სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ინკოგნიტო" საპატრულო ეკიპაჟები თბილისში

ბოლო პერიოდში თბილისში მომატებულ პოლიციის საპატრულო ეკიპაჟს შორის შეიმჩნევა ავტომობილები, რომელთაც არანაირი განმასხვავებელი ნიშანი არ აქვთ. თუმცა, მანქანით ჩვეულებრივი პატრულის ფორმიანი პირები გადაადგილდებიან და თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ.

სპეციალისტები ამის 2 სავარაუდო მიზეზს ასახელებენ: ტექნიკურს - რადგან შესაძლოა, შსს ამ ეტაპზე საპატრულო ავტომობილების ნაკლებობას განიცდიდეს; და ოპერატიულ აუცილებლობას - შესაძლოა, ქალაქში პატრულთა "ინკოგნიტოდ" გადაადგილება დანაშაულის პრევენციის ხარისხის ასამაღლებლად ხდებოდეს.

შსს საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ ჩვეულებრივი მანქანებით პატრულირების ფაქტს უარყოფს, თუმცა ასეთ "ინკოგნიტო" საპატრულო ეკიპაჟებს არაერთი თვითმხილველი ჰყავს. საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ ეს შესაძლოა, ამნისტიას უკავშირდებოდეს.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ 2012 წლის 17 დეკემბერს საპატრულო პოლიციაში არსებული 76 ავტომანქანა 35 ერთეულით, ხოლო პატრულ-ინსპექტორთა რიცხვი კი 240-მდე გაზარდა. ამას წინ უძღოდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ პარლამენტი ამნისტიის კანონპროექტს სიფრთხილით უნდა მოჰკიდებოდა.

იგი არ ეთანხმებოდა საკანონმდებლო ორგანოს მიერ ზოგიერთი მუხლით გასამართლებულთა ამნისტირებას. განსაკუთრებულ აქცენტს კი ჯაშუშების, პედოფილებისა და ნარკორეალიზატორების გათავისუფლებაზე აკეთებდა.

ღარიბაშვილი არ გამორიცხავდა, რომ ამნისტიის კანონის ამოქმედების შედეგად საპატიმრო დაწესებულებები ბევრ "არასასურველ ადამიანს" დაეტოვებინა.

"ჩვენ ამ საკითხს ძალიან ფრთხილად ვეკიდებით, რადგან ამის შედეგად შეიძლება ციხიდან ბევრი არასასურველი ადამიანის გამოშვება მოხდეს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანაში კრიმინალური სიტუაცია არ დაიძაბოს. ჩვენ ვიქნებით გარანტი იმისა, რომ ეს არ მოხდეს", - აცხადებდა ღარიბაშვილი.

ბოლო 2 თვის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ახალი წლის შემდეგ, ქალაქში შესამჩნევად იმატა არამარტო საპატრულო მანქანების რაოდენობამ, არამედ პატრულის თანამშრომლების რიცხვმა, რომლებიც ჩვეულებრივი, განმასხვავებელი ნიშნების არმქონე მანქანებით პატრულირებენ. ზოგ შემთხვევაში ასეთ მანქანას საქარე მინაზე ქაღალდზე ამობეჭდილი რიცხვი აქვს მიკრული (სავარაუდოდ, ეკიპაჟის ნომერი).

აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ში არ ადასტურებენ. თუმცა, "მთელ კვირასთან" საუბრისას არაერთი რესპოდენტი ამბობს, რომ მათ პირადად შენიშნეს მსგავსი ეკიპაჟი.

"მე და ჩემი მეგობარი ვიხსედით მანქანაში. გვიანი იყო, დაახლოებით ღამის 1 საათი, როცა სანზონაში შინდისფერმა "ოპელ-ვექტრამ" გაგვაჩერა, რომელსაც არანაირი მანიშნებელი ნიშანი, რომ პოლიცია იყო, არ ჰქონდა.

