„გოგონამ კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზის ხატი: რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზთან ვიცეკვებო“
ეს სასწაული 1956 წელს
მოხდა ქალაქ
სამარაში და
,,ზოიას დგომის"
სახელითაა ცნობილი.
ცნობა მის
შესახებ მაშინვე
გასცდა ქალაქის
საზღვრებს. ახალი
წლის ღამეს,
31 დეკემბერს, ერთი
ღვთისმოსავი ქალის
შვილმა, ზოიამ,
დღესასწაულის აღსანიშნავად
თავისთან, სახლში,
მეგობრები დაპატიჟა.
დედა სთხოვდა,
შობის მარხვაში
არ არის
ხმაურიანი ლხინი
საჭიროო, მაგრამ
ზოია კომკავშირელი
იყო, ათეისტი,
და დედის
თხოვნას ყური
არ ათხოვა.
დედა საღამოს
ლოცვაზე წავიდა
ეკლესიაში, ხოლო
ქალიშვილი სტუმრებს
დახვდა.
წვეულებაზე
ყველა მოვიდა, ზოიას საქმროს გარდა, რომელსაც სახელად ნიკოლოზი ერქვა. ლხინისას საცეკვაო მუსიკა ჩართეს. ყველა დაწყვილდა, მხოლოდ ზოია დარჩა კენტად. განაწყენებულმა გოგონამ კედლიდან ჩამოხსნა წმინდა ნიკოლოზის ხატი: რაკი ჩემი ნიკოლოზი არ მოვიდა, ამ ნიკოლოზთან ვიცეკვებო. მიუხედავად კომუნისტურ-ათეისტური პროპაგანდისა, სტუმრებში მაინც აღმოჩნდა შიში და კრძალვა სიწმინდეების მიმართ – ისინი ეხვეწებოდნენ ზოიას, თავის ადგილზე დაებრუნებინა ხატი, მაგრამ გოგონამ უპასუხა: "თუ ღმერთი არსებობს, იგი დამსჯის!"
მოულოდნელად
საშინელი გრიალი გაისმა, ელვისებური შუქით განათებულ ოთახში კი ქარბორბალა დატრიალდა. შეძრწუნებული სტუმრები გარეთ გაცვივდნენ და ეზოში აღმოაჩინეს, რომ ზოია მათთან ერთად არ იყო – იგი ოთახში დარჩა, რადგან ვერ შეძლო ადგილიდან დაძვრა – მთელი სხეული გაუქვავდა და მარმარილოს ქანდაკებას დაემსგავსა. წმინდა ნიკოლოზის ხატი გულში ჰქონდა ჩაკრული.
სასწრაფო რომ გამოიძახეს, ექიმმა ნემსის გაკეთება სცადა, მაგრამ ზოიას ქვასავით სხეულზე ყველა ნემსის წვერი იღუნებოდა და ტყდებოდა. საავადმყოფოში გადაყვანა სცადეს, მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრეს – თითქოს იატაკს შეზრდოდა გოგონა. აღარც სმა შეეძლო, აღარც ჭამა, მაგრამ გული ძველებურად უცემდა. ეკლესიიდან დაბრუნებული დედამ შვილის დანახვისას გონება დაკარგა. იგი საავადმყოფოში წაიყვანეს, საიდანაც რამდენიმე დღეში გამოწერეს. მას შემდეგ შვილს აღარ მოსცილებია, მის გვერდით იყო და ღმერთს ცრემლებით სთხოვდა შვილის შენდობასა და გადარჩენას. ზოია კი ხმამაღლა ყვიროდა: "დედა, ილოცე! ცოდვებში ვიღუპებით! ილოცე!"
უამრავი ხალხი მოდიოდა მომხდარის სანახავად, მაგრამ ხელისუფლება რამდენიმე დღეში მოეგო გონს და სახლს დაცვა დაუყენა – მნახველებს აღარ უშვებდნენ დედა-შვილთან. მილიციელები ყოველ რვა საათში ერთხელ იცვლებოდნენ. მათგან ძალიან ბევრი 28-30 წლის ახალგაზრდა იყო. ზოიას ხმის გაგონებამ მრავალი მათგანი გააჭაღარავა.
