიხედვით, ანზორ ბურჯანაძემ ქუთაისის საავიაციო ტექნიკური ქონებიდან, ჯართის სახით, უნიკალური ტექნოლოგიები გაზიდა უკრაინაში და იქ გაყიდა. დარჩენილი კი აქვე გაყიდეს - ზოგი ჯართად, ზოგიც - მეორად დანადგარად, არადა, 2 წლის წინ, საავიაციო-ტექნიკური ქარხნის ხელმძღვანელობამ, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით, ეს ტექნოლოგიები, თანამედროვე და საუკეთესო, ქარხნის ასაღორძინებლად შეიძინა იმავე უკრაინაში, დონბასის მხრის ერთ-ერთ ქარხანაში.
ეს ისტორია „ვარდების რევოლუციამდელია“. 2004 წელს, შს მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დაიჭირა ქარხნის დირექტორი ირაკლი კოხრეიძე. ლამის დაიჭირეს იმერეთის ვიცე-გუბერნატორი, ზურაბ ქაჯაიაც. კოხრეიძემ და ქაჯაიამ, ცხადია, ბურჯანაძეებისკენ გაიშვირეს ხელი. ამ დროს, ნინო უკვე პარლამენტის თავმჯდომარეა მეორედ. ოქრუაშვილს ქუსლი უყარა - მავიწროვებთ, ჩემიანებს არ ახარებთ და თუ ამ საქმეს არ შეეშვებით, ოპოზიციაში წავალო. მაშინ ოქრუაშვილი გააჩერეს - კოხრეიძე გამოუშვეს, ქაჯაიაზე გაცემული სანქცია გააუქმეს და ნინოც დაშოშმინდა. მაშინ პოლიტიკა კანონზე მაღლა დადგა, რადგან რევოლუციურ ხელისუფლებას ერთიანობის შენარჩუნება სჭირდებოდა. გარე საფრთხეებიც იზრდებოდა და კონტრრევოლუციური მოძრაობაც დაწყებული იყო.
პროკურატურასა და შსს-ში დღესაც დევს ეს საქმე ჩვენებებით, ყველა მამხილებელი დოკუმენტაციით, მათ შორის, ის დოკუმენტებიცაა, რომელიც ადასტურებს, რომ ძვირადღირებული და სრულიად ვარგისი ტექნოლოგიები, ფოთის პორტის გავლით უკრაინაში, ჯართის სახით, ფირმა `ანრემ~ არაერთგზის გაიტანა.
„ანრეს“ დამფუძნებელი კი ანზორ ბურჯანაძეა. პატივცემული მკითხველი თუ ცოტა მეტ დაკვირვებას გამოიჩენს, ამ `ანრე~-საც გაშიფრავს - ფირმას ანზორ ბურჯანაძემ საკუთარი შვილიშვილების სახელების პირველი ორი ასოს აბრევიატურა შეურჩია სახელწოდებად (ან-ზორი და რე-ვაზი-ან-რე). ამ საქმიდან ანზორ ბურჯანაძემ თავის წილად 7 მილიონი დოლარი მოხსნა, ქუთაისის საავიაციო ქარხანა კი გააპარტახა და გაძარცვა.
დღეს ნინო ბურჯანაძე გამოდის ტელე-ეთერით, პრესით, მიტინგებზე და შუბლძარღვგაწყვეტილი აცხადებს (ამაზე თუ უნდა მიჩივლოს), ქვეყანაში ამდენი და ამდენი უმუშევარია და მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ერთი ქარხანა ვერ აამუშავა, ხალხს დასცინის, ყინულის მოედანს და ლა-სკალას დონის ოპერის თეატრს ჰპირდებაო.
ცინიზმიც ამას ჰქვია... რაც აშენებული იყო და ასამუშავებლად გამზადებული შევარდნაძის დროს, ის გაძარცვეთ თქვენ, მამაშენმა და მისმა ამფსონებმა. ერთ-ერთი დანადგარი, რომელიც 800 000 დოლარი ღირდა, ჯართად 16 000 დოლარად გაყიდეთ, უკრაინელები სიცილით და მადლიერების გრძნობით იხოცებოდნენ - ათეულობით მილიონი ტექნოლოგიებში გადაგვიხადეს, ახლა კი - უკან, ჯართად კაპიკებში ვყიდულობთო, მილიონები ჩაიჯიბეთ, რამდენიმე ათეული ადამიანი, ვინც მუშაობდა, უმუშევრად დატოვეთ, ლუკმაპური წაართვით, დასაქმების პერსპექტივა წაართვით ქალაქს და ახლა, ნიანგის ცრემლებს ღვრით და Qქუთაისელთა უმუშევრობა „გადარდებთ“?
