ახალი “დამოკლეს მახვილი” ივანიშვილის თავზე
ახალი “დამოკლეს მახვილი” ივანიშვილის თავზე-პოსტი ამ სათაურით ერთ-ერთ ქართულ ბლოგზე დღეს, 21 მარტს გამოქვეყნდა. მასში ნათლადაა აღწერილი, საქართველოს პოლიტიკური რეალობა, სწორედ ამიტომ droni.ge აღნიშნულ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
და აი, მივადექით წერტილს, რომელისთვისაც კოალიცია “ქართული ოცნებაც” და ერთანი ნაციონალური მოძრაობა, დიდი ხანია, ემზადებოდა.
წერილში “ივანიშვილი კრემლში” ვწერდი: “მილიარდერ პრემიერს ძალიან აშინებს პრეზიდენტის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, დაითხოვოს კოალიცია “ქართული ოცნების” მთავრობა და დანიშნოს საკუთრი პარლამენტთან ანუ ბიძინა ივანიშვილთან შეუთანხმებლად. მაგრამ პრემიერ-მინისტრს ძალიან ეჩქარება მიხეილ სააკაშვილის “პოლიტიკურ გვამად” ქცევა სხვა მიზეზის გამოც: სხვაგვარად მას კრემლში არ მიიღებენ.”
ასევე წერილში “რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება” – რის ფასად?” ვწერდი: “რაც შეეხება საქართველოში რუსეთის ინტერესების დაკმაყოფილების მესამე ძირეულ ამოცანას – მოხდეს დემოკრატიული მმართველობის ეროზია, საბაზრო ეკონომიკის პრინციპები ჩაანაცვლოს სოციალისტურმა პრინციპებმა, ხოლო საზოგადოებაში იმძლავროს ანტილიბერალურმა ღირებულებებმა – ამ საკითხში გადამწყვეტი იქნება, მოაგროვებს თუ არა კოალიცია “ქართული ოცნება” პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას.”
საკითხის შინაარსობრივი ასპექტი ასეთი იყო: დარჩებოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, დაეთხოვა მთავრობა – მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა – და პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარედგინა მთავრობის ახალი შემადგენლობა.
კოალიცია “ქართული ოცნება” შიშობდა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციით გარანტირებული ეს უფლება დარჩებოდა და იგი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას დაითხოვდა, პარლამენტში დასამტკიცებლად ისეთ მთავრობას წარადგენდა, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობა (3-ჯერ) მხარს არ დაუჭერდა. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი შეძლებდა, თავად დაეკომპლექტებინა მთავრობა და ამ მთავრობით ემართა ქვეყანა საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
საქართველოს პრეზიდენტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო უმცირესობა დაჟინებით იმეორებდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ საკონსტიტუციო ნორმის გამოყენებას არ აპირებდა. ამას კოალიცია “ქართული ოცნება” პასუხობდა ირონიული განცხადებით – “ბიჭები ხართ და გამოიყენეთ” – და, პარალელურად, მუდმივად აქეზებდა საკუთარ ამომრჩეველს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის და მისი ცალკეული წევრების წინააღმდეგ.
(არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავარი პროკურორი არ აკეთებს განცხადებას “ორგანოებით ვაჭრობის შესახებ”, ვიდრე მყარად არაა დარწმუნებული ამგვარი ფაქტების უტყუარობაში. არჩილ კბილაშვილის მიერ მუდმივად და უაპელაციოდ ამგვარი განცხადებების კეთებას არაფერი საერთო კანონის დაცვასთან არ აქვს და ცალსახად ემსახურება საზოგადოების დაძაბვას და გაღიზიანებას.)
