რა ჯდება თანამედროვე ქართული სერიალების გადაღება?
გაზეთმა „ყველა სიახლემ" გაარკვია, რა თანხა იხარჯება თანამედროვე ქართული სერიალების გადაღებაზე. ტელეკომპანიებმა და სტუდიებმა ოფიციალური ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავეს. თუმცა გამოცემამ სხვადასხვა წყაროსგან მოიპოვა ინფორმაცია, თუ დაახლოებით რა ჯდება ქართული ტელესერიალების გადაღება.
გაირკვა, რომ ტელესერიალის თითო სერიის გადასაღები თანხა 4 ათასიდან 10 ათას ლარამდე მერყეობს და შეიძლება ცოტათი ასცდეს კიდეც ამ ზღვარს. ყველაფერი დამოკიდებულია გადაღების ადგილზე - სტუდიურია, პავილიონში იღებენ, ქუჩაში თუ სხვაგან; ასევე, გასათვალისწინებელია, რა თანხას მოითხოვს რეჟისორი და ესა თუ ის მსახიობი (როლის მნიშვნელობისა და მსახიობის ცენზისა და გამოცდილების მიხედვით) და რამდენის გადახდის საშუალება აქვს სტუდიას, ან ტელეკომპანიას. ყოველდღიურია სერიალი თუ მხოლოდ უქმეებზე ან თუნდაც კვირაში ერთხელ გადის ეკრანზე; გასათვალისწინებელია კიდევ, რამდენად იყიდის იმ სერიალს კონკრეტული არხი. ასეთ შემთხვევაში თითო სერიის ღირებულება 17 ათასამდეც აღწევს.
მაგალითად, კინოს ტიპის სერიალები, როგორიც იყო „ცხელი ძაღლი" ან არის „ჩემი ცოლის დაქალები" და რომელიც გამორჩეულად უყვარს ტელემაყურებელს, გაცილებით ძვირად ფასობს, ვიდრე, ვთქვათ, ასევე რეიტინგული სტუდიური „შუა ქალაქში". „ჩემი ცოლის დაქალების" ერთი სერია, გამოცემის ინფორმაციით, დაახლოებით, 7 ათასიდან 10 ათასამდე ჯდება.
კომენტარი