სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველმა 17–წლამდელებმა ინგლისის ნაკრები 1:0 დაამარცხეს (ვიდეო)

საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ინგლისის ნაკრები მიიღო და ანგარიშით 1:0 დაამრცხა. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ცოტა ხნის წინ დასრულდა. მატჩი ევროპის 17–წლამდელთა ასაკის ჩემპიონატის ციკლის ელიტრაუნდის შეხვედრებიდან იყო და ქართველებისთვის ამ გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

საქართველოს ნაკრებმა მატჩის ბოლო წუთებზე, საჯარიმო მოედნის მისადგომებიდან ძალიან ლამაზი და გააზრებული კომბინაცია გაითამაშა მას შემდეგ, რაც მარჯვენა ფლანგიდან აუტის მოწოდების უფლება მიიღო. გიორგი პაპუნაშვილმა დავით დარციმელიასთან გათამაშებული ერთი შეხების შემდეგ საჯარიმო მოედანზე შესვლა მოახერხა და ბურთი კარის მარჯვენა დაბალ კუთხეში გაგზავნა. ამ დროს მსაჯის მიერ დამატებული დრო მიმდინარეობდა.

ჯგუფის ბოლო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელები უკრაინელ თანატოლებთან 31 მარტს ჩაატარებენ. დღეს ჯგუფის კიდევ ერთი შეხვედრა ტარდება: უკრაინელები ესპანელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან

დღევანდელი გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი მოგება და ერთი ფრე დაუგროვდა და 4 ქულით ჯგუფში პირველ ადგილზეა. ერთი მოგებით, ერთი წაგებითა და სამი ქულით მეორე ადგილზეა ინგლისის ნაკრები, ესპანეთს ერთი თამაში აქვს ნათამაშევი და ერთი ქულა აქვს, ხოლო უკრაინამ ერთი თამაში წააგო და 0 ქულით ბოლო ადგილზეა. ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის და საქართველოს გასვლა უკრაინა–ესპანეთის მატჩის შედეგზე იქნება დამოკიდებული.

დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ამ შემადგენლობით იასპარეზა:

ადამია, კაკაბაძე, დვალი, ჭანტურია, სამხარაძე, ჭეჭელაშვილი (ცინცაძე, 77), პაპუნაშვილი, წილოსანი, ჯიქია (დარციმელია, 51), მზევაშვილი, გოროზია.
მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

ვიდეო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100