„ჩემი საქართველო“ ბიძინა ივანიშვილს ძმის მეშვეობით ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩემი საქართველოს“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი ელისო კილაძე ფიქრობს, რომ საკაბელო კომპანია „გლობალ TV“-ს ახალი ინიციატივა ანტენების უფასოდ დარიგება და 9 წლიანი განვადებით დამონტაჟება ამომრჩევლის მოსყიდვაა.
გაზეთ „პრაიმ ტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ელისო კილაძე ამბობს, რომ პოლიტიკაში წასული ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის ძმის კომპანიის, „გლობალ TV“-ს ხელმძღვანელობა მოსახლეობას თავიდან ანტენების სრულიად უფასოდ დამონტაჟებას ჰპირდებოდა.
ეს კი, კილაძის აზრით, ამომრჩევლის პირდაპირი მოსყიდვა იქნებოდა. ამიტომ გადაწყვეტილება შეცვალეს და ანტენების მონტაჟი პირველ წელს უფასო იქნება, მომდევნო 9 წლის განმავლობაში კი აბონენტები თვეში 4 ლარს გადაიხდიან.
„ამ გრაფიკს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ესეც ამომრჩევლის მოსყიდვაა.
ფაქტია, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე ადამიანები მიიღებენ უფასო მატერიალურ დოვლათს ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიერ“, - განუცხადა ელისო კილაძემ „პრაიმ ტაიმს“.
თავად „გლობალ TV“-ს მარკეტინგისა და განვითარების მენეჯერი ზურაბ ბაზლიძე ამავე გამომცემლობასთან საუბრისას უარყოფს კომპანიაზე ბიძინა ივანიშვილის გავლენას. მისი თქმით, ამომრჩეველის არანაირ მოსყიდვაზე საუბარი არ არის.
კომენტარი