სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ს ვიზებში ცვლილებაა – კოდი „GRZ“ „GEO“ -თი შეიცვალა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გამოვიდა ინიციატივით, რომ სახელწოდება „გრუზია“ „გეორგია“–თი შეიცვალოს. ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძის უწყების მიერ ოფიციალური მიმართვაც იქნა გაგზავნილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საგარეო უწყების ამ მოწოდებას ოფიციალურად არავინ გამოხმაურებია, ქვეყნის მთავრობებმა ეს ინიციატივა მოიწონეს. აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ შეთავაზებაზე დროებით უარი განაცხადეს ერთი მიზეზით, ეს მთთვის პროცედურულად რთული საკითხია. ქვეყნის ხელისუფლებას სურს ამიერიდან საქართველოს სახელწოდება როგორც „გეორგია“ ისე მოიხსენიონ. დღეს კი აშშ–ს ვიზებში ცვლილება შევიდა.

ამერიკის საელჩო საქართველოს მოქალაქეებისთის გასაცემ ვიზებზე ქვეყნის კოდის ფორმულირებას ცვლის. განახლებულ დოკუმენტზე „GEO“ იქნება მითითებული. შეერთებულ შტატებში საქართველო ყველა ოფიციალურ დოკუმენტში „Georgia“- დ იწოდებოდა, თუმცა ვიზებში ქვეყნის კოდათ ძველი ტრადიციით მითითებული იყო „გრუზიას" შემოკლებული ვარიანტი „GRZ".

ფორმულირების შეცვლა ტექნიკური კუთხით საკმაოდ რთული იყო და არც ფინანსურად იუო მცირე ღირებულების ეს პროექტი. ამის მიუხედავად, შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დათანხმდა ქართული მხარის მოთხოვნას და ვიზებზე, რომელიც დღეიდან გაიცემა, „GEO“ იქნება მითითებული.

ცვლილებას თემურ იაკობაშვილიც გამოეხმაურა. როგორც საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა აშშ–ში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, ეს პროცესი საბჭოთა მემკვიდრეობიდან გათავისუფლებისთვის მიმდინარეობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საქართველოს გარეთაც და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. „ „გე-რე-ზე" კოდი ჩვენთვის რა თქმა უნდა იყო მიუღებელი. მიუხედავად ურთულესი პროცესისა, ეს პრობლემა გადაიჭრა. დღეიდან ყველა ვიზა რომელიც გაიცემა საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება „GEO“ კოდით, ანუ „გეორგია“–ს აღმნიშვნელი კოდით. ეს არის სერიოზული მიღწევა ჩვენი დიპლომატიისა“– განმარტა იაკობაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში საქართველოს მთავარი დიპლომატი გრიგოლ ვაშაძე მინისტერიალის ფარგლებში გამართულ სუამ-ვიშეგრადის ჯგუფის სხდომებს თავმჯდომარეობდა. დეკემბრის დასაწყისში გამართულ მინისტერიალზე მყოფმა ვაშაძემ ორმხრივი შეხვედრისას, თხოვნით მიმართა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ იგაუდას ურშაცკას, საქართველო ლიტვურ ენაზე, ნაცვლად „გრუზიისა“, მოიხსენიონ, როგორც - „გეორგია“, რაც გრიგოლ ვაშაძემ იმით ახსნა, რომ „გეორგია“ ქვეყნის ისტორიული სახელია, ხოლო სახელწოდება „გრუზია“ სლავური წარმოშობისაა. ლიტვური მხარისთვის ქართველი მინისტრის თხოვნა მოულოდნელი არ ყოფილა. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მხარეებმა ამ საკითხზე უკვე რამდენჯერმე ისაუბრეს, თუმცა ლიტვურმა საგარეო უწყებამ ქართული მხრიდან ოფიციალური მიმართვა მხოლოდ ახლა მიიღო.

საქართველოს ხელისუფლება უცხო ქვეყნებს აქტიურად მოუწოდებს, რომ სახელწოდება „გრუზია“ ინგლისურენოვანი დასახელებით „ჯორჯიათი“ ჩაანაცვლონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100