სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რაჭაში დაკავებული ქართველები ოსურ მხარეს არ უცემია

შაბათს ონის რაიონში დაკავებული 10 ქართველი, რომლებიც სოფელ ღარში მდებარე სალოცავზე მეჯვარეობის აღსანიშნავად იყვნენ მისულნი და უკან დაბრუნებისას რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს, გაათავისუფლეს.

ოკუპანტებმა ქართველი ახალგაზრდები, სავარაუდოდ, მაშინ დააკავეს, როცა მათ უკან დაბრუნებისას, გზა აებნათ და კონფლიქტის ზონის მიმდენარე ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, სადაც რუსი ოკუპანტების პატრული მოძრაობდა.

ოკუპანტებმა ქართველები ოსურ მხარეს გადასცეს. ისინი ცხინვალში გადაიყვანეს,“სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“ დაადანაშაულეს და საკნებში გადაანაწილეს. მოგვიანებით რამდენიმე მათგანს ოჯახთან ტელეფონით დაკავშირების საშუალება მისცეს და პირადობის მოწმობასთან ერთად, ახლობლებს ჯარიმის თანხაც მოატანინეს, რის შემდეგაც გაათავისუფლეს.

დაკავებულები ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს, რის შემდეგაც ისინი საკუთარ სახლებს დაუბრუნდნენ. ქართველები აცხადებენ, რომ არც რუს ოკუპანტებსა და არც ოსური ე.წ. მილიციის წარმომადგენლებს მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ.

დაკავებული ქართველების უპირობო გათავისუფლება ქართულმა მხარემ არაერთხელ მოითხოვა. მათი გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში საერთაშორისო ორგანიზაციებიც იყვნენ ჩართულნი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100