როცა ქუთაისში ის ქარხანა გაძარცვეს ბურჯანაძეებმა, მაშინ ნინო შევარდნაძის ხელისუფლებაში პარლამენტის თავმჯომარე იყო, როცა მამამისის დამქაშები და მამამისი დაჭერას გადაარჩინა, მაშინაც პარლამენტის თავმჯდომარე იყო...
ნინო კი დღე და ღამე იმას ფიქრობს, პრეზიდენტი გავხდებიო. იქნებ რაც ბურჯანაძეებმა წაღლიტეს ხალს და ქვეყანას, იმის დაბრუნებაზე ეფიქრა ნინოს და ასე დაეწყო ზნეობრივ-პოლიტიკური რეინკარნაცია ოპოზიციაში?
ისევ ბურჯანაძეთა ქონებას მივხედოთ. მათი ოჯახის საკუთრებაა სავაჭრო-ცენტრი „მეგალაინიც“ ქუთაისის ლითოფონების ქარხანა, ელექტრომექანიკური ქარხანა და „ავანგარდი“ - სამივე ქარხანა ქუთაისშია, სამივეში ათეულობით მილიონი დოლარის ტექნოლოგიები და დანადგარები იყო, მაგრამ როცა ამ ქალაქს ბურჯანაძეთა კლანი აკონტროლებდა, ეს ძვირფასი ტექნოლოგიებიც ჯართად გაყიდეს რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში...
შემდეგ ეს გაძარცული ქარხნები იყიდეს ბურჯანაძეებმა კაპიკებად - სხვა თუ არაფერი, ქონებაა და თუ მოინდომეს, ასჯერ უფრო ძვირად გაყიდიან, ვიდრე იყიდეს. სხვათა შორის, ამ სამი ქარხნის გაპარტახება-პრივატიზაციის თაობაზე შალვა ნათელაშვილი სარჩელს ამზადებდა – „ამ გათახსირებულმა ანზორ ბურჯანაძემ 3 ქარხანა გაძარცვა, უნიკალური დანადგარები ჯართად გაყიდა, 10 მილიონზე მეტი ჩაიჯიბა, მერე კი, ეს გაძარცულ-გაპარტახებული ქარხნები, სამივე, კაცო, სამივე ერთად 1 280 000 დოლარად იყიდა, როცა თავის დროზე თითო ქარხანა 20 მილიონი მაინც ღირდა“, - აი, ასე მოსთქვამდა შალიკო და სასამართლოსაკენ იქაჩებოდა, მაგრამ როცა ნინო ოპოზიციაში გადავიდა, ეს საქმეც დაივიწყა და „გათახსირებული ანზორ ბურჯანაძეც“.
ბადრი ბიწაძეს ეკუთვნის 15 000 ჰა. ტყე თეთრი წყაროს რაიონში. ეს მაშინ, როცა ბურჯანაძის პარტიის ლიდერები დღედაღამ კახა ბენდუქიძის ლანძღვა-გინებაში არიან, ტყეები „უპრაგონოდ“ გაყიდაო. ამათი მორალი ასეთია - თუ ბურჯანაძეებს მსხვილი ლუკმა არგუნე, ქვეყანაც დაგიქცევია და თუ ბურჯანაძეებს გამოსწირავ, წილში არ ჩასვამ, მაშინ „გამყიდველი“, „იუდა“ და „მამაძაღლი ხარ“.
რას წარმოიდგენდა ნინო ბურჯანაძე, რომ ისე უცებ და მოულოდნელად მოუწევდა ხელისუფლებიდან წასვლა, თორემ ბადრი ერთ ათიოდე ამდენ ტყეს უყიდდა სასწრაფოდ და კახა ბენდუქიძესაც ერთი პარტიით ნაკლები მაგინებელი ეყოლებოდა.
