მიხეილ სააკაშვილი: "ამ კაბინეტიდან ამდენი კონკრეტული შედეგით ჯერ არ გამოვსულვარ"(ვიდეო)
ბარაკ ობამამ პრესასთან საუბარი იმის აღნიშვნით დაიწყო, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 20, ხოლო „ვარდების რევოლუციიდან“ 8 წელი გავიდა.
„ქართველებს შეუძლიათ, საოცრად ამაყები იყვნენ იმის გამო, რომ სუვერენულ და დემოკრატიულ ქვეყანას აშენებენ, რომელიც შეიძლება მოდელი გახდეს მთელი მსოფლიოსთვის, იამაყონ იმ პროგრესით, რაც მათმა ქვეყანამ განიცადა", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა, - „და ერთ-ერთი პირველი, რაც მე საუბრის დროს გავაკეთე, იყო ის, რომ მივესალმე იმ ინსტიტუციების დამკვიდრებას საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას. მომავალი თაობებისთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება იმ რეფორმებს, რომლებიც გატარდა, პირველ რიგში, ქვეყანაში წესრიგის დაცვის, პოლიციის რეფორმისა და უმცირესობათა უფლებების დაცვის კუთხით.
მისასალმებელია ის, რაც გაკეთდა და ჩვენ მოველით, რომ რეფორმები გაგრძელდება, მოველით რომ საქართველოში ჩატარდება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები.
განვიხილეთ ასევე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების საკითხები, განსაკუთრებით, ეკონომიკის სფეროში. შევთანხმდით, რომ დავიწყებთ დიალოგს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიღწევის კუთხით.
ვისაუბრეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზეც. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციაში. მე დავუდასტურე ბატონ პრეზიდენტს, რომ აშშ კვლავაც გააგრძელებს ნატოს წევრობისკენ საქართველოს მისწრაფების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის ის მოდელი, რომელიც საქართველოში მოქმედებს, სამაგალითოა მთელი რეგიონისთვის.“, - დასძინა ბარაკ ობამამ.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამერიკელ კოლეგას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ საქართველო პროგრესის გზით სვლას გააგრძელებს:
„მადლობას მოგახსენებთ იმ რეფორმების აღნიშვნისა და მხარდაჭერისთვის, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა. მე მინდა გითხრათ, რომ საქართველო არასდროს დაუბრუნდება რეტროგრადულ პოლიტიკურ გზას და მხოლოდ პროგრესის გზით ივლის. ქვეყანაში დაწყებული რეფორმები გაგრძელდება იმ არჩევნების შემდეგაც, რომელიც საქართველოში მალე ჩატარდება“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ბარაკ ობამასთან შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შეხვდა. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ობამასთან შეხვედრის შემდეგ, პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, ის ბევრჯერ ყოფილა ოვალურ კაბინეტში და მიუხედავად იმისა, რომ ყველა წინა შეხვედრა შედეგიანი იყო, არასდროს გამოსულა კაბინეტიდან იმდენი კონკრეტული შედეგით დატვირთული, რამდენითაც დღეს.
„თქვენ მოისმინეთ, რა განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-სთან ურთიერთობის ახალ საფეხურზე ადის თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. საუბარია არამხოლოდ ანტიტერორისტულ და სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობაზე, რომლებიც, თავისთავად, მნიშვნელოვანია, არამედ იმაზე, რომ საქართველო შექმნის უსაფრთხო, საკუთარ თავდაცვის სისტემას და ამაში აშშ დაეხმარება.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავება, რავ გულისხმობს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას, ეს კი წარმოუდგენლად დიდი სტიმული იქნება საქართველოს ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, რადგან აშშ-ს მსგავსი ხელშეკრულება მხოლოდ ახლო პარტნიორულ დამოკიდებულებაში მყოფ ქვეყნებთან აქვს გაფორმებული“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ვიდეო: აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების განცხადებები შეხვედრის შემდეგ (ორიგინალი)
კომენტარი