როგორიც არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკური ოპონენტების არგუმენტაცია, ფაქტია, რომ ჩვენ ვიდექით მართლაც გზაგასაყარზე: ან ამ ქვეყანაში მთავრობა (რომელიც არ უნდა იყოს) ეჩვევა მართვას ისე, რომ მას ჰყავს ძლიერი და ანგარიშგასაწევი ოპოზიცია, ან არჩევნების გზით მოსული მთავრობაც კი (აღარაფერს ვამბობ სისხლიანი სამოქალაქო ომისა თუ მშვიდობიანი რევოლუციის შედეგად მოსულ მთავრობებზე) ისუფთავებს მის გარშემო სივრცეს – იქვემდებარებს სასამართლოს, სპობს პოლიტიკურ ოპოზიციას, ზღუდავს მედიას – და იწყებს მართვას “სუფთა” ფურცლიდან.
რა თქმა უნდა, არაა ადვილი მართო ქვეყანა და შეასრულო უხვად დარიგებული წინასაარჩევნო დაპირებები იმ ვითარებაში, როცა შენი პოლიტიკური ოპონენტი ჯერ აკონტროლებს ადგილობრივი თვითმმართველობების ნაწილს, ხელთ აქვს გუბერნატორების და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის ინსტიტუტი.
დიახ, ასე მართვა ადვილი არაა, მაგრამ ის დემოკრატია, რომლითაც “ევროპა უნდა გავაოცოთ”, სწორედ ამას გულისხმობს: თან საქმის კეთებას და თან მუდმივ პოლიტიკურ დებატებში ყოფნას საიმისოდ, რომ საზოგადოებას იმის არსი აუხსნა, რასაც აკეთებ.
მიხეილ სააკაშვილის “პოლიტიკურ გვამად” ქცევის შიდარევანშისტული ოცნება და ასევე რუსეთის სერიოზული ინტერესი რომც არ ყოფილიყო, მილიარდერს, რომლისთვისაც ცხოვრებაში სიტყვა არავის შეუბრუნებია, ბუნებრივია, მეტი კომფორტისათვის სჭირდებოდა, თუკი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან მუდმივი ოპონირების რეჟიმში არ მოუწევდა ოპერირება (“საქმის კეთება”-თქო ჯერ ვერ ვწერ, რადგან საქმე ჯერ არ გვინახავს.)
ამიტომ ნათელია, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიან უნდოდა, თავიდან მოეცილებინა “დამოკლეს მახვილი”. ეჭვი მეპარება, ქართული საზოგადოება ვერ აცნობიერებდეს, მისთვის რამდენად უპრიანი იქნებოდა ისეთი მთავრობის ყოლა, რომელსაც გარვეული შეზღუდვების პირობებში, თუნდაც თავზე “დამოკლეს მახვილით”, მოუწევდა საქმიანობა.
ერთი შეხედვით, ბიძინა ივანიშვილს წუხელ ეს “დამოკლეს მახვილი” მოეხსნა. მაგრამ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან სერიოზული ლეგიტიმაცია მოიპოვა ქართველი ამომრჩევლის თვალში. მან აჩვენა, რომ არც ისეთი ირაციონალური ძალაა, როგორც ამას უკვე წლებია (ზოგიერთი 2003 წლის 23 ნოემბრიდან მოყოლებულიც კი), დღევანდელი უმრავლესობის აშკარად რეტროგრადული და რევანშისტული ნაწილი უკიჟინებს ქართველ ამომრჩეველს.
იმავდროულად, სულაც არაა გარანტირებული, რომ ამიერიდან ბიძინა ივანიშვილი და კოალიცია “ქართული ოცნება” კონსტრუქციულობას დაუფასებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და არ შეეცდება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობების შეცვლას, ანდა ხელს აიღებს იმაზე, რომ პროკურატურაში დაკითხებზე ატარონ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ათიათასობით აქტივისტი.
მაგრამ ასეთ პოლიტიკურ ბრძოლაში მნიშვნელოვანია მორალური უპირატესობა, რომელსაც საზოგადოების თვალში პოლიტიკური ძალა მხოლოდ კონსტრუქციულობით იპოვებს. ამასთან, ამიერიდან საფუძველს მოკლებული ხდება მილიარდერი პრემიერ-მინისტრის დღემდე ყველაზე ძლიერი არგუმენტი: რომ არა სააკაშვილი და მის ხელთ არსებული ეს კონსტიტუციური ნორმა, აქამდე ოქროს კოშკებს აგიგებდით.