ბადრი ბიწაძეს ეკუთვნის ასევე სარფში, საზღვაო ზოლში 6000 კვ/მ. მიწის ნაკვეთი. ეს მისი საზღვრის დაცვის დეპარტამენტში „ნამოღვაწარია“. ამბობენ, ბიწაძეს ამ 6000 კვ/მეტრ ნაკვეთში კაპიკი არ გადაუხდია, ერთმა აჭარელმა ბიზნესმენმა აჩუქა, რომლის ბიზნესსაც ნინო მფარველობდაო. სამფარველოც ასეთი უნდა! ამ მიწაზე ბადრი ბიწაძე სასტუმროს აშენებას აპირებდა, მაგრამ ნინოს გადადგომამ მოუსწრო და `მკვდარი ფული~ პოლიტიკას დასჭირდა.
ბადრი ბიწაძის ბიძაშვილის სახელზეა რეგისტრირებული სამშენებლო კომპანია, რომელიც ხიმშიაშვილისა და ერას ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე აპირებდა სასტუმროსა და საცხოვრებელი კორპუსის აშენებას. ეს ის ხიმშიაშვილის ქუჩაა, საიდანაც ბადრი ბიწაძემ 15-წლიანი ცხოვრების მერე ორდერიანი ხალხი გამოასახლა - სასაზღვრო დეპარტამენტის ბინებიაო.
არადა, როცა იქ ეს ხალხი შესახლდა, ანუ სსრკ-ის დანგრევისთანავე, მაშინ საქართველოს სასაზღვრო დაცვის სამსახური საერთოდ არ ჰქონდა. იმ კორპუსებში რუსი მესაზღვრეები ცხოვრობდნენ, სსრკ დაიშალა და მათაც სამშობლოს მიაშურეს - აქ მათ დასაცავი აღარაფერი ჰქონდათ. ბადრიმ კი ეს ხალხი გამოასახლა, მისი ბიძაშვილი გიორგი ბიწაძე თავისას არ იშლის - იქ 4-სადარბაზოიანი, 6-სართულიანი კორპუსი და სასტუმროს აშენება უნდა.
თუ ეს პროექტი განახორციელეს, ბურჯანაძეთა ქონებას მრავალი მილიონი შეემატება - კორპუსს თავი დავანებოთ, 4-ვარსკვლავიანი, 120-ნომრიანი სასტუმრო რა ღირს ბათუმში, აბა, იანგარიშეთ?! ისე კი, ამ ამბავს თუ ჩავუღრმავდებით, ძალიან კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდება ბადრი ბიწაძე: კაცი იძახის: ეს საერთო საცხოვრებლები კანონით საქართველოს საზღვრის დაცვის უწყებას ეკუთვნის, რადგან სსრკ-ის დროს, სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს საზღვრის დაცვის უწყებას ექვემდებარებოდაო. ბადრი, ეტყობა, ისევ იქ არის - საბჭოთა კავშირში. ჯერ მისთვის ის ქვეყანა არ დანგრეულა.
როგორც იტყვიან, აი, ასეთია იმ დიდი აისბერგის მცირე, ხილული ნაწილი, რომელსაც ბურჯანაძეთა ქონება ჰქვია. იმედია, დანარჩენსაც მივაგნებთ. ანზორ ბურჯანაძეს გრანიტის ბიზნესიც აქვს. გრანიტის კარიერა ქუთაისის მახლობლად, სოფელ ჯიმასყაროში აქვს. ამ საქმითაც კარგად იხეირეს ბურჯანაძეებმა. მათი გრანიტით არაერთი ათასი კვადრატული მეტრი მოპირკეთდა თბილისში, სიღნაღსა და ბათუმში - სასტუმროები, რესტორნები, მუზეუმები, გამგეობების შენობები. საქმეს, ცხადია, ნინო ბურჯანაძე ლობირებდა - სახელმწიფო ობიექტების აშენება, რეკონსტრუქციების ტენდერებში მამამისის ფირმები იმარჯვებდნენ, გრანიტს სახელმწიფო მისგან ყიდულობდა.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100