სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაიღვიძეთ ბატონებო – კურსკის ვაგზალს ვუახლოვდებით!

წინასაარჩევნოდ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დრონი.ჯი ბლოგერ თემურ ავალიანს გაესაუბრა, რომელიც თავის პოსტებში დაფიქსირებული აზრების სიზუსტითა და პოლიტიკური სიტუაციის შეფასების უნარით ბევრ პოლიტიკურ ექსპერს არ ჩამოუვარდება.

ჩვენთან საუბრისას ბლოგერმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და შესაძლო საფრთხეებზე ჩვეული ტონით ისაუბრა.

როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო პერიოდსთქვენ წერდით, რომ ის ცხელი და დაძაბული იქნებოდა, კომპრომატების ფეიერვერკით.

წინასაარჩევნო პერიოდი ყველა ქვეყანაში, სადაც დემოკრატიაზე რაიმე პრეტენზია აქვთ თითქმის ერთნაირია გამონაკლისია დიქტატორული რეჟიმები, მაგალითად რუსეთი – რომლის ახლახან ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები თვით რუსეთშიც ბევრს არც გაუგია. პუტინმა ყველა ადგილი დუმაში წინასწარ გამოუყო ყველა თავის მონა-მორჩილ პარტიებს და ბიულეტინებიც ისე ჩაყარეს.

დემოკრატიულ ქვეყნებში წინასაარჩევნო პერიოდი ძირითადად პარტიების პროგრამების შეჯერებასა და მათ კანდიდატებს შორის დებატებში მიმდინარეობს. ჩვენთან თუ არჩევნებში მონაწილე პარტიებმა ასე თუ ისე შეძლეს პროგრამების წარმოდგენა და ხალხისთვის გაცნობა. მმართველმა პარტიამ - `ქართულმა ოცნებამ~ თავისი გამოკვეთილი წინასაარჩევნო პროგრამა ვერ წარმოადგინა და ზოგადი დაპირებებით შემოიფარგლა, რაც შორეულ მომავალზეა გათვალისწინებული. მათ ეყოთ ნამუსი, რომ ახლო მომავალში ხალხს არაფერს დაპირებოდნენ, რადგანაც სამარცხვინოდ ჩააგდეს ყველა ის დაპირება, რომელიც მათ ხალხს 2012 წელს მისცეს. ახალი კონკრეტული დაპირებები მათი მხრიდან მართლაც დიდი თავხედობა იქნებოდა.

სამაგიეროდ მათ შეძლეს უკიდურესად, ხელოვნურად დაეძაბათ წინასაარჩევნო პროცესი და კომპრომატებით, მოსმენებით, ხაინდრავას უნიჭო ფილმით და კორცხელში ჩატარებული შემაძრწუნებელი ძალადობით ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინათ მოსახლეობა. როცა ჯერ კიდევ არჩევნებამდე 8 დღით ადრე გამოუძიებელი და დაუსჯელნი არიან კორცხელში, მთავრობის მიერ ორგანიზებული ძალადობის მონაწილე, კალაძის კუნთმაგარი სპორტსმენები, არავის არავითარი გარანტია არ აქვს, რომ კარსმომდგარი არჩვნები ასეთი ძალადობის და დაშინების პირობებში არ ჩაივლის.

ივანიშვილის და მისი `ოცნების~ სამწუხაროდ არ გაამართლა მაესტრო ხაინდრავას გაკეთებულმა გულისამრევმა ფილმმა. მან ვერ შეასრულა ნაღმის როლი, რომელიც 2012 წელს `ციხის კადრებმა~ იკისრეს. ახლა მოსალოდნელია პატარ-პატარა `მოლოტოვის კოკტეილები~ სუსის მიერ ჩაწერილი და დამონტაჟებული საუბრების სახით, რომლის ერთ-ერთი ვარიანტი ახლახან გამოქვეყნდა.

რაც შეეხება ხაინდრავას ფილმის მაშტაბურობას და მიუკერძოებულობას `9 წლიანი რეჟიმის~ პირობებში, მას აკლია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინისტრის უსაქმურობის, ნარკობარიგობის და თავის მოვალეობის შესრულების დაკიდების ფაქტები, რუსეთიდან მთავრობაში და მთავრობის ახლო წრეში ჩანერგილი პირების საქმიანობის შედეგები, რუსეთის ჯაშუშების და მისი პროპაგანდისტების თავისუფალი პარპაში საქართველოში. სამთვიანი მიტინგების და დესტაბილიზაციის მოწყობის უამრავი ფაქტები, რომლებიც გარეძალების მიერ იყო ინსპირირებული და დაფინანსებული. უყურებ ამ ფილმს და ერთი სული გაქვს გადაახვიო და მალე დამთავრდეს ეს ათმაგად გაბერილი უმსგავსოება, ივანიშვილის და ხაინდრავას ბოღმით გადაღებული, ქვეყნის იმიჯის დამანგრეველი ეს ჯოჯოხეთი. მათ, რომელთაც ფეხებზე ჰკიდიათ როგორც ქვეყანა, ისე ქართველი ხალხი, ოღონდ თავისი შუღლი და ღვარძლი გადმოანთხიონ და დეპრესიაში ამყოფონ ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი. ამისათვის დღეს ივანიშვილმა შეისყიდა თითქმის ყველა ტელევიზია, ყველა გაზეთი, ყველა ინტერნეტ გამოცემა... დარჩენილია რუსთავი 2, რომლის განადგურება ჯერჯერობით ვერ შეძლო.

