ათასკაციანი საპროტესტო მიტინგი ცეცხლის გახსნით დაშალეს - ცხინვალი რევოლუციის ზღვარზეა
13 ნოემბერს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებია დანიშნული. ამ თარიღამდე თვენახევრით ადრე ცხინვალში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. რუსული მედიასაშუალებებიც კი იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ გუშინ სამხრეთ ოსეთი „სახელმწიფო გადატრიალების“ ზღვარზე იყო და რომ ადგილობრივი ხელისუფლება სიტუაციას ვერ აკონტროლებს. „სამხრეთ ოსეთში თავისუფალი ჭიდაობა იწყება“, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „კომერსანტ.რუ“ და მიუთითებს, რომ ცხინვალში გუშინ, ლამის იყო, „ფერადი რევოლუცია“ დაიწყო.
სტატიის სათაური შემთხვევითი არ არის, რადგან ცხინვალში დაწყებული ვნებათაღელვა თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჯამბულატ თედეევს უკავშირდება. მისმა მომხრეებმა შეიტყვეს, რომ ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია „საპრეზიდენტო“ არჩევნებში მის დარეგისტრირებას არ აპირებდა და პარლამენტისა და ცესკო-ს შენობები ალყაში მოაქციეს.
მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თედეევის დაახლოებით ოცმა მომხრემ შენობაში შეღწევა და თავიანთი კანდიდატის რეგისტრაციის გაკონტროლება მოინდომა. რეგისტრაციის ვადა სწორედ გუშინ იწურებოდა და ამიტომაც, თედეევის მომხრეები ჩქარობდნენ. თუმცა, მათ შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს. შენობასთან შეკრებილები ხელჩართულ ჩხუბშიც ჩაებნენ: ე.წ. გენპროკურორს, კოკოითის ახლო ნათესავს, თეიმურაზ ხუგაევსა და მის თანმხლებ პირებს ეჩხუბნენ. ამის მიუხედავად, თედეევის მომხრეებმა შენობაში ვერ შეაღწიეს, რასაც მათი მხრიდან შუშების ჩალეწვა და შიგნიდან ჩაკეტილი კარის შემტვრევის მცდელობა მოჰყვა.
რამდენიმე წუთში მოედანზე ომონ-ის რაზმი გამოჩნდა. როგორც რუსული წყაროები იტყობინებიან, იმ დროისათვის „პარლამენტის“ შენობის წინ დაახლოებით ათასი კაცი იმყოფებოდა. ოსი ჟურნალისტი, ზაურ ფარნიევი წერს, რომ მოედანზე შეკრებილი ხალხის რაოდენობა უპრეცენდენტოდ დიდი იყო ცხინვალისთვის: „ხელისუფლების მომხრეები და მოწინააღმდეგეები მომიტინგეთა სხვადასხვა რაოდენობას ასახელებენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამდენი ადამიანი ცხინვალის ქუჩებში 2008 წლის შემდეგ არ გამოსულა, როცა რუსეთმა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა“. მომიტინგეები არც ომონელებს შეუშინდნენ და მათთან ჩხუბის დაწყების შემდეგ მილიციელები იძულებულნი გახდნენ, გამაფრთხილებელი ცეცხლი გაეხსნათ. დაღამებასთან ერთად მომიტინგეები თანდათან დაიშალნენ, მაგრამ, სავარაუდოდ, ამით ყველაფერი არ დასრულდება:
როგორც ცნობილი გახდა, წუხელ, გვიან ღამით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ცესკომ უარი უთხრა ჯამბულ თედეევს პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრირებაზე, რასაც, სავარაუდოდ, დღეს ახალი ვნებათაღელვა მოჰყვება - ცხინვალი რევოლუციის ზღვარზეა.
კომენტარი