სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უსუფაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჰიუ ბეილის შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჰიუ ბეილის შეხვდა, სადაც მოახლოებულ უელსის სამიტსა და მასთან დაკავშირებული საკითხებზე, ასევე, ნატოს წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმაბებაზე ისაუბრეს. დავით უსუფაშვილის თქმით ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობა უმეტეს შემთხვევაში მაღალ დონეზეა, მაგრამ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

„ჩვენი მზერა მიპყრობილია ნატო-ს სამიტისაკენ, რომელიც სექტემბერში უელსში გაიმართება. დღევანდელი მსჯელობა სწორედ ამ მოვლენას შეეხო. გვაქვს ურთიერთგაგება, რომ უელსის სამიტზე მიღებულ უნდა იქნას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რაც საქართველოს უსაფრთხოებას და ნატო-ს, როგორც მშვიდობისა და სტაბილურობის დამცველის პოზიციას გააძლიერებს. ჩვენ შევთანხმდით, რომ გადაწყვეტილების შინაარსი უნდა იყოს ძალიან მკაფიო გზავნილი ყველასათვის, რომ პროცესი გრძელდება და გრძელდება წარმატებით“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო იყო და არის მზად, როგორც რეგიონის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, საკუთარი წვლილი შეიტანოს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

„ასამბლეის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს საქართველოში ჩამოვიდნენ მრავალი წელია ჩვენი ქვეყნის მეგობრები არიან. მათი დიდი დამსახურებაა ის, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც საქართველოს დელეგაციაც არის წარმოდგენილი, ყოველთვის ატარებდა ძალიან თანმიმდევრულ პოლიტიკას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ცოტა ხნის წინ მიღებულ დეკლარაციაში მათ მკაფიოდ აღნიშნეს, რომ ნატო ელოდება საქართველოს, როგორც მომავალ წევრს და რომ ეს პროცესი გრძელდება და მას ვერავითარი სხვა მოვლენა, მოთამაშე, სახელმწიფო თუ პოლიტიკური ძალა, ხელს ვერ შეუშლის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერება მხოლოდ სიტყვებითა და განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს. საჭროა გადაიდგას პრაქტიკული ნაბიჯები, რაც საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებს და დააახლოებს მას ნატო-სთან, - აღნიშნული განცხადება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ჰიუ ბეილიმ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ნატო-ს უელსის სამიტზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი რეგიონში რუსეთის მხრიდან შექმნილი საფრთხე იქნება. სტუმარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უსაფრთხოების გამყარებაში. გულწრფელად მივესალმები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას. ეს ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდაუვალია, რომ კითხვები ისმება ნატო-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებით. რეგიონში რუსეთის აგრესია იქნება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც იმის საპასუხოდ განიხილავენ, თუ როგორი იქნება ნატო-ს რეაქცია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე და როგორ უნდა გააქტიუროს ნატო-მ თანამშრომლობა ქვეყნებთან, რათა მოხდეს საფრთხეების თავიდან აცილება. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიები ერთსულოვნად აცხადებენ, რომ საქართველოს მისწრაფება არის ნატო-სკენ. სწორედ მათი არგუმენტების საფუძველზე ჩვენ ამ გაზაფხულზე მივიღეთ რეზოლუცია, რომლითაც ნატო-ს საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისკენ მოვუწოდეთ. ნატო-ს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაძლიერდეს ნატო-სა და საქართველოს თანამშრომლობის პროცესი. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვები და მხოლოდ განცხადებები. უნდა გადაიდგას შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯები, რაც საქართველოს უსაფრთხოებას გააძლიერებს და დააახლოებს მას ნატო-სთან", - განაცხადა ბრიფინგზე ჰიუ ბეილიმ და აღნიშნა, რომ ნატო-სკენ საქართველოს მისწრაფების საქმეში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს გვერდით დგას.

დავით უსუფაშვილმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და მთელ დელეგაციას. „დარწმუნებული ვარ, თქვენი მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. სანაცვლოდ, საქართველო ყოველთვის იყო და იქნება მზად თავისი წვლილი შეიტანოს მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენს რეგიონსა და მთელ მსოფლიოში ისე, როგორც ამას დღემდე ვაკეთებდით. ეს ჩვენი საპატიო მოვალეობაა და იმ დახმარების სანაცვლოდ, რასაც ჩვენ ნატოსგან და ნატოს წევრი სახელმწიფოებისან ვგრძნობთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100