სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზურაბ ქურციკიძე აღიარებით ჩვენებას მისი საიდუმლოდ შენახვის პირობით დათანხმდა?

ბოლო დღეებში სულ უფრო მეტს საუბრობენ იმაზე, რომ გამოძიებას უკვე აქვს სამივე ეჭვმიტანილის აღიარებითი ჩვენება და ეს იმას ნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვა არ შედგება და მოხდება საპროცესო შეთანხმება, რაც დაკავებულებისთვის პირობით სასჯელს ითვალისწინებს.

ჯერჯერობით ეს ვერსია ოფიციალურ დონეზე არ დასტურდება, თუმცა, ოფიციალური პირები არ მალავენ, რომ გამოძიება დასასრულისკენ მიდის. ამავე დროს, უკვე ცნობილია ირაკლი გედენიძის აღიარებითი ჩვენების შინაარსი, განცხადება გია აბდალაძის მიერ აღიარებითი ჩვენების მიცემის თაობაზე მისმა ადვოკატმა გააკეთა, ხოლო ზურაბ ქურციკიძის მხრიდან აღიარებითი ჩვენების მიცემა არც ოფიციალურად დასტურდება და, თუკი იგი არსებობს, არც მისი შინაარსი გახმაურებულა.

ამ ფონზე საკმაოდ სენსაციურ ცნობას ავრცელებს Сivil.ge. გამოცემა წერს:

‎"გამოძიებასთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა Civil.ge–ს, რომ ზურაბ ქურციკიძე, European Pressphoto Agency-ის (EPA) კორესპონდენტი, იმ პირობით დათანხმდა აღიარებითი ჩვენების მიცემას და საპროცესო შეთანხმების მიღწევას, თუ მისი ჩვენება კონფიდენციალური დარჩება და არ გახდება საჯარო."

ამავე დროს, გამოცემა წერს, რომ თავდაპირველი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ირაკლი გედენიძე და გია აბდალაძე ზურაბ ქუციკიძემ "ჩაითრია", გამოძიების ოფიციალური, ამ დროისთვის ცნობილი ვერსიის მიხედვით, არ დასტურდება: "სამივე ფოტოგრაფი რუსულმა დაზვერვამ ცალ–ცალკე გადაიბირა და ისინი მოგვიანებით დაუკავშირა ერთმანეთს. ამ ოფიციალური ვერსიის თანახმად, გედენიძე უკვე მუშაობდა რუსულ დაზვერვაზე იმ დროს, როდესაც ხუთი წლის წინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო ფოტოგრაფად მუშაობა", - აღნიშნავს Civil.ge.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გია აბდალაძის აღიარებითი ჩვენების შინაარსს და გამოძიების კიდევ რამდენიმე დეტალს საზოგადოებას საქართველოს მთავარი პროკურატურა დღეს გააცნობს. გახდება თუ არა დღეს საჯარო ზურაბ ქურციკიძის აღიარებითი ჩვენების შინაარსი ან, არსებობს თუ არა ასეთი ჩვენება, ჯერჯერობით გაურკვეველია.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100