სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უმცირესობა უმრავლესობას ახალ ინიციატივას სთავაზობს

საპარლამენტო უმცირესობა უმრავლესობას ახალ ინიციატივას სთავაზობს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დავით ბაქრაძემ განაცხადა, უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ აღნიშნულ ცვლილებებთან ერთად, ერთ პაკეტში საგარეო კურსთან დაკავშირებული ცვლილებებიც იქნება გათვალისწინებული, რადგან ბაქრაძის თქმით, მოსახლეობას ევროპული კურსის შესაძლო ცვლილების შიში მოეხსნას. 

უმცირესობა ასევე სთავაზობს უმრავლესობას, მოიხსნას ოპოზიციაზე ზეწოლა. ბაქრაძის განცხადებით, ისინი სთავაზობენ უმრავლესობას, რომ ოქტომბერში ასამოქმედებელი კონსტიტუციის ერთ ნაწილთან ერთად, რომელიც მთავრობის დათხოვნას ეხება, ის ნაწილიც ამოქმედდეს, რომლის მიხედვითაც, საკონსტიტუციო კვორუმი 3/4-მდე იზრდება. 

ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა. 

"ნაციონალური მოძრაობის" ინციატივას წინ უძღოდა უმრავლესობის საგანგებო მიმართვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. უმრავლესობა, კონსტიტუციის შესაცვლელად, ხმათა საჭირო რაოდენობას ჯერ ვერ აგროვებს. საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადება დღეს უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. 

კოალიციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ იმის მიუხედავად, თუ რამდენი დეპუტატი დაუჭერს მხარს ცვლილებათა პაკეტს, კოალიციის მიზანი მაინც მიღწეულად ჩაითვლება. 

უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებები მიზნად ისახავს პრეზიდენტისთვის მინისტრთა კაბინეტის დათხოვნის უფლებამოსილების შეზღუდვას და საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას. 

ცვლილებების დაკანონებას საკონსტუტიციო უმრავლესობა, 100 ხმა სჭირდება. დავით საგანელიძემ დღეს უმცირესობის წევრებსაც მიმართა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღონ. 

უმრავლესობის შეთავაზებას ოპოზიცია გამოეხმაურა. დავით ბაქრაძის განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ განცხადებაში რამდენიმე ტენდეცია გამოიკვეთა. მისი თქმით, პირველი არის ის, რომ მიუხედავად პოლიტიკური ზეწოლისა და პირდაპირი შანტაჟისა პარლამენტის წევრებზე, საპარლამენტო უმრავლესობამ ვერ შეძლო საკონსტიტუციო კვორუმის შეგროვება. რაც შეეხება მეორე ტენდენციას, ბაქრაძის განცხადებით, მათმა კოლეგებმა უმრავლესობიდან თავი ვერ შეიკავეს პირდაპირი მუქარისგან და ულტიმატუმის სახით ესაუბრებოდნენ ოპოზიციას, რაც მიუღებელია. 

დავით ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ თუ უმრავლესობას აქვს შიშები, რომ იქნება გამოყენებული მექანიზმი და აპრილში მთავრობას დაემუქრება კრიზისი, ისინი მზად არიან, ამ თემაზე დასხდნენ და ისაუბრონ. მისივე თქმით, არ არსებობს ოპოზიციის მხრიდან გეგმა, რომელიც მათ დაპირებების შესრულებაში ხელს უშლის. 

საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული ვითარება უკვე შეაფასეს უმრავლესობის წევრებმა. თინა ხიდაშელის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრისას დეპუტატები არჩევანს გააკეთებენ სტაბილურობის სასარგებლოდ ან შესაძლებლობას გააჩენენ სამოქალაქო დაპირისპირებისთვის. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები არ დამტკიცდა, მიხეილ სააკაშვილმა, შესაძლოა, დაითხოვოს საქართველოს მთავრობა და პრემიერი ბიძინა ივანიშვილი. ამის შემდეგ მოსალოდნელ პროცესებზე ყველა იმ დეპუტატმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინც არ დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

ზურაბ აბაშიძის თქმით კი, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებისთვის საკმარისი ხმები არ აქვს, უმცირესობის მხრიდან ცვლილებების მხარდაჭერა აუცილებელია, რადგან ეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხია

 

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100