სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

132 წლის ასაკში გინესის წიგნის პრეტენდენტი ანტისა ხვიჩავა გარდაიცვალა

ანტისა ხვიჩავა, რომელიც პლანეტის უხუცესი ადამიანის განხრით გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრის კანდიდატი იყო, 132 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ანტისა ხვიჩავა წალენჯიხის რაიონის სოფელ საჩინოში ცხოვრობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ რაღაც ორი თვის წინ გაუარესდა. მანამდე კი ქალბატონი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმულია პლანეტაზე, ასაკთან შედარებით საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა. იმ ადამიანების თქმით, ვინც ხშირად სტუმრობდა ქალბატონ ანტისას, ის არც 20-25 გრამი არაყით სტუმრის დღეგრძელობაზე და არც მასთან ნარდის თამაშზე ამბობდა უარს. ანტისა ხვიჩავა ბოლო დრომდე არც მეხსიერების დაქვეითებას უჩიოდა.

ანტისა ხვიჩავას შესახებ სიუჟეტი „როიტერმაც“ მოამზადა - გადამღებმა ჯგუფმა ის მისსავე სახლში გადაიღო.

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით, ანტისა ხვიჩავა 1880 წლის 8 ივლისს დაიბადა.

საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად მიმართა მსოფლიოს გინესის რეკორდების რედაქტორებს იმის თაობაზე, რომ ხვიჩავასთვის გადაეცათ ოფიციალური დამადასტურებელი სერთიფიკატი, რომლის მიხედვითაც, ის პლანეტის უხუცეს ადამიანად იქნებოდა აღიარებული.

დოკუმენტების გადამოწმების შედეგად, ხვიჩავას წლოვანობა ნამდვილად ჭეშმარიტი გამოდგა, თუმცა, მისი შეყვანა გინესის რეკორდების წიგნში ბიუროკრატიული პროცედურების გამო გაიწელა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100