რომელი კლასის მოსწავლეებისთვის იქნება სავალდებულო სკოლაში პირბადის ტარება
მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, სკოლებში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის სველი წერტილების საკითხი და 15 თებერვალს სასწავლო პროცესის განახლებისთვის სრული მზადყოფნაა.
„როგორც მოგეხსენებათ, 15 თებერვალს სკოლებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში, დაწყებული მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება.
რაც შეეხება დეტალურ ინსტრუქციებს, ეს დღესვე დაურიგდება სკოლებს და ყველა სკოლას ექნება შეაბამისი კომუნიკაცია მშობლებთან. ეს დაიწყება უკვე ხვალიდან.
ყველაფერი კეთდება იმ კარგი დინამიკის შესანარჩუნებლად, რომელიც უკვე გვაქვს. ეს სასიხარულო ამბავია, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება. როგორც მოგეხსენებათ, თბილისის, რუსთავის და ქუთაისის გარდა, სკოლებში უკვე გაგრძელდა საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი. პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს და ამას შენარჩუნება სჭირდება. ამას ორშაბათს ემატება უკვე ქუთაისი, თბილისი, რუსთავი. უკვე ყველა სკოლაში საკლასო ოთახებში გაგრძელდება სასწავლო პროცესი და მთავარი აქ არის ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობა. ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში, ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა პრობლემა, მათ შორის სველი წერტილების საკითხები და სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი იქნება ზედმიწევნით დაცული. სკოლა აუცილებლად უნდა იყოს, არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ყველასთვის“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
კომენტარი