სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეხის დაცემამ 11 ფერმერი და 18 ბავშვი მოკლა

მეხის დაცემის შედეგად ნიგერიაში 11 ფერმერი, ხოლო უგანდაში 18 ბავშვი დაიღუპა, - ამის შესახებ სააგენტო „ფრანს პრესი“ იტყობინება.

ნიგერიელი ფერმერები უამინდობის შემდეგ სადგომებს გარეთ დარჩენილი საქონლის ერთად თავმოყრის მცდელობას შეეწირნენ: წვიმისგან თავშეფარება მათ ერთი დიდი ხის ქვეშ ამჯობინეს, რომელსაც რამდენიმე წუთში მეხი დაეცა.

რაც შეეხება უგანდელ ბავშვებს, შემთხვევა დაწყებითი საშუალო განათლების სკოლაში, ქალაქ რუნიანიაში მოხდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქს - კამპალას 225 კმ-ითაა დაშორებული.

სკოლას მეხი მაშინ დაეცა, როცა იქ რამდენიმე კლასში გაკვეთილები ტარდებოდა. საერთო ჯამში, 80 ბავშვი დაზიანდა. დაშავებულები ჰოსპიტალში სწრაფადვე გადაიყვანეს, მაგრამ 18 ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა: ისინი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალნენ.

აფრიკაში წვიმის სეზონი ეს-ესაა დაიწყო, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციები და აფრიკული მედიასაშუალებები მეხის დაცემის შედეგად დაღუპულთა შესახებ შემაშფოთებელ ცნობებს ავრცელებენ. მათი მონაცემებით, რამდენიმე დღეში მხოლოდ უგანდაში, მეხის დაცემის შედეგად უკვე 50 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ნიგერიაში ამ მიზეზით დაღუპულთა რიცხვი ორმოცს მიუახლოვდა. 100-ზე მეტმა ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა მიიღო და ჰოსპიტლებში მკურნალობენ.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100