ეს არის ისტერია, შუბლის ძარღვის გაწყვეტა, „ქურდს, ქუდი ეწვის“ - პაპუაშვილი გახარიაზე
ეს არის ისტერია, ეს არის ის შემთხვევა, როცა „ქურდს, ქუდი ეწვის“ - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის შეთავაზებას, რომ მასთან დებატებში დაჯდეს.
პარლამენტის ტავმჯდოამრის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, ბევრი ჩავარდა ისტერიაში.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, გიორგი გახარია და მისი პარტია კომიკურობამდე არიან მისული.
მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყოფილ პრემიერს "შუბლის ძარღვი აქვს გაწვეტილი და რენეგატის გზაზეა შემდგარი".
„აბსოლუტურ ისტერიას ვხედავთ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა. ამ ისტერიიდან გამომდინარე ამ კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგი აქტიურადაა ჩართული, იქნება ეს, თავად „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფლანგები - „ლელოს“ თუ გახარიას პარტიის სახით. რაც შეეხება თავად გიორგი გახარიას და მის პარტიას, ვფიქრობ, უკვე კომიკურობამდეა მისული მათი აქტივობები, განცხადებებში, ქცევებში, სტილში, ტონალობაში აბსოლუტურად დამსგავსებული არიან რაღაც კომიკური ჟანრის მხატვრული, თუ მულტიფიკაციური ფილმის პერსონაჟებს. თავად საყურებლადაც კი აღარ არის მგონი საინტერესო.
სხვა დროსაც ვთქვი, ზოგადად, რენეგატის გზა, რთული გზაა, ეს ის გზაა, როცა შუბლის ძარღვი წყდება, ამ დროს, უკვე ბევრი რამის კადრება შეიძლება. ვინმე თუ დააკვირდება გიორგი გახარიას და აღწერს მის სახეცვლილებას, ვფიქრობ, კარგი აღწერა გამოვა, თუ რას ნიშნავს, შუბლის ძარღვის გაწყვეტა და რენეგატის გზაზე შედგომა. საბოლოო ჯამში, ასეთი პერსონაჟები იმით ამთავრებენ, რომ კომიკური პერსონაჟები ხდებიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
კომენტარი