ამიერიდან, როცა მიხეილ სააკაშვილის “მთავარი იარაღი” განეიტრალებულია (და განეიტრალებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თანხმობით), ბიძინა ივანიშვლს ერთადერთი საქმე რჩება: შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები. და ეს უფრო ძლიერი და ქმედითი “დამოკლეს მახვილია” მის თავზე, ვიდრე ის საკონსტიტუციო ნორმა, რომლის გამოყენებას საქართველოს პრეზიდენტი ან არ აპირებდა (ერთიანი ნაციონალური კოძრაობის ვერსიით), ან ვერ შეძლებდა (კოალიცია “ქართული ოცნების” ვერსიით).
ზემოთ უკვე აღვნიშნე, რომ ისეთი კონსტიტუციური ნორმის გამოყენება, როგორც მთავრობის დათხოვნაა, მოწმენდილ ცაზე არ ხდება. ეს რომ ასე ხდებოდეს, მაშინ ქვეყნის მართვას მხოლოდ იურისტები ეყოფოდა და პოლიტიკა და პოლიტიკოსობა საჭირო არ იქნებოდა. შესაბამისად, ყველა ასეთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ნორმის გამოყენება დამოკიდებულია პოლიტიკურ ამინდზე და იმაზე, ჩაითვლება თუ არა ნორმის გამოყენება ლეგიტიმურად.
იმ პირებებში, როცა კოალიცია “ქართულ ოცნებას” აქვს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის მხარდაჭერა და, ამავდროულად, მოქმედებს პრინციპი – ჯერ სულ რაღაც 6 თვე გავიდა და ვაცადოთ, საქართველოს პრეზიდენტისათვის პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა საკონსტიტუციო უფლების გამოყენება და მილიარდერი პრემიერ-მინისტრის მთავრობის დათხოვნა.
(ვფიქრობ, გუშინდელი დღის იმგვარად დასრულებაში, როგორც დასრულდა, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია დავით ბაქრაძის სიტყვებმა, რომ თუკი საქართველოს პრეზიდენტი გამოიყენებდა აღნიშნულ კონსტიტუციურ უფლებას, მისი ადგილი მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდში აღარ იქნებოდა.)
შესაბამისად, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე ერთი შეხედვით სამართლებრივ ჭიდილს პოლიტიკური მხარეც აქვს: მნიშვნელოვანია, რომელი მხარე დარჩება “გამარჯვებული” და ვინ განაცხადებს ლეგიტიმურობაზე პრეტენზიას, როცა ხალხის მხრიდან “ვაცადოთ” საუბარი სულ უფრო და უფრო შესუსტდება.
სწორედ ამ თვალსაზრისით ვამბობ, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან სერიოზული ლეგიტიმაცია მოიპოვა ქართველი ამომრჩევლის თვალში. რა თქმა უნდა, დღეს კოალიცია “ქართული ოცნების” რადიკალურად განწყობილი ამომრჩევლისათვის საპარლამენტო ოპოზიციის კონსტრუქციული ნაბიჯი არაფერს ნიშნავს.
სამაგიეროდ, მომდევნო თვეების განმავლობაში, როცა ამომრჩევლისათვის მნიშვნელოვან კონკრეტულ საკითხებზე მოხდება პოლიტიკური დებატების კონცენტრაცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი კონსტრუქციულობა გახდება ის ახალი “დამოკლეს მახვილი” მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის თავზე, რომლის მოცილებას უკვე მხოლოდ საპარალემენტო დებატები, სარეიტინგო კენჭისყრება და უსუფაშვილი-ბაქრაძის ტანდემის კონსტრუქციული მოქმედება აღარ ეყოფა.
(წყარო: http://sapere8aude.wordpress.com/2013/03/21/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98/ )
კომენტარი