სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2016 წლის 25 მარტის მთავრობის სხდომა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 32 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი.

მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ რიგ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებული სპეციალური წესი, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა და ბევრ ადამიანს წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ქონების შეძენის პროცესში არსებულ პრობლემას გადაუჭრის. პირებს, რომლებმაც სახელმწიფოსგან 2010 წლის 21 ივნისამდე, ანუ „სახელმწიფო ქონების შესახებ" კანონის ძალაში შესვლამდე, შეიძინეს რაიმე სახის ქონება, შემდეგ მთლიანად, ან 80-პროცენტიანი შესრულებით (უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში), ან 50-პროცენტიანი შესრულებით (სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის შემთხვევაში) გადაიხადეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, მაგრამ დაარღვიეს ამ თანხის გადახდის სავალდებულო ვადები, მთავრობის კეთილი ნებით, შეეძლებათ მიიღონ საკუთრების მოწმობა და დაირეგისტრირონ შეძენილი ქონება.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს მთავრობას გამოუყოფს დაახლოებით 135 მლნ ევროს სესხს და 5 მლნ ევროს გრანტს. ეს თანხები მოხმარდება საინვესტიციო პროექტებს ენერგეტიკის, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით. გარდა ამისა, დაფინანსდება ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიცაა პროფესიული განათლება, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, მეტროლოგია, გარემოს დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება. ასევე, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) 40 მლნ. აშშ დოლარი სესხი დაუმტკიცა საქართველოს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტისთვის. პროექტი ხელს შეუწყობს მთავრობის სტრატეგიის განხორციელებას მომავალზე ფოკუსირებული, კონკურენტული და ინოვაციური ეკონომიკის ასაშენებლად.

პროექტის ფარგლებში საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში გაიხსნება ინოვაციების ცენტრები, სადაც მოსახლეობა დაეუფლება ტექნოლოგიების სფეროში სხვადასხვა პროფესიებს (პროგრამირება, დიზაინი, მეწარმული უნარები, მიკროელექტრონიკა), რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონებში ტექნოლოგიური ბიზნესის შექმნას და განვითარებას.

პროექტის ფარგლებში რეგიონებში გაიცემა გრანტები ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური ბიზნესების დასაფინანსებლად, დაიწყება ინოვაციების და ტექნოლოგიების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.

მთავრობის განკარგულებით, ფოკას და განძას გაზიფიცირება განხორციელდება. ბუნებრივ აირს ჯამში 600 ოჯახი მიიღებს. სამუშაოებს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" უზრუნველყოფს.

მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა ,,შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის კონცეფციისა და მისი განხორციელების 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმა, რომლის წარმატებით განხორციელების შემდეგ, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდება დასაქმების სერვისების ფართო სპექტრი. დადგენილების მიზანია ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის სრულყოფილი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობის შრომით ინტეგრაციაზე, პროდუქტიული დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების შესაძლებლობების გაზრდაზე. ასევე, ცვლილება შევიდა, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობის რეჟიმის დაცვისთვის საქართველოს მოქალაქე პაციენტისთვის ფულადი წახალისების ოდენობისა და გაცემის წესში, რომლის შედეგად, 2016 წელს პროგრამის ბიუჯეტი ითვალისწინებს თვეში 225 რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის ფულადი წახალისებით უზრუნველყოფას, 2015 წლის ბიუჯეტით კი მხოლოდ 150 რეზისტენტული ფორმის ტუბერკულოზით დაავადებული პირის ფულადი წახალისება იფარებოდა.

მთავრობამ დღეს ასევე დაამტკიცა ,,რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა", რომლის ღირებულება 360 000 ლარია. მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს შესაძლებლობა მიეცემათ, მოაწყონ არა მარტო რძის შემკრები პუნქტი და დიდი რაოდენობის მაღალხარისხიანი რძე მიაწოდონ რძის გადამმუშავებელ საწარმოებს, არამედ თავადვე გადაამუშაონ რძე და აწარმოონ ყველი. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, დამატებითი შემოსავალი მიიღონ წარმოებული საბოლოო პროდუქციისაგან.

ცვლილება შედის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აირბალონიანი მოწყობილობის განთავსების, ტექნიკურ მოთხოვნებთან მისი შესაბამისობის შეფასების და უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე განთავსებული აირბალონიანი მოწყობილობის შესაბამისობის შეფასების სავალდებულო შემოწმების ეტაპობრივ შემოტანას გულისხმობს. დადგენილების მიხედვით, სავალდებულო შემოწმების პირველი ეტაპი არაუგვიანეს 2017 წლის 1 იანვრისა უნდა ჩატარდეს.

მთავრობამ ასევე დაამტკიცა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და Kocks Consult GmbH, Consulting-ს(გერმანია) შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის - ხიდისთავი-ათენი-ბოშურის; თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის; ჭრებალო-ნიკორწმინდის და ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზების მონაკვეთების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100