ჯულიან ასანჟი მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა
საიტ “ვიკილიქსის” დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი კვლავ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. სკანდალურად ცნობილი მეამბოხე მსოფლიოში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის მოწინააღმდეგეების, ანარქისტების, მემარცხენეების ან უბრალოდ, ადამიანის უფლებათა დამცველების მთელი არმიის კუმირად იქცა. ასანჟი ამჟამად დიდ ბრიტანეთში იმყოფება, ინტერვიუებსაც უხვად არიგებს და საზოგადობრივ ცხოვრებაშიც აქტიურად ჩართულია.
ჯულიან ასანჟმა, ამჯერად, ადამიანის უფლებათა დამცველებისაგან მშვიდობის პრემია მიიღო. ავსტრალიელებმა გადაწყვიტეს, რომ გაჭირვებაში არ მიეტოვებინათ თავიანთი დაუდგრომელი თანამემამულე და აქაოდა, აი, რა სახელოვანი კაცი გვყავსო, საკუთარი სამშობლოს მიერ დაწესებული ჯილდო დიდი ზარ-ზეიმით გადასცეს. დაჯილდოვების ცერემონია “ნისლიანი ალბიონის” დედაქალაქში გაიმართა. როგორც ცნობილია, იქ ასანჟი შვედეთში ექსტრადირებას ელის, სადაც მას ორი ქალბატონის გაუპატიურების ბრალდებას წაუყენებენ.
სიდნეის ფონდმა, რომელიც მშვიდობის პრემიას გასცემს, ოფიციალურად განაცხადა, რომ ეს პატივი წლის სკანდალურმა ადამიანმა გამოჩენილი ვაჟკაცობის და ადამიანის უფლებების დაცვისათვის დაიმსახურა. ოქროს მედლის გადაცემისას, ასანჟმა ერთხელ კიდევ აღნიშნა, რომ მედიის და ინტერნეტ-საიტების საქმეში ჩარევა დაუშვებელია. სამართლიანობისთვის “მებრძოლი რაინდის” თქმით, “ვიკილიქსი” კვლავ გააგრძელებს თავის საქმიანობას: პირველ რიგში, პორტალი ვალდებულია უსაფრთხოების სისტემა გააძლიეროს, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და ყოვლისშემძლე სპეცსამსაუხრების თუ სხვა ათასი მტერ-მოყვარის კიბერ-შეტევებისაგან თავი დაიცვას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, ინტერნეტ-საიტი “ვიკილიქსი”, რომელიც ცნობილი ამერიკული საიდუმლო ინფორმაციების გამოქვეყნებით გახდა, ნობელის მშვიდობის პრემიაზე შეიძლება წარადგინონ. ნორვეგიის პარლამენტის წევრმა სნორე ვალენმა, რომელმაც ეს გაბედული და ორიგინალური იდეა წამოაყენა, პროექტის ინფორმაციის თავისუფლებისათვის ბრძოლას გმირობის ტოლფასი უწოდა.
როგორც ცნობილია, ნობელის მშვიდობის ნომინანტები ბოლო დრომდე საიდუმლოდ რჩებიან, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს წესი არ მოქმედებს. მშვიდობის პრემიის ლაურეატი 2011 წლის ოქტომბრის დასაწყისში გამოცხადდება. ხოლო თუ ასანჟი ნობელიანტი გახდა, ექსპერტების თქმით, კიდევ უფრო გამძაფრდება ეჭვები იმის შესახებ, რომ ვირტუალურ დონ კიხოტსა და მსოფლიოს ზესახელმწიფოს შესაბამის სამსახურებს შორის ფარული კავშირი რეალურად არსებობს და ყველაფერი “ზემოთ” შეთანხმებულია. თუმცა, ეს ეჭვები, რა თქმა უნდა, დღესდღეობით, მხოლოდ ზოგადი ვარაუდის დონეზე რჩება.
კომენტარი