ინტერვიუ კურტ ვოლკერთან - რა გავლენა ექნება კომუნიკაციების კანონს საქართველოს ბიზნესკლიმატზე?
ივლისში პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელი პირისთვის სპეციალური მმართველის დანიშვნას ითვალისწინებს. კანონპროექტის განხილვა დაჩქარებული წესით, ხმაურიანი საკომიტეტო მოსმენების ფონზე წარიმართა.
აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, დიპლომატი კურტ ვოლკერი BMG-სთან საუბარში ამბობს, რომ კომუნიკაციების სექტორში მიღებულ ახალ რეგულაციებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატის დაზიანების პოტენციალი აქვს. ვოლკერის თქმით, არსებობს შეფასება, რომ დაჩქარებული წესით ამ კანონის მიღების მიზანს კონკრეტული კომპანიის - “კავკასუს ონლაინის” სანქცირება წარმოადგენდა.
კურტ ვოლკერი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ “კავკასუს ონლაინის” ახალი მეწილე NEQSOL ჰოლდინგი ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას გეგმავს, რის შედეგადაც შეიქმნება ერთიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, რომელიც ევროპას ცენტრალურ აზიასთან დააკვშირებს. ვოლკერის თქმით, ამ პროექტის განხორციელება საქართველოს ინტერესში უნდა შედიოდეს, თუმცა ახალი რეგულაციის სახით მიღებული ცვლილებები არამხოლოდ ამ პროექტის განვითარებას, არამედ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
“ვფიქრობ, რომ მიღებულ ცვლილებას ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის დაზიანება შეუძლია და, რომ ინვესტორები ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას. ერთი საკითხია უშუალოდ ამ კანონის მიღება, ხოლო მეორე კი რეტროაქტიულად მისი გამოყენება იმ ტრანზაქციების წინააღმდეგ, რომლებიც წარსულში განხორციელდა,”- განაცხადა კურტ ვოლკერმა.
ინტერვიუ კურტ ვოლკერთან:
- არაერთი მოსაზრება გამოითქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ის საკანონმდებლო პროცესი, რაც კომუნიკაციების სფეროში ახალი რეგულაციის მიღებას უძღვოდა წინ იყო მოტივირებული კომპანია “კავკასუს ონლაინისა” და მისი ახალი მეწილის წინააღმდეგ. გაქვთ თუ არა თქვენც მსგავსი შეფასება?
- შემიძლია გითხრათ, რომ აშკარა იყო, რომ პროცესი ნაჩქარევად წარიმართა, რაზეც არაერთი ფაქტორი, მათ შორის გვიან ღამით გამართული საპარლამენტო განხილვაც მეტყველებს. რაც შეეხება მის უკან მდგარ მოტივაციებს, მათთან მიმართებით მე ვერ ვისაუბრებ. ამასთანავე მინდა ვთქვა, რომ თუ ეს საკანონმდებლო ცვლილება ერთი კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ არის მიმართული, ესეც საერთაშორისო ინვესტორებისთვის შეშფოთების საგანი შეიძლება გახდეს, რადგან საკითხი მათი ინვესტიციების დაცულობას ეხება. კანონი უკვე მიღებულია შესაბამისად ახლა მთავარი კითხვაა ის თუ რა მოხდება მომავალში.
- კავკასუს ონლაინის ახალი ინესტორი გეგმავს შექმნას ახალი ციფრული მარშრუტი ევროპას, კავკასიას და ცენტრალურ აზიას შორის და საქართველო ამ პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება. თქვენი აზრით ახალი ციფრული დერეფანის შექმნა რა გავლენას იქონიებს რეგიონის კომუნიკაციების სექტორზე?
- 12 წლის წინ საქართველო თავს რუსული აგრესიისგან იცავდა. ეს პერიოდი კარგად მახსოვს, ისიც მახსოვს თუ რა სახის ზეწოლა უძღვოდა მას წინ - ეს იყო რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების გამოძევაბა, ქართული ღვინისთვის ბაზრის დაკეტვა და სხვა სანქციები. ამ მხრივ ახალი მარშრუტის და ახალი დერეფნის შექმნა, რომელიც როგორც რუსეთს, ასევე ირანს უვლის გვერდს ჩემი აზრით საქართველოს ინტერესშიც უნდა შედიოდეს.
- აზერბაიჯანში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ბატონი მეთიუ ბრაიზა ფიქრობს, რომ რეგიონული ციფრული ჰაბის პროექტის განვითარების შეფერხება რუსული მხარისთვის შეიძლება იყოს ხელსაყრელი. რას ფიქრობთ თქვენ ამასთან დაკავშირებით?
- მიჭირს საუბარი იმის შესახებ თუ რა სახის მოტივაცია შეიძლება იდგეს ამ პროექტის შეჩერების მცდელობის უკან. ჩემი აზრით მისი განხორციელება თავად საქართველოს ინტერესშიც უნდა იყოს, რადგან ის ქმნის ციფრულ აბრეშუმის გზას, რაც საქართველოს ციფრული დამოუკიდებლობისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ პროექტის განვითარება ასევე თანხვედრაში უნდა იყოს ევროატლანტიკური საზოგადოების ინტერესებთან, რადგან ჩვენ დაინტერესებული ვართ ვიხილოთ საქართველოს სუვერენეტიტეტის განმტკიცება ყველა მიმართულებით.
სადავო ტრანზაქცია და დაჩქარებული წესით მიღებული კანონი
შეგახსენებთ, რომ კომპანია NEQSOL-მა 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიის 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც "კავკასუსითვის" მკაცრი სანქცია უნდა მოყოლოდა.
თავად
NEQSOL-ის
წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გარიგების საქმის კურსში იყო და არსებობდა შესაბამისი თანხმობაც იმის თაობაზე, რომ “კავკასუსის” მეწილეთა რიგებში ცვლილება განხორციელებულიყო.
საბოლოოდ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომისიას უფლებას აძლევს კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.
"კავკასუს ონლაინის" მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. ეს მაგისტრალი დღეს საქართველოს გლობალურ ინტერნეტთან წვდომისთვის ერთ-ერთი მთავარი არხია და თუ NEQSOL ჰოლდინგს მისი პროექტის რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა, ეს მაგისტრალი ცენტრალური აზიის რეგიონისთვისაც ინტერნეტის მიღების წყარო გახდება.
NEQSOL-სა და სახელმწიფოს შორის დავა ამ დრომდე
გრძელდება, კომპანია საკუთარი უფლებების დასაცავად საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთვის
მიმართვას არ გამორიცხავს.
კომენტარი