გადმოვიდა პატრულის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი, დაახლოებით 40 წლის. საბუთები მოგვთხოვა. როცა ვკითხეთ, როდის მერე დადის პატრული "ოპელით", გვითხრა, რომ ეს ჩვენი საქმე არ იყო", - იხსენებს ერთ-ერთი თბილისელი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ზოგადად საპატრულო ეკიპაჟი გაიზარდა, მაგრამ ისინი მხოლოდ მათთვის გამოყოფილი ავტომობილებით მოძრაობენ, რომელთაც განმასხვავებელი ნიშანი აქვთ (წარწერა, სირენა და ა.შ.).

"ჩვეულებრივი მანქანით როგორ შეიძლება პატრული პატრულირებდეს?! ეს გამორიცხულია. შესაძლოა, ისინი უბრალოდ სახლში მიდიან და ამ მომენტში დააფიქსირა ვინმემ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არ აქვთ უფლება, მოქალაქე გააჩერონ, ისინი ხომ სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებენ", - უთხრა "მთელ კვირას" შსს-ს პრესამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.

რა მიზეზით შეიძლება საპატრულო ეკიპაჟი ჩვეულებრივი მანქანებით პატრულირებდეს - კონსპირაციულობისთვის, თუ უბრალოდ ტექნიკური პრობლემის გამო? და რამდენადაა დაკავშირებული ეს ამნისტიასთან, რომელზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, შს მინისტრს არაერთი გამაფრთხილებელი განცხადება გაუკეთებია?

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ბესო ალადაშვილი მიიჩნევს, რომ კონსპირაციულად მხოლოდ ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები უნდა გადაადგილდებოდნენ და არა საპატრულო ეკიპაჟი.

"ზოგადად, საპატრულო დანაყოფების რაოდენობის გაზრდა გარკვეული სტანდარტებითა და კრიტერიუმებით ხდება და არ შეიძლება ეს პირდაპირ ამნისტიას და გათავისუფლებულ პატიმრებს დავუკავშიროთ.

რაც შეეხება არა საპატრულო, არამედ ჩვეულებრივი მანქანებით პატრულირებას, ამგვარად მხოლოდ ოპერატიული სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ, რომლებმაც მინიშნება არ უნდა გააკეთონ. თუ იმ გამჭირვალობის პრინციპიდან გამოვალთ, რასაც შს მინისტრი ცდილობს გაატაროს, ეს არასწორი მიდგომაა, რადგან პატრული ის სამსახურია, რომელიც ღიად უნდა მუშაობდეს", - უთხრა "მთელ კვირას" ალადაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი მანანა კობახიძე კი არ გამორიცხავს, ეს ამნისტიას უკავშირდებოდეს.

"თუ ჩვენ ვამბობთ, რომ პატრულია, აუცილებლად საპატრულო მანქანით უნდა გადაადგილდებოდეს. თუმცა, შესაძლოა, არსებობდეს რაიმე ტექნიკური მიზეზები, რის გამოც ეს ვერ ხდება. მთავარია, მათ საბუთები ჰქონდეთ და ოფიციალურ ფორმაში იყვნენ. არსად არაა გაწერილი, რომ პოლიციელი არ შეიძლება სხვა მანქანით მოძრაობდეს.

"რაც შეეხება გატარებულ სამართალდაცვით ღონისძიებებს, ბუნებრივია, როდესაც ამნისტია ხდება და ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებას ტოვებენ, იმისთვის, რომ ქვეყანაში წესრიგი იყოს უზრუნველყოფილი და დანაშაულის რაოდენობა არ გაიზარდოს, პოლიცია თავის ფუნქციას უნდა ასრულებდეს. და თუ ამისთვის დამატებითი რესურსების გამოყენება სჭირდებათ, ეს ლოგიკურია", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას კობახიძე.


წყარო: გაზეთი „რეზონანსი“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100