სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რეზო მიშველაძე: მშიშარა კურდღლებისა და მიკროფონების ოპოზიცია უნიათო აღმოჩნდა

პოლიტიკა, მწერლებს შორისაც კი განხეთქილების ვაშლი გახდა. ამ ფაქტს ზოგი მწერალი აღიარებს, ზოგიერთი კი დუმილს ამჯობინებს. მწერალი რეზო მიშველაძე თვლის, რომ ნამდვილი მწერალი პოლიტიკისგან თავისუფალი ვერ იქნება და მწერლებს შორის განხეთქილებას ბუნებრივ ამბად მიიჩნევს. „დრონი.ჯი“–მ მწერალ რეზო მიშველაძეს არსებული მდგომარეობა შეაფასებინა.
– ბატონო რეზო, ბოლო პერიოდია მწერლებს შორის განხეთქილება იგრძნობა და ეს პოლიტიკას უკავშირდება...
– მწერლები ყოველთვის გახლეჩილი იყვნენ. თუმცა, მწერალი პოლიტიკისგან თავისუფალი ვერ იქნება. ამიტომ, თუ მწერალი იტყვის პოლიტიკისგან თავისუფალი ვარო, იმ მწერლად არ მიმაჩნია. რაც შეეხება მწერალთა დაჯგუფებებს, დაჯგუფებები ნამდვილად არსებობს და ეს პოლიტიკურ შეხედულებებზეა მიბმული.
– გამოდის, რომ მწერლები გაყოფილნი არიან ხელისუფლების მომხრე და მოწინაარმდეგე მხარეებად?
– მწერლის დანიშნულება არის ოპოზიციაში ედგეს ხელისუფლებას. იყოს კეთილი და ჭკვიანი ოპოზიციონერი. ქვას კი არ უნდა ისროდეს, არამედ იყოს შუამავალი ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ის, ვისაც, მწერლად თვლის საზოგადოება, გონიერი ოპონენტი უნდა იყოს ხელისუფლებისა. როგორც კი მწერალი ხელისუფლების ან ოპოზიციის ტაშის დამკვრელად გადაიქცევა, ის მწერალი აღარაა.
მწერლის მოვალეობა ის კი არაა, აკვიატებულად აკრიტიკოს ხელისუფლება, არამედ უნდა დაინახოს მისი კარგიც და ცუდიც. რაც მომეწონება ვამბობ, რომ კარგია, მაგრამ დიდების მემორიალი, რომ დაანგრიეს ეს მოსაწონი ნამდვილად არაა.
– ზოგიერთი მწერალის მსგავსად ოპოზიციასაც ხომ არ აქვს აკვიატებული კრიტიკა ხელისუფლებისა? ოპოზიციის ბოლოდროინდელი მოქმედებების ფონზე ცოტა უხერხული ხომ არაა მათი მხრიდან ხელისუფლების კრიტიკა?
– ოპოზიცია მტრად აღიქვამს ხელისუფლებას. ეს არის პროვინციალიზმი და არაჯანსაღი პოლიტიკა. ეს არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ ხდება. ზუსტად ამას მოჰყვება საზოგადოებაში განვითარებული არაჯანსაღი აზრი.
– რა შთაბეჭდიელება დაგრჩათ ნოღაიდელის რუსეთში ვიზიტზე და ზოგადად, რა წარმოდგენიის ხართ ამ პოლიტიკოსზე?
– ნოღაიდელი ჩემთვის დიდი პოლიტიკოსი არაა. როდესაც თვითონ არ არის მაღალი მომზადებისა და დონის პოლიტიკოსი და არც თავი გამოუჩენია საქართველოსთვის, რაზეა საუბარი... როცა ის პრემიერ–მინისტრი და ფინანსთა მინისტრი იყო, ბრმად ასრულებდა ყველა ბრძანებისა. ახლა ნოღაიდელი თავისი თავის რეაბილიტაციისთვის ეძებს გზებს. მე, არ მჯერა, რომ მას დიდი წუხილი ჰქონდა ოსების მიერ დაპატიმრებული ბავშვების მიმართ. არც ის მჯერა, რომ საქართველო–რუსეთს შორის ურთიერთობის გადარჩენა სურს. მას უფრო პიარი სჭირდება და თავისი ავტორიტეტის და პოლიტიკური სახელის გადარჩენა უნდა. ნოღაიდელის გარდა მთელმა ოპოზიციამაც თავი შეირცხვინა.
– რამდენად შეძლებს ნოღაიდელი რუსეთ–საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას?
– არ გეგონოთ, რომ პუტინმა და მედვედევმა ნოღაიდელზე მეტი იცოდნენ და რაიმე ესმოდეთ პოლიტიკისა. ეს არ დაიჯეროთ. მედვედევი და პუტინი ჭკვიანები რომ იყვნენ პატარა საქართველოს 2008 წელს ცეცხლითა და მახვილით არ გადაუვლიდნენ. თუ მათ კეთილ განწყობა უნდოდათ, ქართველი ერისა, ამის მოპოვების საშუალება მათ 1993 წლიდან ჰქონდათ და ახლაც აქვთ. ჩვენ, ქართველები აგრესიულები არ ვართ რუსების მიმართ და რაიმე განსაკუთრებული მტრობა არც ოსების და არც აფხაზების მიმართ არ გაგვჩენია.
