სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აფხაზეთი: წინასაარჩევნო და პიკანტური დეტალები

წინასაარჩევნო სურათი აფხაზეთში საკმაოდ საინტერესო ვითარებას გვპირდება. თავისებურ პიკანტუობას ამ პროცესს არა თვით "პრეზიდენტობის" კანდიდატები, არამედ მათთან წყვილში არჩევნებში მონაწილე "ვიცე-პრეზიდენტი"-ს კანდიდატები სძენენ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ორი მათგანი ქალია, ხოლო ერთი "რეპატრიანტი"

უკვე ცნობილია, რომ არჩევნებში მუდმივი ოპოზიციონერის რაულ ხაჯიმბას მეწყვილე სეპარატისტული აფხაზეთის პირველი ლიდერის, აწ განსვენებული ვლადისლავ არძინბას მეუღლე, სვეტლანა ჯერგენია იქნება. გუშინ ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმმა, რომლის უპირობო ლიდერს ხაჯიმბა წარმოადგენს.

სოხუმში გავრცელებული დაუდასტურებული ინფორმაციის თანახმად, დღეისათვის ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრე ანქვაბთან წყივლში არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ამავე რეჟიმის "პარლამენტის" ვიცე-სპიკერი ირინა აგრბა. ბოლო დროს იგი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა სოფ.აიბგას საკითხის განხილვისას, რომელიც რუსულ-აფხაზური ურთიერთობების გამწვავების მიზეზი გახდა. გარდა ამისა, აგრბა ნარკოტიკების რეალიზაციისა და მოხმარებისათვის სასჯელის შემსუბუქების წინააღმდეგ გამოდიოდა.

და ბოლოს, "პრემიერ-მინისტრ" სერგეი შამბას არჩევნებში გვერდს წარმოშობით ბათუმელი, მარიონეტული რეჟიმში ახალგაზრდული პოლიტიკის საბჭოს ხელმძღვანელი შამილ არძინბა დაუმშვენებს. მათ უკვე შეიტანეს შესაბამისი განაცხადი საარჩევნო კომისიაში.

აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით დაზუსტებით უცნობია ანქვაბისა და აგრბას წყვილის ამბავი და სავსებით შესაძლებელია, ის შეიცვალოს. ამასთან უდავოა, რომ გარეშე დამკვირვებლებისათვის წინასაარჩევნო პროცესი საინტერესო ელფერს იძენს. აფხაზეთის რეალ-პოლიტიკაში ქალის როლის ამაღლების ფონზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკვე გაისმა ირონიული გამონათქვამები. კერძოდ, აფხაზეთში ხუმრობენ, რომ სრული დემოკრატიისათვის კარგი იქნებოდა პრეზიდენტის პოსტზე შვკანიანი აფხაზი ქალის კანდიდატურა დასახელებულიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100