გიორგი პაპუაშვილი პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავს
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით მიმართავს და მოუწოდებს, კანონის ფარგლებში გამოიყენონ უფლებამოსილება და მიიღონ სათანადო ზომები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ინდივიდუალურად მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომი საქმიანობის ხელშემშლელი ფაქტორების დროულად აღსაკვეთად. ამგვარმა ქმედებებმა განსაკუთრებით ორგანიზებული, კოორდინირებული და პერმანენტული ხასიათი მიიღო ბოლო პერიოდის განმავლობაში.
2014 წლის 11 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართული აქციის ფარგლებში გაკეთდა მუქარის შემცველი განცხადებები, რომლებიც უკავშირდებოდა უშუალოდ სასამართლოს საქმიანობას, აქციის მონაწილენი მოითხოვდნენ მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას, რა დროსაც ზიანი მიაყენეს სასამართლოს საკუთრებას. აღნიშნულზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ფორმით რეაგირება არ მომხდარა.
შემაშფოთებელია 2015 წლის 6 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან გამართულ აქციაზე ზოგიერთი პირის მიერ სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ გაკეთებული მუქარისა და ანგარიშსწორების შემცველი განცხადებები. „ზემოთ ხსენებული კანონდარღვევის ფაქტზე რეაგირების მოხდენის მოთხოვნით, 2015 წლის 7 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ წერილობით
მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ გიორგი ბადაშვილს და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ვახტანგ გომელაურს, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რაიმე ფორმით რეაგირება ამ შემთხვევაშიც არ მომხდარა, მიუხედავად იმისა, რომ წერილობითი მიმართვიდან უკვე გასულია 6 თვეზე მეტი”. - აღნიშნავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
წერილში აღნიშნულია იმ შემაშფოთებელი კანონსაწინააღმდეგო რეაქციების შესახებაც, რომელიც მოჰყვა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან განხორციელდა მიზანმიმართული ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოზე, მოსამართლეებზე და მათი ოჯახის წევრებზე. მოსამართლეთა საცხოვრებელ სახლებთან საპროტესტო აქციებს აწყობდნენ ადამიანთა ჯგუფები, ისროდნენ სხვადასხვა საგნებს მათი საცხოვრებლების მიმართულებით, მოსამართლეთა მიმართ გაკეთდა მუქარის შემცველი განცხადებები და ფიზიკური ანგარიშსწორების პირდაპირი მოწოდებები. „აღნიშნულ საკითხებზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბევრჯერ გაკეთდა განცხადება, მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტები დაგმეს საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა. ყოველივე ამის მიუხედავად, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მომხდარა“. – ხაზგასმით აღნიშნავს წერილში გიორგი პაპუაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე შეახსენებს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო წარმოადგენს კონსტიტუციური კონტროლის განმახორციელებელ უმაღლეს სასამართლო ორგანოს და, ამდენად, მისი თითოეული მოსამართლის რეპუტაცია, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებელი საქმიანობის უზრუნველყოფა სასამართლოსადმი ნდობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და, შესაბამისად, მისი საქმიანობის ეფექტურობის მნიშვნელოვანი წინა პირობაა: „სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოების დაცვა დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობაა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ განხორციელებული კანონდარღვევების ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აშკარა გულგრილობა და უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან აღნიშნული საკითხის რეაგირების გარეშე დატოვება ქმნის განცდას, რომ საქართველოს სახელმწიფო არღვევს მასზე დაკისრებულ მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვის კანონისმიერ ვალდებულებას. ყოველივე ეს ართულებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებელ და უსაფრთხო პირობებში საქმიანობას, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოში კონსტიტუციური მართლმსაჯულების სრულყოფილ განხორციელებას“. - აღნიშნავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.
კომენტარი