მიწისძვრამ ვაშინგტონის საკათედრო ტაძარი დააზიანა (ვიდეო)
გუშინ აშშ-ში მომხდარმა მიწისძვრამ მნიშვნელოვანი დაზიანება მიაყენა ვაშინგტონის საკათედრო ტაძარს . ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება.
ტაძრის პრესსამსახურის წარმომადგენლის, რიჩარდ ვაინბერგის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ერთ-ერთი სამრეკლოს სამი საყრდენი ბოძი ჩამოინგრა, მეოთხე კი - გაიბზარა. დაზიანებები საკათედრო ტაძრის სხვა ნაწილზეც აღინიშნება.
ვაშინგტონის საკათედრო ტაძარი აშშ-ის დედაქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. მისი სიმაღლე 91 მეტრია, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ტაძარი ბორცვზეა აშენებული, მისი ყველაზე მაღალი წერტილი ზღვის დონიდან 206 მეტრითაა დაშორებული. შენობა ვაშინგტონში ყველაზე მაღალი ნაგებობაა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვაშინგტონში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს ბიძგების სიმძლავრემ 5,8 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი ვაშინგტონიდან 92 კილომეტრის დაშორებით, ვირჯინიაში მდებარეობდა. კონგრესის შენობიდან და პენტაგონიდან თანამშრომელთა ევაკუაცია განხორციელდა. "სი-ენ-ენ"-ის ინფორმაციით კი, ნიუ-იორკში, სადაც ასევე იგრძნობოდა მიწისქვეშა ბიძგები, დროებით გაითიშა მობილური კავშირი. მანჰეტენის ნაწილში კი ევაკუაცია მოხდა. მიწისძვრის გამო შეწყვეტილი მუშაობა აეროპორტებმა რამდენიმე საათში განაახლეს.
ვიდეო: “ასოშიეტედ პრესის” კადრები, მიწისძვრის დროს თეთრი სახლიდან დაწყებული ევაკუაციის შესახებ.
კომენტარი