„ვისაც შეუძლია“ - სუს-ის შეფის პასუხი კითხვაზე, თუ ვინ უსმენს ივანიშვილის ცოლს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილის მეუღლის შესაძლო აუდიო ჩანაწერებზე პირველ კომენტარს აკეთებს.
კითხვაზე, თუ ვინ უსმენს ეკატერინე ხვედელიძეს, გრიგოლ ლილუაშვილმა თქვა: „ვისაც შეუძლია“.
„ჩვენი ტერიტორიიდან არ განხორციელებულა“,- განაცხადა ლილუაშვილმა "ტვ პირველის" კითხვის ასპასუხოდ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ეს "გაფრთხილებაა, რომ პროცესში ჩართულმა პირებმა „წითელი ზღვარი არ გადაკვეთონ“.
„ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს. ეს გაკეთდა პრევენციისთვის, იმ ადამიანების გაფრთხილებისთვის, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ თუ ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, შესაბამისი ღონისძიებები გატარდება. ეს იყო გაფრთხილება, რომ უფრო სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს. სუს-დან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსის შეტანას ყოველდღიურ, მშვიდობიან თანაცხოვრებაში“,- განაცხადა ლილუაშვილმა.
სკანდალური ჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილის ცოლი, ეკატერინე ხვედელიძე ქოუჩინგის რუსული კურსის დეტალებს არკვევს. youtube არხზე 16 ოქტომბერს გამოქვეყნდა. 6 წუთიანი მასალა Cyber Kmara-ს სახელით არსებულმა იმ ანგარიშმა გაასაჯაროვა, რომლის მიერ youtube-ზე ატვირთული 6-ივე ვიდეო ივანიშვილს უკავშირდება.
ვიდრე ფარული აუდიომასალა youtube არხზე გაჩნდებოდა, 2 საათით ადრე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა. სუსი წერდა, რომ პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, წინასაარჩევნოდ ჩანაწერებს გაავრცელებენ და მის გასაყალბებლად ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ.
კომენტარი