როგორ მოვიპაროთ საქმრო ციხიდან და თანაც, ჩემოდნით
მექსიკელ გოგონას, რომელმაც ციხიდან პატიმარი საქმროს გაპარება ორიგინალური მეთოდით დააპირა, კარგა ხნით ჩასვამენ. ასე რომ, მას ოცნების ნაწილი აუხდა: რჩულთან ერთად ყოფნა. მართალია, „გონებამახვილი“ ქალი გვერდით კორპუსში, ქალტა დაწესებულებაში იქნება, მაგრამ იქნებ ეზოდან მაინც მოჰკრან ერთმანეთს თვალი, თუ არადა, პაემნისთვის შორი გზის გავლა ქალს აღარ მოუწევს.
საქმე ის გახლავთ, რომ გოგონამ ციხიდან 20 წლით პატიმრობამისჯილი საქმროს, ედვინ ვალდემარ პერესის გაპარება საკმაოდ ორიგინალური მეთოდით დააპირა და ის იყო, შვებით უნდა ამოესუნთქა, რომ ჩაავლეს: საქმრო, რომელიც მასთან შედარებით მომცრო ტანისაა, 19 წლის გოგოს დიდ, გორგოლაჭებიან ჩემოდანში ჰყავდა ჩამალული.
საქმროსთან გრძელვადიან პაემანზე მისულმა ქალმა თან დიდი ჩემოდანი მიიტანა. ადმინისტრაციამ ჩემოდანი გაჩხრიკა და ციხეში უპრობლემოდ შეატანინა – მასში პროდუქტები, ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის ნივთები იყო ჩაწყობილი. ციხის მესვეურებს არც ამხელა ჩემოდნის მოტანა გაჰკვირვებიათ მაინცდამაინც, რადგან ქალი საკმაოდ დიდი ტანის იყო.
როგორც ჩანს, ლიზავეტამ იფიქრა, რომ ჩემოდანს უკან დაბრუნებისას არ გაუჩხრიკავდნენ და, კაცმა რომ თქვას, მართალიც იყო: ციხის ადმინისტრაცია ქალს გაჩხრეკის გარეშეც გაუშვებდა, რომ არა ერთი გარემოება:
ზედამხედველებმა შეამჩნიეს, რომ ქალი, რომელმაც პაემანზე შესვლისას გორგოლაჭებიანი ჩემოდანი დაწესებულებაში მსუბუქად შეიტანა, უკანა გზაზე ოფლში იწურებოდა და უხერხულად იღიმებოდა, რაც გასასვლელთან მისი გაჩერებისა და ჩემოდნის გაჩხრეკისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
სამართალდამცველების ეჭვი უსაფუძვლო არ აღმოჩნდა: ჩემოდანში ოთხად მოკეცილი, ემბრიონის პოზაში მყოფი, წინდებისა და ტრუსის ამარა დარჩენილი ლიზავეტას საქმრო იპოვეს...
კომენტარი