„ლეღვომანიამ“ თბილისიდან რეგიონებში გადაინაცვლა: ქუთაისში სამი მოზარდი დაზარალდა
ლეღვის ფოთლების ნაყენის მოდა, როგორც ჩანს, თბილისიდან რეგიონებისკენ წარმატებით ინაცვლებს. რამდენიმე დღის წინ დამწვრობის დიაგნოზით მარტვილის რაიონიდან თბილისში გადმოყვანილი გოგონას კვალდაკვალ, მხოლოდ გუშინ ქუთაისში მსგავსი ხერხით დამწვრობის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.
ერთ-ერთმა გოგონამ, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ლეღვის ფოთლების ნახარშის გადავლება ამ მეთოდით გარუჯვის შესახებ მომზადებული სატელევიზიო სიუჟეტის შემდეგ გადაწყვიტა. მისი თქმით, ეგონა, რომ დანარჩენი დაზარალებულების დამწვრობის მიზეზი არა ზოგადად ნახარშის გამოყენება, არამედ ის იყო, რომ ისინი ტანზე ნახარშს ჯერაც თბილს ივლებდნენ, თვითონ კი ლეღვის ფოთლების ნახარში, დამზადების შემდეგ, მაცივარში საგულდაგულოდ გააცივა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაივლო. გოგონა გაკვირვებული დარჩა, როცა აღმოაჩინა, რომ სხეულის დამწვრობა მაინც მიიღო...
გორში კი მსგავსი შემთხვევის შედეგად 9 წლის გოგონა დაზარალდა: მან მშობლების შინ არყოფნით ისარგებლა, ლეღვის ფოთლები მოხარშა, ნაყენი ტანზე გადაივლო და თაკარა მზეზე გავიდა, რის შედეგადაც სხეულის 70 პროცენტიანი დამწვრობა მიიღო.
მედიკოსები კიდევ ერთხელ აფრთხილებენ სწარაფად გარუჯვის მსურველებს, რომ ლეღვის ფოთლების ნაყენი, სტაფილოს წვენი, ლუდი და სხვა მსგავსი, არაკოსმეტიკური საშუალებები გარუჯვის მიზნით არ გამოიყენონ.
ექიმები განსაკუთრებულ ყურადღებას ლეღვის ფოთლების ნახარშზე ამახვილებენ და აცხადებენ, რომ მისი გამოყენება არამარტო გარეგნობაზე და კანის მდგომარეობაზე აისახება უარყოფითად, არამედ, გარკვეულწილად, სიცოცხლისთვისაც საშიშია.
კომენტარი