"საქმეს "მწყემსი, ან "მარშუტკის“ მძღოლი ვერ გააყალბებს" - ბაჩალიაშვილის მამა ეჭვობს, რომ საქმის გაყალბებაში მაღალჩინოსნები არიან ჩართულები
თამარ ბაჩალიაშვილის მამა ჯუმბერ ბაჩალიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის გარდაცვალების საქმის გაყალბებაში მაღალჩინოსნები იყვნენ ჩარეული.
მისი თქმით, საქმეს უბრალო ადამიანი, საქმეს "მწყემსი, ან „მარშუტკის“ მძღოლი ვერ გააყალბებს". ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, საქმის გაყალბება ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც სამართალდამცველ ლადო ბაჭულაშვილს მისი შვილის გარდაცვალების საქმეზე ტელეფონით ესაუბრა და რომელმაც უთხრა შემდეგი ფრაზა - "შენი შვილი მაგარ შარშია".
ბაჩალიაშვილი ამბობს, რომ მწყემსი, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი მაწევანის ტყეში იპოვა, "სპეციალურად ტრიალებდა აღნიშნულ ტყეში და მიგზავნილი იყო".
"ვენდობი თუ არა ამ საგამოძიებო ექსპერიმენტს, საქმე დაგვანახებს. ბაჭულაშვილს და აფციაურს არ ვაპატიებ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეზე ხელის დაფარება, საქმის ჩაფარცხვას. გამოვრიცხავ, რომ მანქანა აქ 5 დღის განმავლობაში მდგარიყო. ვურეკავ სამართალდამცველ ლადო ბაჭულაშვილს და მეუბნება, რომ ვმუშაობ, მაცადე, შენი გოგო მაგარ შარშია გახვეულიო და ამის შემდეგ ტელეფონს მითიშავს. ასევე კომპიუტერიდან დაიკარგა ე.წ. ფლეშკა. ასევე წაშალეს მონაცემები კომპიუტერიდან, ტელეფონიდან- სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი....ბაჭულაშვილმა ფლეშკა გაშიფრა და იქიდან მეუბნებოდა მაგას", - განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.
ამ წუთებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი მიმდინარეობს.
კომენტარი