გადიოდა დღეები. ვერავინ შეძლო ზოიას ხელებიდან წმინდა ნიკოლოზის ხატის გამორთმევა, მათ შორის, ვერც სპეციალურად მოწვეულმა სასულიერო პირებმა. შობას მღვდელმთავარი სერაფიმე მოვიდა, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო გადასახლებიდან.
მან ილოცა, ოთახი აკურთხა, ზოიას ხელიდან ხატი გამოართვა და თავის პირვანდელ ადგილს დაუბრუნა. შემდეგ კი ბრძანა: "ახლა დაველოდოთ უფლის ნიშანს, რომელსაც იგი მოგვივლენს დიდი დღესასწაულისათვის.
თუ ეს არ მოხდა, მაშ, ახლოს ყოფილა ქვეყნის აღსასრული!"
ხარების დღესასწაულის წინ ერთმა სათნო სახის მოხუცმა ითხოვა ზოიასთან შეშვება. ორჯერ უარით გაისტუმრეს, მესამედ კი შეუშვეს. ისიც გაიგონეს, როგორ ეკითხებოდა ზოიას: "რაო, მოგწყინდა დგომა?!" ელოდნენ. მოხუცი რომ აღარ გამოვიდა, თავად შეაკითხეს ოთახში, მაგრამ იქ ვეღარავინ იპოვეს. ეს თავად წმინდა ნიკოლოზი ეწვია სტუმრად განსაცდელში მყოფ ოჯახს.
ასე გაგრძელდა 128 დღე. იმ წელს აღდგომა ახალი სტილით 6 მაისს უწევდა. აღდგომის ღამეს ზოიამ განსაკუთრებულად
ხმამაღლა დაიწყო მოწოდება: ,,ილოცეთ! ილოცეთ!" მორიგე მილიციელებმა მის საცოდაობას ვეღარ გაუძლეს და ჰკითხეს: ,,ასეთი საშინელი ხმით რატომ ყვირი?" და პასუხად მიიღეს: ,, საშინელი ცეცხლით იწვის დედამიწა! ილოცეთ! მთელი დედამიწა ცოდვებში ინთქმება! ილოცეთ!"
ამ დროს უეცრად მოეშვა მისი სხეული, კუნთები მოუდუნდა და დაეცა. გოგონა საწოლში დააწვინეს, მაგრამ ის მაინც განუწყვეტლი სთხოვდა ყველას, ელოცათ ცოდვებში ჩაფლული ქვეყნიერებისათვის.
გარშემო მყოფნი ეკითხებოდნენ, რით არსებობდა ამ ხნის განმავლობაში, ზოია კი პასუხობდა: "მტრედები, მტრედები მაწვდიდნენ საკვებს!" განცდილი იმდენად მძიმე იყო, რომ ქალიშვილი აღდგომიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
მომხდარმა
შეძრა მთელი ქალაქი: მოუნათლავები მოინათლნენ. ვინც ჯვარს არ ატარებდა, ყველამ ტარება დაიწყო – ეკლესიებში მსურველთათვის ჯვრები არ ჰყოფნიდათ. უამრავმა ადამიანმა თქვა აღსარება, ეზიარა და ეკლესიური ცხოვრება დაიწყო. ხალხი ცრემლებით ითხოვდა შენდობას და თან ზოიას სიტყვებს იმეორებდა: "დედამიწა იწვის! ცოდვებში ვიღუპებით! ილოცეთ!"
ზოიას დგომა 128 დღე გაგრძელდა. ამ უდიდესი სასწაულის თვითმხილველთაგან
ზოგიერთი ახლაც ცოცხალია და ადასტურებს მომხდარს.
კომენტარი