სოფო ჭყონია: „არა, რა - მოსკოვი ჩემი ქალაქი არ არის!..“
სოფო ჭყონია საფრანგეთში ცხოვრობს და მისი ბოლო გატაცება დოკუმენტურ კინემატოგრაფიას უკავშირდება: პირველი ქალი, ვინც საქართველოში სამოდელო სააგენტო დააფუძნა, შემდეგ უკვე დიზაინერობით დაინტერესდა და ამჟამად სწორედ ცნობილ დიზაინერებზე იღებს ფილმს. „პრაიმტაიმთან“ საუბარში სოფო ჭყონიამ ახალ ფილმთან ერთად იმაზეც ისაუბრა, რომ წლების გასვლასთან ერთად, მისი ცხოვრებაც შეიცვალა. რასაკვირველია, გაზეთი მისი პირადი ცხოვრების ნიუანსებითაც დაინტერესდა, სოფო კი საკმაოდ გულახდილი იყო.
სოფოს მეუღლე რუსი მწერალი იგორ ობოლენსკია. ის მოსკოველია და, როგორც სოფო ამბობს, ძალიან უნდა საცხოვრებლად მოსკოვში გადასვლაზე მეუღლე დაითანხმოს, მაგრამ სოფო უარობს: „მგონია, რომ მოსკოვი ჩემი ქალაქი არ არის. ზედმეტად დიდი და ზედმეტად ცივია, პარიზი კი თბილისივით პატარაა და თბილი“, - ამბობს დიზაინერი.
სოფომ და იგორმა ერთმანეთი ვენეციაში გაიცნეს, სადაც მწერალი ლექციებს კითხულობდა. მოგვიანებით პარიზში ისევ შეხვდნენ ერთმანეთს. სოფო ჭყონია თვლის, რომ რომანტიკული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ვენეციამ და პარიზმაც ითამაშეს როლები.
ცოლ-ქმარს პატარა, სამი წლის ბიჭი ჰყავთ, რომელიც ბაბუას სეხნიაა - თემური ჰქვია. „მე მგავს, მამას არა, სულ სხვა ფერებია - ქართულმა გენმა აჯობა რუსულს“, - ამბობს სოფო მასზე.
სოფო ჭყონია მეუღლეზე დიდი სითბოთი საუბრობს და მიაჩნია, რომ იგორს რომანტიკულთან ერთად, ძალიან რბილი ხასიათი აქვს და დამთმობია, რამაც ამდენი ხნის ურთიერთობა შეუნარჩუნათ. „მე უფრო ემოციური, ფეთქებადი, სუფთა ქართული ხასიათი მაქვს, იგორი კი არ არსებობს, რომ ამყვეს. როცა ხედავს, რომ ხასიათზე არ ვარ, სხვა ოთახში გადის და თავს მანებებს. ასე რომ არ იქცეოდეს, დაგვენგრეოდა ოჯახი“, - იცინის სოფო.
სოფო ჭყონია ინტერვიუში წარსულსაც იხსენებს. ჟურნალისტის კითხვაზე, იყვნენ თუ არა მის წარსულში ისეთი მამაკაცები, რომლებსაც არა თვითონ სოფო, არამედ სიმდიდრე და ფული აინტერესებდათ, სოფო პასუხობს: „რა თქმა უნდა, ყოფილან ეგეთებიც, მაგრამ ასეთი მამაკაცი მალევე უკან გამიბრუნებია, ახლოს არ ვუშვებდი. მე ვერ გამაცურებენ... ისე, საოცარია - ადრე ალფონსობას მალავდნენ, სამარცხვინოდ ითვლებოდა, რამდენიმე დღის წინ კი ტელევიზორი ჩავრთე და გავგიჟდი - ბიჭი ამაყად ჰყვებოდა, როგორ აცხოვრებდა მასზე ბევრად უფროსი ქალი...“
მომზადებულია "პრაიმტაიმის" მიხედვით.
კომენტარი