კახა კალაძე დიდუბისა და დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა
კახა კალაძე დიღმის მასივისა და დიდუბის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს პროგრამული ხედვები წარუდგინა და მათი განხორციელების გზებზე ესაუბრა.
კახა კალაძის თქმით, დაგეგმილი პროექტების განხორციელება ცენტრალურ ხელისუფლებასთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით არის შესაძლებელი.
„საჭიროა ცენტრალურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რისი დიდი გამოცდილებაც მაქვს. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სიკეთეები დავნერგოთ და განვავითაროთ ჩვენი დედაქალაქი“ - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
ეკოლოგიური, სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული და სოციალური საკითხების განხილვის გარდა, კახა კალაძემ ხაზი გაუსვა საკუთრების დაკანონების პრობლემას. მისი თქმით, იმ ოჯახებს, რომლებიც ვერ გასცდნენ ბიუროკრატიულ ბარიერებს, მისი მერობის პირობებში აღნიშნული პრობლემა დროულად მოუგვარდებათ.
თბილისის მერობის კანდიდატი ქუჩის ბინადარი ცხოველების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ ჰუმანური მიდგომითაა შესაძლებელი.
კახა კალაძესთან ერთად მოსახლეობას შეხვდნენ საარჩევნო შტაბის უფროსი არჩილ თალაკვაძე, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ილია წულაია, ასევე, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატები თარაშ შურღაია და ვლადიმერ ძნელაძე.
კომენტარი