ოთარ შამათავა ახალ ფილმზე მუშაობს
რეჟისორი ოთარ შამათავა ახალ მხატვრულ ფილმზე „ურსუსი“ მუშაობს. ფილმი 30 წლის კინორეჟისორის, ნიკას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბერლინალეს კინოფესტივალზე „ოქროს დათვის“ მოპოვებაზე ოცნებობს. სამოქალაქო ომის დროს იგი ყველაფერს კარგავს. ნიკას დაჭრიან, მისი ფილმი დაიწვება, ცოლი კი მიატოვებს და სხვასთან წავა.
დეპრესიის დროს კინორეჟისორი ყოფილ კასკადიორს, ფომას გაიცნობს, რომელიც მოხუცებულ, დაავადებულ დათვს უვლის. მალე ბერლინის ზოოპარკიდან მოწვევა მოდის. მეგობრები დათვთან ერთად გერმანიაში გამგზავრებას გადაწყვეტენ, მაგრამ ამ დროს ცხოველს მთვრალი ჯარისკაცის ტყვია იმსხვერპლებს და ნიკა გადაწყვეტს თავად მოირგოს დათვის როლი. კინორეჟისორი სპეციალურად დამზადებულ კოსტიუმში გამოეწყობა და დათვად გარდასახული ფურგონში იკავებს ადგილს, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვარს კვეთს. ბერლინამდე შორი გზაა, წინ კი მეგობრებს ახალი ნაცნობები და საინტერესო თავგადასავლები ელით.
ფილმში მთავარ როლებს ნიკა თავაძე, ბოგდან ბენიუკი და დეტლეფ ბუკი ასრულებენ. „ურსუსი“ ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. საქართველოს გარდა იგი გერმანიის, უკრაინის და ბულგარეთის კოპროდუქციაა. ფილმი სამონტაჟო პერიოდშია და მას მაყურებელი მალე იხილავს.
კომენტარი