ონში იუსტიციის სახლის მშენებლობა იწყება
დღეიდან ონში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყება, რომელსაც ტენდერით შერჩეული კომპანია „მშენ-ელექტრო სერვისი“ განახორციელებს. ამ ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 1 650 000 ლარი იქნება.
ონის იუსტიციის სახლი თანამედროვე ობიექტია, რომლისთვისაც 1700 კვადრატული მეტრის ნაკვეთი შეირჩა. ის შოვისკენ მიმავალ გზას დაამშვენებს. პროექტი ჰარმონიულად ესადაგება არსებულ გარემოს, ამასთან, ქმნის ინდივიდუალურ და გამორჩეულ სტილს არსებულ განაშენიანებაში. იუსტიციის სახლის ინტერიერი გადაწყვეტილია არსებული იუსტიციის სახლების სტილის დაცვით; ქორწინების სახლის, შეხვედრების ოთახისა და სასწავლო ცენტრის დიზაინი კი ინდივიდუალურია და გამოირჩევა საინტერესო არქიტექტურით, რომელიც შესაბამისობაშია შენობის საერთო არქიტექტურასთან. მისი არქიტექტორები არიან მიხეილ გიორგობიანი და მარინე ლაზაშვილი. მშენებლობა 9 თვეში დასრულდება.
ონში იუსტიციის სახლის მშენებლობა საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის რაჭაში ვიზიტისას გადაწყდა, სადაც ის ონის მაჟორიტარი დეპუტატის, თამაზ ჯაფარიძის, მიწვევით 2014 წლის 14 სექტემბერს იმყოფებოდა. მინისტრმა მაჟორიტარ დეპუტატსა და რაჭა-ქვემო სვანეთის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძესთან ერთად საქართველოს მთის საჭიროებებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ თანამედროვე სახელმწიფო სერვისები მხოლოდ დიდი ქალაქების მცხოვრებთათვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი. მაშინვე შეირჩა ადგილი და 2016 წლისათვის დაიგეგმა ონში იუსტიციის სახლის გახსნაც.
ონის გარდა, 2016 წელს დაგეგმილია იუსტიციის სახლის ახალი ფილიალების გახსნა ლაგოდეხში, მცხეთასა და ახალქალაქში; წელს კი ახალი იუსტიციის სახლები თიანეთში, ყაზბეგსა და ბორჯომში გაიხსნება.
იუსტიციის სახლის კონცეფცია სწრაფი და ეფექტური მომსახურების მიწოდებას წარმოადგენს. იუსტიციის სახლში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უწყებების სერვისები სისტემურად არის თავმოყრილი და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში მიიღოს 400-მდე მომსახურება. ამჟამად იუსტიციის სახლი საქართველოს მასშტაბით 14 ფილიალითაა წარმოდგენილი. ყოველდღიურად თბილისის, გორის, ოზურგეთის, გურჯაანის, თელავის, ქუთაისის, რუსთავის, ბათუმის, ყვარლის, მარნეულის, ახალციხის, ზუგდიდის, მესტიისა და ფოთის იუსტიციის სახლებში მომსახურებას 30 000-მდე მომხმარებელი იღებს.
კომენტარი