BBC, New York Times, Washington Post, Al Jazeera, Financial Times - რა წერს საერთაშორისო მედია სააკაშვილის დაკავებაზე
წამყვანი მსოფლიო მედია სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასა და დაკავებაზე წერს.
New York Times აღნიშნავს, რომ "სააკაშვილის დაბრუნება, ისევე როგორს მისი ხელისუფლებაში ყოფნის უმეტესი ნაწილი, მაღალი ფსონების მქონე პოლიტიკური თეატრის ატრიბუტებს შეიცავდა".
გამოცემა აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტი დასცინოდა საქართველოს მთავრობას, რომელსაც მისი პოლიტიკური მეტოქეები აკონტროლებდნენ, როდესაც მის დაბრუნებაზე მიანიშნებდა და სოციალურ ქსელებში თვითმფრინავის ბილეთის ფოტოს ავრცელებდა.
Washington Post-მა მიაქცია ყურადღება, რომ სააკაშვილის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური განხეთქილება გაამწვავა, რითიც "კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა კრიზისში აღმოჩნდა". მასალის ავტორის თქმით, "ინციდენტმა, შესაძლოა, მოსკოვის წისქვილზე წყალი დაასხას და თბილისი დასავლელი მოკავშირეებისგან დააშოროს".
Financial Times თვლის, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ისედაც სუფევს, რაც მმართველი "ქართული ოცნებისა" და სააკაშვილის პარტიას შორის ბრძოლაში გამოიხატება. სიტუაციას კი ამძიმებს ის, რომ ახლა უკრაინა თავისი მოქალაქის დაკავებისთვის განმარტებებს ელოდება.
Al Jazeera წერს, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება "მნიშვნელოვანი მომენტია", რადგან ყოფილი პრეზიდენტი ამის შესახებ წლებია საუბრობდა. "ახლა კი, როგორც ჩანს, მან კარტები მაგიდაზე გაშალა და იმედი აქვს, რომ ეს დაბრუნება, რაღაც ფორმით, ქართულ პოლიტიკაზე გავლენას მოახდენს, რომელიც ამჟამად ძალიან არასტაბილურია".
BBC წერს, რომ თავდაპირველად საქართველოს ხელისუფლება უარყოფდა ინფორმაციას, რომ 53 წლის სააკაშვილი ქვეყანაში შემოვიდა, თუმცა შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ "საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და ციხეშია გადაყვანილი".
კომენტარი