რუსეთი საქართველოში პოლიტიკოსთა შორის ეძებს ისეთ დასაყრდენს, რომელზეც ის ფსონს დადებს. რუსეთი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ასამხედრებელ პოლიტიკოსებს ეძებს.
არ ვიცი რუსეთს რა მონაცემები აქვთ, მაგრამ, მე, პუტინი–მედვედევის ადგილზე ნოღაიდელს საუკეთესო კანდიდატად არ ავარჩევდი, რადგან მას არც ხალხი ენდობა და არც კარგი პოლიტიკოსია. ნოღაიდელს ავტორიტეტი არ აქვს და მას ხალხი არ გაჰყვება.
– ვინ არის თქვენთვის ყველაზე მისაღები პოლიტიკოსი, არსებულ ოპოზიციურ სპექტრში?
– შალვა ნათელაშვილი ყველაზე მისაღებია. ის კარგი პოლიტიკოსია. რუსეთთან კონტაქტზე რომელი პოლიტიკოსიც არ ისაუბრებს ის სულელია. რუსეთთან როგორმე უნდა გამოსწორდეს ურთიერთობა.
– ხართ თუ არა მომხრე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისა? დაახლოებით ამაზე იყო საუბარი ოპოზიცია–ინტელიგენციის ბოლოდროინდელ შეხვედრაზე, რომელზეც თქვენ არ იმყოფებოდით...
– ინტელიგენცია–ოპოზიციის შეხვედრას არ ვესწრებოდი და არც დავესწრები, რადგან ამ ტიპის შეხვედრები წყლის ნაყვად მიმაჩნია. ხელმოცარული, დამარცხებული და შერცხვენილი ოპოიზიცია ცდილობს ინტელიგენციის ავტორიტეტს ამოეფაროს.
თუ ოდესმე მოვა ჭეშმარიტი და მართალი ოპოზიცია მაშინ მათთვის რჩევების მიცემა კარგიცაა. ვინ არის სააკაშვილი, რომ მთელი საქართველო მის წინააღმდეგ გაერთიანდეს. მითუმეტეს ის კაცი გვეუბნება ამას, რომელიც გუშინ სააკაშვილის მეგობარი იყო. ამიტომ არ მჯერა ოპოზიციის.
მშიშარა კურდღლების და მიკროფონების ოპოზიცია საქმეში უნიათო აღმოჩნდა. სერიოზული სახეებით რომ გვიყურებენ ეკრანებიდან, მარტო ეგ არ კმარა. უკვე 9–ზე ავიდა ოპოზიციის ქალაქის მერობის მსურველთა კანდიდატები. ეს ყველაფერი ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ბევრი საბუთი მაქვს იმისა, რომ დღევანდელი ოპოზიცია ხელისუფლების მიერაა დანიშნული. ამიტომ, დანიშნული ოპოზიციის მხარდასაჭერად შეკრებილი ინტელიგენციის თათბირზე, მე, არ მივალ.

ამ თათბირზე შეცდომა იყო ჟურნალისტების გარეთ გამორეკვა. ჯერ არ მოსულხარ ხელისუფლებაში და ჟურნალისტებს გარეთ ერეკები, შე დალოცვილო?! რა საიდუმლო უნდა თქვა ისეთი ორმოც კაცში, რომ ქვეყანამ ვერ გაიგოს. იმ ორმოც კაცში მინიმუმ ოთხი მაინც იქნებოდა უშიშროების ოფიციალური თანამშრომელი.
ინტელიგენციის ერთ–ერთ წარმომადგენელს ისიც კი უთქვამს, რომ ხელისუფლება არჩევნებს რომ გააყალბებს შემდეგ ბუნტი მოვაწყოთო. გამოდის, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ბუნტი მხოლოდ იმიტომ უნდა მოაწყო, რომ შენთვის სასურველი კაცი არ გავიდა მერის ადგილზე?
მთელი ბრძოლა ინტელიგენციისა თურმე არის ბრძოლა თანამდებობებისთვის. თუ ოპოზიცია მიიღებს მერობას, მაშინ ისინი დაკმაყოფილდებიან, რადგან მათი პროგრამა–მაქსიმუმი შესრულებული იქნება. შემდეგ ჩვენ გვეტყვიან, ახლა ჩემო საყვარელო კუტუნია, წადით სახლებში, უკვე თავისუფალი ხართ, მერად ჩვენ გავედითო.
ალასანია იქნება ქალაქის მერი თუ ძიძიგური, მე სულ არ მანაღვლებს, თუ საქმეს არ გააკეთებენ. ოპოზიცია, რომ არაფრის გამკეთებელია, ამაში ეჭვი აღარ მეპარება. ოპოზიციისთვის მთავარია არჩევნები და მთავარი სატკივარი სულაც არ ანაღვლებთ. დღევანდელი ოპოზიცია მხოლოდ საკუთარი თანამდებობისა და კეთილდღეობისთვის ზრუნავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100