"ალბათ, სანთელი დარჩათ ანთებული" - წყალტუბოში, სანატორიუმში გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა
წყალტუბოში, სანატორიუმ "მეგობრობაში" გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ორი ქალბატონის ცხედარი, იმავე შენობაში, სხვა ოთახში გადაასვენეს.
ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, მეზობლების ვარაუდით, 70 წლმადე ასაკის ქალბატონებს ღამით სანთელი დარჩათ ანთებული. მათი თქმით, მოხუცებს, რომლებიც ძირითადად ერთად ცხოვრობდნენ, ერთ კვირაზე მეტია ელექტროენერგია გათიშული ჰქონდათ."ღამის სამი საათი იქნებოდა, სახანძროს ხმამ გაგვაღვიძა. გარეთ რომ გამოვედით, ორივე დამწვარი იყო უკვე. თავიანთი ოთახები ჰქონდათ, მაგრამ აფხაზეთიდან მოყოლებული მეზობლები იყვნენ და აქაც ერთად ცხოვრობდნენ. ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე გაუთიშეს დენი. 31-შიც არ ჰქონდათ. სანთელს ანთებდნენ საღამოობით და ალბათ დარჩათ", -ამბობს სანატორიუმის ერთ-ერთი მცხოვრები.
როგორც "ენერგო პრო ჯორჯიაში" ქუთაისიპოსტს განუცხადეს, მოხუცებს ელექტროენერგია დავალიანების გამო ჰქონათ გათიშული. გარდაცვლილთაგან ერთ-ერთს ოჯახის წევრები არ ჰყავდა, მეორეს კი ორი შვილიშვილი დარჩა.
ყოფილი სანატორიუმის შენობაში 25-დე დევნილი ოჯახი
ცხოვრობს.
კომენტარი