ადიზესის ინსტიტუტის სემინარი „როგორ განვახორციელოთ ეფექტური ცვლილებები კომპანიაში“
5 იანვარს, 11:30 საათზე, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია” (მის: თბილისი, წერეთლის 118, III პავილიონი) ადიზესის ინსტიტუტის ორგანიზებით, გაიმართება სემინარი თემაზე „როგორ განვახორციელოთ ეფექტური ცვლილებები კომპანიაში”.
სემინარს გაუძღვება ადიზესის ინსტიტუტის წამყვანი სერტიფიცირებული კონსულტანტი სტანისლავ კრაუზე.
საკონსულტაციო კომპანია „ჯეპრა“ აძლევს შესაძლებლობას კომპანიების საშუალო ან მაღალი დონის მენეჯერებს, რომელთაც სურთ ცვლილებები და ტრანსფორმაციის პროცესის მაქსიმალურად ეფექტიანად განხორციელება, დაესწრონ სემინარს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია თუ როგორ მოახდინონ ეფექტური ცვლილებები კომპანიაში და შეძლონ მათი მართვა.
სემინარის თემებია: ერთიანი მმართველობითი ტერმინოლოგიის დანერგვა, სხვადასხვა რგოლის მენეჯერების მართვის სტილის განსაზღვრა (PAEI), მძლავრი პოზიტიური ენერგიის შექმნა კომპანიაში ცვლილებების განსახორციელებლად და ტრანსფორმაციის პროცესის მართვა."ადიზესის ინსტიტუტის და მისი დამაარსებლის, ავტორიტეტული კონსულტანტისა და მრავალი ბესტსელერის ავტორის იცხაკ ადიზესის თეორიები პრაქტიკული დანიშნულებისაა და კონკრეტული კვლევებისა და მისი ხანგრძლივი საკონსულტაციო საქმიანობის შედეგია.
სემინარზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ თეორიული ცოდნა გაიღრმავონ პრაქტიკული მაგალითების თანხლებით, მათთვის საჭირბოროტო საკითხების დიაგნოსტიკა მოახდინონ და კონკრეტული გამოსავალი მოძებნონ არსებული მდგომარეობიდან. ცვლილებების მართვა, ტრანსფორმაციის პროცესის გაძღოლა, ურთიერთსინერგიული გარემოს ჩამოყალიბება კომპანიაში და მის გარეთ - ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რომელიც ყველა დონის მენეჯერისა თუ ბიზნესის მეპატრონის წინაშე დგას. აქტუალურია ეს პრობლემები საქართველოში, სადაც ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის შეფერხებას ობიექტურთან ერთად, ბევრი სუბიექტური ფაქტორი იწვევს", - სემინარის მნიშვნელობაზე საუბრობს ერთ-ერთი მასპინძელი, საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი."ზოგადად ცვლილება პოზიტიური ცნებაა – ის დაკავშირებულია წინსვლასთან, მოძრაობასთან, ინოვაციასთან, წარმატებასთან. თუმცა, იმისათვის რომ ორგანიზაციაში ცვლილების შედეგი ნამდვილად გახდეს წინსვლა და წარმატება, ცვლილებების პროცესს სჭირდება მართვა.
ადიზესის მეთოდოლოგია უნიკალურთან ერთად ინოვაციურია. ინდივიდები წარმოადგენენ ცვლილებების მართვის ბირთვს და ცვლილებების პროცესის წარმატებისათვის უმნიშვნელოვანესია, თუ როგორ რეაგირებენ ცვლილებებზე ეს ინდივიდები. ადიზესის მეთოდოლოგია მენეჯერების და ზოგადად თანამშრომლების ტიპების გამოყოფით და აღწერით, საშუალებას აძლევს კომპანიის მესვეურებს, სწორად განსაზღვრონ კომპანიის სასიცოცხლო ციკლის თითოეულ ეტაპზე გუნდის ლიდერებისა და თანამშრომლების ფუნქციების გადანაწილება. თქვენ შეგიძლიათ გაამარტივოთ და მოქნილი გახადოთ ადამიანური რესურსების მართვის პროცესი, მოახდინოთ კომპანიის სტრუქტურის ოპტიმიზაცია და გაზარდოთ კომპანიის შემოსავლები და მოგება.
ადიზესის მეთოდოლოგიის უპირატესობა თვალნათელია - აქცენტი კეთდება ფასეულობებსა და მისიაზე, პროფესიონალ ადამიანებზე, მათ როლსა და ხედვაზე. არაფრისმთქმელი ციფრებისა და რიცხვების ნაცვლად, აქცენტი კეთდება დემოკრატიულ მართვაზე "უფროსის დაქვემდებარებულისადმი" აროგანტული დამოკიდებულების ჩანაცვლებისთვის, ნდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე, კორპორატიული კულტურისა და კეთილგანწყობილი გარემოს ჩამოყალიბებაზე.
მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცვლილებების ცვლადების ადრეულ ეტაპზე განსაზღვრას და სტრატეგიული მიმართულებების სტრუქტურირებულად დანახვას, ახალი შესაძლებლობების წარმოქმნისთვის. სემინარის წამყვანი ადიზესის ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელია, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე კონსულტაციების მიმართულებით.
ჩვენ ვეპატიჟებით ყველა დაინტერესებულ და მოტივირებულ პიროვნებას სემინარზე დასასწრებად", - განმარტავს საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას უფროსი კონსულტანტი თამარ მაჭავარიანი.
რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ბმულზე: http://georgia.adizes.org/
კომენტარი