სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში კომისია იქმნებოდა, ბევრს მიაჩნდა, რომ ბრძოლა პოლიტიკურში უნდა გადაზრდილიყო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით უთანხმოება იყო“

კომიტეტის წევრები პოლიტიკური პარტიებისგან გამიჯვნის საკითხში ვერ თანხმდებიან. ნაწილი გამიჯვნის მომხრეა, გარკვეულ ჯგუფს კი ამასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება აქვს.

როგორც კომიტეტის წევრმა ირაკლი მამალაძემ განაცხადა, პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობისა და პროცესების პოლიტიკურ კონტექსტში გადარზრდის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობა მანამდეც იყო. მისივე თქმით კომიტეტმა საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო და პოლიტიკური პარტიებისგან გამიჯვნის განცხადებას გააკეთებს.

"ნაციონალურ მოძრაობასთან" ალიანსის თემასთან დაკავშირებით კომიტეტში იყო გარკვეული მსჯელობა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა თავისთვის იაქტიურონ და ჩვენ საზოგადოებრივ პლატფორმაზე დავრჩეთ. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენ განცხადების გაკეთებას ვგეგმავთ. ფაქტობრივად ყველა პოლიტიკურ პარტიას ვემიჯნებით და მათთან ერთად არანაირ საერთო გზებით ბრძოლას არ ვაპირებთ. ჩვენ რა თქმა უნდა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" კონსულტაციები გვქონდა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, თუმცა რაიმე სხვა სახის კონსულტაციებს მე პირადად გამოვრიცხავ. ნინო ბურჭულაძემ მწვავე ბრალდებები მოისმინა კაზრეთში ყოფნისას, საზოგადოებაშიც ჩნდება ამასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები და ამაზე უთანხმოებაა კომიტეტშიც. იქიდან გამომდინარე, რომ პარლამენტში კომისია იქმნებოდა, ბევრს მიაჩნდა, რომ ბრძოლა პოლიტიკურში უნდა გადაზრდილიყო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით უთანხმოება იყო", - განაცხადა მამალაძემ.

ნინო ბურჭულაძემ კი აღნიშნა, რომ საყდრისის დაცვის კომიტეტს ურთიერთობა არაერთ პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "თავისუფალ დემოკრატებთან" ჰქონდა, თუმცა მათ არცერთი მათგანი და არც კობა ნაყოფია არ აფინანსებდა.

"14 პოლიტიკურ პარტიასთან გვქონდა შეხვედრა დაახლოებით ერთი კვირის წინ, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს და ჩვენ სამომავლო ურთიერთობებზეც შევთანხმდით. რაც შეეხება პარლამენტში მოღვაწე ოპოზიციურ პარტიებს, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობას", ვინაიდან პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გადიოდა, არამარტო მათთან და "თავისუფალ დემოკრატებთან", უმრავლესობის დეპუტატებთანაც გვქონდა საუბრები. ჩვენ "ნაციონალური მოძრაობა" არ გვაფინანსებდა. რაც შეეხება ნაყოფიას მასთან საყდრისის დაცვის კომიტეტი კონსულტაციებზე არ დადიოდა, თუმცაღა მე ვიცი, რომ კომიტეტის წევრს ირაკლი მამალაძეს ჰქონდა მასთან შეხვედრა", - განაცხადა ბურჭულაძემ.

მან საყდრისის საბადოზე მომხდარ ინციდენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაპირისპირება არ გაუკვირდა, თუმცა მისთვის მოულოდნელი მწვავე აგრესია იყო, რომელიც კაზრეთის მცხოვრებლებმა და კომპანიის თანამშრომლებმა გამოხატეს.

