რუსეთი ირანში ომისთვის ემზადება
სამხედრო წყაროებიდან რუსეთისთვის ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა, აშშ-ის მხარდაჭერით, შესაძლოა სულ მალე განახორციელოს დარტყმა ირანის ბირთვულ ობიექტებზე. თუ ირანთან ომი მართლაც დაიწყება, რუსეთი ამიერკავკასიაში თავის საკვანძო ფორპოსტს - სომხეთში განლაგებულ 102-ე სამხედრო ბაზას დაკარგავს. ბუნებრივია, კრემლი ყველაფერს იღონებს, რომ ეს არ დაუშვას.
სომხეთში ბაზა უკვე მთლიანად ოპტიმიზებულია, სამხედრო ქვედანაყოფები კი იქიდან გიუმრის რაიონში, თურქეთის საზღვრის მახლობლად არიან გადაყვანილი. სწორედ თურქეთის ტერიტორიიდან ივარაუდება აშშ-ის ჯარების შესაძლო დარტყმა ირანის ობიქტებზე.
1 დეკემბრიდან სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი რუსეთის ჯარები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამხედრო ბაზებზე. შავი ზღვის ფლოტის გემები საქართველოს საზღვრის მახლობლად გადაადგილდებიან, რომელსაც შეუძლია ამ კონფლიქტში ანტიირანული ძალების მხარეს გამოვიდეს.
მახაჩყალისა და კასპიისკის რაიონში ასტრახანიდან კასპიის ფლოტილიის ყველა სარაკეტო კატერის დისლოკაცია განხორციელდა. გარდა ამისა, ამას წინათ ხმელთაშუა ზღვაში რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტის ავიამზიდთა დაჯგუფება გავიდა. ისინი სირიის პორტ ტარტუსში შევლენ, სადაც რუსეთის ფლოტის საყრდენი პუნქტია. რუსეთისა და სირიის სამხედრო წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ დაჯგუფებას მარაგის შევსების და საწვავის მომარაგების გარდა სხვა მიზანი არა აქვს. მაგრამ ექსპერტების თქმით, მის ამოცანებში შედის სირიის სანაპიროს დაცვა შესაძლო ძალისმიერი ქმედებისაგან რეჟიმის წინააღმდეგ, აგრეთვე მთლიანად რეგიონში დასავლეთის სახელმწიფოების მონაწილეობით კონფლიქტის არ დაშვება.
ირანის წინააღმდეგ ომის პერსპექტივასთან დაკავშირებით რუსეთი ეჭვით უყურებს აზერბაიჯანს, რომელმაც ბოლო სამი წლის განმავლობაში სამხედრო ბიუჯეტი გააორმაგა და ისრაელისგან დაზვერვის მოწინავე საშუალებებს ყიდულობს. ექსპერტების აზრით, სავსებით შესაძლებელია, აზერბაიჯანმა სიტუაციით ისარგებლოს, რათა სომხეთთან მთიანი ყარაბაღის თაობაზე მიმდინარე ტერიტორიული დავა გადაწყვიტოს.
შესაძლო საომარი კონფლიქტის ფონზე რუსეთს საქართველოც აშფოთებს. აპრილში საქართველომ შეწყვიტა შეთანხმება რუსეთიდან სომხეთში სამხედრო ტვირთის ტრანზიტის შესახებ, ასე რომ სამხრეთ კავკასიაში რუსულ-სომხური დაჯგუფება, ფაქტობრივად, იზოლირებულია.
საწვავით, სურსათით და ა.შ. რუსეთის არმიის მომარაგება მხოლოდ ჰაერიდან და, აგრეთვე, სომხეთთან პირდაპირი შეთანხმებების გზით ხდება, რომელიც ამ პროდუქციას (ბენზინი, დიზელის საწვავი, ნავთი) ირანში ყიდულობს. ამგვარად, ირანში ომი ამ არხიდან ბაზის მომარაგების შეწყვეტას ნიშნავს. მაღალჩინოსანი რუსი სამხედროები მიიჩნევენ, რომ ირანის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთი თავისი სამხედრო ობიექტის საქართველოს გავლით საიმედოდ მომარაგების გზებს მონახავს.
"შესაძლოა, საჭირო გახდეს საქართველოს სატრანსპორტო ბლოკადის გარღვევა და სომხეთში მიმავალი სატრანსპორტო დერეფნების საბრძოლო საშუალებებით უზრუნველყოფა", - ასკვნიან ისინი.
რაც შეეხება თავად ირანს, ოფიციალურ დონეზე რუსეთი, რა თქმა უნდა, არ იუწყება, რა ამოცანებს შეასრულებს მისი არმია და ფლოტი ამ ქვეყნის ობიექტებზე დარტყმის შემთხვევაში. მაგრამ ექსპერტები დარწმუნებით ვარაუდობენ, რომ მოსკოვი თეირანს, სულ მცირე, სამხედრო-ტექნიკურ დონეზე მაინც დაეხმარება.
კომენტარი