„ბარსელონას“ შემდეგ სამეფო კლუბიც: ჩემპიონთა თასის ფინალი არა -“რეალ“- ური იქნება (ვიდეო)
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ორი ესპანური კლუბის გასვლისა და იმ მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რომელიც „ესპანური ფინალის“ ჩატარებას ითვალისწინებდა, ჩემპიონთა თასის ფინალი მიუნხენში ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი კლუბების გარეშე ჩაივლის: „ბარსელონას“ უიღბლობა თუ წარუმატებლობა 25 აპრილს სამეფო კლუბმაც გაიზიარა - „რეალი ფინალის საგზურის გარეშე დარჩა.
„რეალი“-„ბაიერნის“ შეხვედრა ესპანეთის დედაქალაქში სამეფო კლუბის წევრებსა და გულშემატკივრებს, ალბათ, სამუდამოდ დაამახსოვრდებათ მწარედ. ყოვლად უღიმღამო დებიუტის მიუხედავად, იმის მიუხედავად, რომ „რეალის“ მიერ გატანილი ორი გოლი კარგს არაფერს უქადდათ, „ბაიერნმა“ მოახერხა ძალების კონცენტრაცია და „რეალი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.
თამაშის ძირითადი ბატალიები პირველ ტაიმში შედგა. პირველი შეხვედრის ანგარიშიც სწორედ პირველ ტაიმში დაფიქსირდა და შემდეგ არ შეცვლილა. მეტიც - ყველა გოლი მადრიდში (პენალტების სერიამდე) პირველი ტაიმის პირველ 30 წუთში გავიდა: ფეხბურთის გულშემატკივრებმა რონალდოს ორი გოლი იხილეს - მე-6 წუთზე მან „ბარსას“ მთავარი კონკურენტის - მესისგან განსხვავებით, მშვიდად და აუღელვებლად გაიტანა პენალტი, მე-14 წუთზე კი კიდევ ერთხელ დალაშქრა „ბაიერნის“ კარი.
ორი გატანილი გოლის შემდეგ, სტუმრად ისეთ გუნდთან, როგორიც „რეალია“, თამაშის შემობრუნება რომ მეტად რთული საქმეა, ალბათ, დამეთანხმებით, თუმცა, „ბაიერნის“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მან ეს მოახერხა: 28-ე წუთზე არიენ რობენმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და „რეალის“ კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი გოლად აქცია.
როცა საქმე პენალტების სერიაზე მიდგა, რა თქმა უნდა, ყველა მიხვდა, რომ პირველ რიგში, ეს ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერებს - კასილასსა და ნოიერს შორის დუელი იქნებოდა და ასეც მოხდა: გერმანელმა რონალდოსა და კაკას დარტყმები აიღო, კასილასმა კი ღირსეულად უპასუხა: მან კროსი და ლამა გააწბილა. მაგრამ „ბაიერნს“ მაინც გაუმართლა: სერხიო რამოსმა ბურთი ტრიბუნების მიმართულებით გაგზავნა, ხოლო შვაინშტაიგერმა გადამწყვეტი დარტყმა დამაჯერებლად შეასრულა. გადამწყვეტ პენალტებს მისთვის უჩვეულო პოზაში - გვერდით ხაზზე, მარტოდმარტო დაჩოქილი ადევნებდა თვალს მაურინიო, რომელმაც შვაინშტაიგერის გოლის შემდეგ მაშინვე გასახდელს მიაშურა. „ბაიერნმა“ საკუთარ კედლებში ფინალიც გაინაღდა - მიუნხენში ჩასული კლუბი იქ ლონდონის „ჩელსის“ დაელოდება.
კომენტარი