სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ყოველ ლიტრ ბენზინში, ნავთობკომპანიები მომხმარებელს 30 თეთრს ატყუებენ“

საზოგადოებრივი მოძრაობა „პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს“ აგრძელებს საწვავის ქართულ ბაზარზე არსებული სიტუაციის გამოკვლევას.
საწვავის ფასების არასამართლიანობის განცდას ბაზრის ელემენტარული ანალიზიც ტოვებს. ბაზარზე არ არსებობს ალტერნატიული ფასები, მომხმარებელს არ აქვს შესაძლებლობა, ფასის მიხედვით აირჩიოს ის, თუ რომელი კომპანიისგან შეიძენს საწვავს.
მაგალითად, ბაზარზე არის იტალიური, რუმინული, აზერბაიჯანული და კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქტი. ბუნებრივია, მათი ხარისხი და, შესაბამისად, ფასი განსხვავებული უნდა იყოს. ასევე, ბუნებრივია ისიც, რომ რამდენიმე ათასი კილომეტრიდან იმპორტირებულ პროდუქტს გაცილებით მაღალი თვითღირებულება უნდა ჰქონდეს, ვიდრე მეზობელი აზერბაიჯანიდან შემოტანილს, მიუხედავად ამისა ფასები ერთნაირია.
გარდა იმისა, რომ ბაზარზე ალტერნატიული ფასები არ არსებობს, ასევე კარტელური გარიგებებიც შეინიშნება. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ფასის ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც ბოლო დროს მხოლოდ გაზრდის მიმართულებით ყალიბდება, ერთმანეთის კონკურეტნი კომპანიები დროშიც ამთხვევენ. შედეგად, ბაზარზე შეიქმნა სიტუაცია, რომელშიც ნავთობკომპანიები უზარმაზარი მოგების მარჟით მუშაობენ.
საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი შემომტანი აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია „სოკარია“, ოფიციალურად ის ქართული ბაზრის 70%-ს აკონტროლებს. აზერბაიჯანული საწვავი არა მარტო სოკარის ქსელში, არამედ სხვა კონკურენტი კომპანიების ბენზინგასამართ სადგურებზეც იყიდება. ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი, ბუნებრივია, ყველაზე იაფი, შესაბამისად, დაბალი ხარისხის რეგულარის ტიპის საწვავია. დღეს ამ ტიპის ბენზინის საცალო ფასი 1.80 ლარია.
ზაზა კემულარია, „პროტესტი საწვავის ქართულ ფასების“ მოძრაობის წევრი: ჩვენ კომპანიებს ვთავაზობთ დათვლებს, თუ რა უნდა ღირდეს აზერბაიჯანიდან იმპორტირებული A92 ტიპის (რეგულარი) საწვავი. დღეს ერთი ტონა A92 ტიპის საწვავის მსოფლიო ფასი 775 აშშ დოლარია, რაც 1364 ლარია. აზერბაიჯანიდან ერთი ტონა საწვავის ტრანსპორტირება 23-27 აშშ დოლარი ჯდება, ეს დაახლოებით 44 ლარია. საწვავის იმპორტიორი ასევე იხდის აქციზის გადასახადს 250 ლარს. ეს საბოლოო ჯამში 1658 ლარია. ამ თანხას ემატება შიდა ხარჯებიც.

მიღებული სტანდარტების თანახმად და დღეს არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ქართულ ბაზარზე ერთი ლიტრი რეგულარის ტიპის ბენზინი 1.49 ლარი უნდა ღირდეს. ყოველ ლიტრ ბენზინში, ნავთობკომპანიები მომხმარებელს 30 თეთრს ატყუებენ“.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100