„ჩვენ დროდადრო დავდივართ და ძეგლს ვუღებთ სურათებს და ვაფასებთ მდგომარეობას. არანაირ აქციას არ ვმართავდით. უცებ მოვიდნენ და ეს დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. არც მომისმინეს. მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ საყდრისის გადარჩენის კომიტეტს და პირადად მე საწარმოს მუშაობის შეჩერების შესახებ განცხადება არასდროს გამიკეთებია, რადგან ვითვალისწინებ იქ დასაქმებულ ადამიანებს და მათ ოჯახებს. ჩვენ ვითხოვთ კომისიის შექმნას და დამნაშავის დასჯას", - განაცხადა ბურჭულაძემ.

საყდრისის საბადოს თემაზე ყველასთან თანამშრომლობის სურვილს კომიტეტის წევრი დავით გულბანი გამოთქვამს. მისი თქმით, ის ადამიანებს პოლიტიკურ პარტიებად არ ყოფს და ყველასთან სათანამშრომლოდ მზადაა.

"კულტურული მემკვიდრეობა ყველა მოქალაქისაა განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა, მსოფლმხედველობისა და რელიგიისა. ვინც გამოხატა დაინტერესება, რომ ძეგლი გადაერჩინა, ჩვენ რა უფლება გვქონდა მათთვის ამა თუ იმ პარტიის წევრობისთვის გვეთქვა უარი. ისინი შესაძლოა მონაწილეობას იღებენ, როგორც პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ამ შემთხვევაში არიან რიგითი მოქალაქეები, რომლებიც თავისი უფლებების დაცვას ითხოვენ. ჩვენ უბრალოდ მათ ვუთხარით, რომ პოლიტიკურ ამბიციებს ნუ გადააყოლებთ ძეგლს და ამას დათანხმდნენ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყველა მოქალაქესთან ერთად ვისაც სურს თავისი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პირადად მე არ ვყოფ ადამიანებს პოლიტიკურ პარტიებად, არც რელიგიურად, არც სქესობრივად და ა.შ. მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, როგორიც იყო საყდრისი, მე პირადად ყველასთან სიამოვნებით ვითანამშრომლებ", - განაცხადა გულბანმა.

მისივე თქმით, ის საყდრისის დაცვის კომიტეტის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაეთანხმება.

რაც შეეხება პოლიტიკური პარტიებისგან კომიტეტის დაფინანსების საკითხს, გულბანი ბრალდების ავტორებს დოკუმენტების გამოქვეყნებას სთხოვს.

პოლიტიკური გავლენების გამო საყდრისის დაცვის კომიტეტი უკვე რამდენიმე თვეა, დატოვებული აქვს დავით ცინცაძეს. მისი თქმით, საყდრისის გადარჩენის შანსი რამდენჯერმე დაიკარგა და ცინცაძე ამას პოლიტიკურ გავლენებს უკავშირებს.

"კომიტეტს ჩამოვცილდი, რადგან "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან აქტიურობს და საყდრისის გადარჩენის შანსი ჩაშალა. მე მგონია, რომ ეს სპეციალურად გაკეთდა. ვეღარ ვურთიერთობდი ადამიანებთან. კომიტეტს წარმოადგენს რამდენიმე ადამიანი და როცა იქ ვიყავი ვთხოვდი, ყველა პოზიცია შეთანხმებული ყოფილიყო. ახლა იქ დარჩნენ ადამიანები, რომლებსაც არ ვენდობი და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა. კომიტეტს იყენებდნენ პოლიტიკური პირები პოლიტიკური ქულების დაწერაში და ამას "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს. შეიძლებოდა საყდრისის გადარჩენა, უცხოელებთან ერთად მომხდარიყო დიალოგი ხელისუფლებასთან, მაგრამ ეს რამდენჯერმე ჩაიშალა. კომიტეტი ჩამოყალიბდა 5 ათასი ადამიანისგან. ახლა რაღაც ბირთვი დარჩა და აცხადებს რაღაცას, მაგრამ ეს კომიტეტის სახელით ვერ გამოცხადდება, იმიტომ რომ არის უმრავლესობა, რომელიც ამ სიტუაციას არ ეთანხმება. ბევრ რამეს მე პირადად არ ვეთანხმები და პირიქით მგონია", - განაცხადა ცინცაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100