სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ყურანზე მოშარდვა გამოხატვის თავისუფლება იყო
სტრასბურგის სასამართლომ მუსულმანების რისხვისგან 30 წლის ბლოგერი იხსნა.
სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო ბლოგერი, რომელმაც მუსლიმების წმინდა წიგნი, ყურანი დაწვა და შემდეგ მასზე მოშარდა.
როგორც გამამართლებელ განაჩენშია აღნიშნული, ბლოგერი, ერნესტო როხას აბატე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში იქცეოდა, როდესაც მან 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის ინსცენირების დროს ყურანი გამოიყენა.
ბლოგერმა სოციალური ქსელების საშუალებით გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ტერორისტული ორგანიზაცია „ალ–ქაიდას“ მიერ აშშ–ში მოწყობილი ტერაქტის ინსცენირებაა ასახული. ვიდეოში ჩანს, როგორ ამოხია ყურანიდან ფურცლები აბატემ, მისგან თვითმფრინავები გააკეთა და ორ შამპანურის ჭიქას შეაჯახა. ჭიქები სიმბოლურად ნიუ იორკის ორი სავაჭრო ცენტრის შენობას წარმოადგენდა.
ამის შემდეგ, ბლოგერმა ქაღალდის თვითმფრინავები და ყურანი დაწვა და „ცეცხლის ჩაქრობის მიზნით“, აალებულ ფურცლებზე მოშარდა.
სტრასბურგის მეჩეთის მრევლმა და ადგილობრივმა ანტირასისტულმა ორგანიზაციამ 30 წლის აბატეს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ვიდეომასალა მიმართული იყო ტერორიზმის და არა მუსლიმური საზოგადოების წინააღმდეგ. თავად აბატემ განაცხადა, რომ ის უბრალოდ ერთობოდა.
რედაქტორის მინაწერი: სტატია ქვეყნდება, როგორც მომხდარი ფაქტის კონსტატაცია. რედაქცია აქედანვე ემიჯნება მის შესაძლო გამოყენებას ნებისმიერი აღმსარებლობის რელიგიური ექსტრემისტების მიერ და სტატიის ფორუმის კომენტატორებს სთხოვს, გამოიჩინონ სიფრთხილე კომენტარების წერის დროს.
კომენტარი