"სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, ორის გამოყვანა შევძელი" - დევი მეზურნიშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე
ვაკის პარკის მებაღე, დევი მეზურნიშვილი, რომელიც შადრევანში მოზარდების გადასარჩენად შევიდა, მომხდარს იხსენებს. "სამივე ბავშვი უგონოდ იყო ჩაძირული წყალში, უგონო მდგომარეობაში. ორის გამოყვანა შევძელი, სადამდეც გამიძლო ალბათ თვითონ ორგანიზმმა დენის გამო. სამწუხაროა, რომ მესამე ბავშვი ვერ გადარჩა. ნეტა ისიც გადარჩენილიყო და არ მომხდარიყო ეს ამბავი. პირველი დახმარება მე მომიწია, ხალხიც უამრავი იყო, ყველა ცდილობდა მის დახმარებას, სასწრაფოც მალევე მოვიდა და მერე მათ გააგრძელეს ბავშვების დახმარება", - ამბობს დევი მეზურნიშვილი "ფორმულასთან“. ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.
კომენტარი