თუ პროგრამებზე ვილაპარაკებთ – მათ დაგვპირდნენ თბილისში, ქუთაისში ახალი უნივერსიტეტების მშენბლობას, განმუხურში ბიტანიკური ბაღისა და დიდი სასტუმრო კომპლექსის მშენბლობას. ეს მილიარდიანი პროექტებია, რომელთაც `ქართუ ბანკი~ აფინანსებს. ეს არ არის კონკრეტული დაპირებები?

პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ივანიშვილის გადმოგდებული მორიგი ბლეფია, ეს დასავლურ სტილში, ბუნების ფონზე მოწყობილი სცენები, თვალის მომჭრელი ბანერები და სპეციალურად შერჩეული და გამოწყობილი `პუბლიკა~ `სანდომიანი~ პრემიერის მეთაურობით, რომელიც ივანიშვილისაგან გულუხვად გვპირდება მილიარდებიან პროექტებს, აშკარად წინასაარჩევნოდ, ხალხის მოსასყიდად და შემდეგ `გადასაგდებად~ არის გამიზნული.

როცა ასეთ პროექტებს პრემიერი – „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, მაინცდამაინც არჩევნების წინ ახმოვანებს ეს ან სახელისუფლო რესურსია ან განუსაზღვრელი შემოწირულობა, რაც ორივე შემთხვევაში განხილვის საგანია. აქ პრემიერს არ უხსენებია, რომ თუ არ აგვირჩევთ ეს პროექტები მაინც შესრულდებაო. თუ, ეს ასე არ არის „ქართუ ბანკმა“ მსოფლიო ბანკის საკრედიტო ანგარიშზე წინასწარ, 8 ოქტომბრამდე ჩარიცხოს შესაბამისი თანხა და ჩვენ გამოძიებას არ დავიწყებთ.

ქართველმა ხალხმა არჩევანი კი 8 ოქტომბერს, თავისუფლად ივანიშვილის ამ მორიგი ბლეფის გარეშე უნდა გააკეთოს.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილს, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდა, საქართველოში მრავალი პროექტები დაუფინანსებია და დიდ ქველმოქმედებასაც ეწეოდა, რომელმაც ორ მილიარდამდე თანხა შეადგინა, რატომ გეპარებათ ეჭვი მის ამ მორიგ მსხვილ პროექტებში?

ყველა ის პროექტები, რომელიც ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლამდე დააფინანსა, იმ დიდი პროექტის ნაწილი იყო, რომელმაც ივანიშვილი საქართველოში ჩამოიყვანა და ხელისუფლების სამზარეულოში შეიყვანა. შემდეგ კი ხელისუფლებაში მოიყვანა.

ამის შემდეგ, როგორც ვიცით, მას რაღაც დიდ თანხებზე ჯიბეზე ხელი არ გაუკრავს.

რომ არ ყოფილიყო ამ პროექტების დაფინანსება და ის ქველმოქმედება, რაც ივანიშვილმა გასწია, ის თავისი პრიმიტიული აზროვნებით და პროვინციული რიტორიკით ქვეყნის სათავეში ვერ მოვიდოდა. დიდი-დიდი საჩხერის რაიონის საკრებულოს დეპუტატი გახდებოდა ჭორვილიდან. იყო სააკაშვილის ფაქტორიც, რომელიც რაღაც პროექტებისთვის ფულს სძალავდა ოლიგარქს.

კარგია, რომ ის სანამ პოლიტიკურად გაშიშვლდებოდა დროულად წავიდა აქტიური პოლიტიკური სცენიდან. მაგრამ ცუდია, რომ ის ამ სცენის კულისებში დარჩა და აქტიური და მკაცრი „სუფლიორის“ როლს ასრულებს. მისი კარნახის გარეშე დღეს მისი ქვეშევრდომი ვერცერთი პოლიტიკური მოღვაწე პირს ვერ გააღებს. მისი ჩარევის გარეშე არ ინიშნება არცერთი მინისტრი, არცერთი პასუხისმგებელი პირი, არ „ირჩევა“ არცერთი პარლამენტარი და რა თქმა უნდა, არ ინიშნება არცერთი პრემიერი. აი-მისმა „არჩეულმა“ პრეზიდენტმა კი „არ გაუმართლა“.

მისმა უკანასკნელმა საჯარო გამოსვლებმა ერთხელ კიდევ დაგვანახა რა დაბალი დონის, პრიმიტიულ პიროვნებასთან გვაქვს საქმე, რომელიც ყველაფერს კადრულობს და ყველაფერზეა წამსვლელი. დამნაშავენი არიან მისი გარემოცვის და კოალიციის ის წევრები, რომლებიც სანამ მათ არ შეეხოთ, მას თავდაუზოგავად აქებდნენ და ექსკლუზიურ სტატიებს უძღვნიდნენ.

საცოდავია ის ხალხი, რომელიც ივანიშვილის მოწყალებისგან ვერ თავისუფლდებიან და არ ადარდებთ არც გაღატაკებული ქართველი ხალხი და არც ქვეყნის მომავალი.

ნუთუ ასე, უბრალოდ მისაღებია XXI საუკუნეში, ისეთი ისტორიული და კულტურის ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. დავუშვათ, ვაღიაროთ და შევეგუოთ ერთი პიროვნების არაფორმალურ, არაკონსტიტუციურ მმართველობას, რომელსაც ხალხი გაღატაკებამდე, ქვეყანა განადგურებამდე, აშენებული სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევამდე, ერთი პიროვნების ხელში მთელი ძალაუფლების თავმოყრამდე და დიქტატურამდე მიჰყავს?

ბოლოს და ბოლოს თუ რაიმე ვალი გვაქვს ამ კაცის გადავიხადოთ ეს ვალი, რომელიც ისედაც ბევრი გვაქვს და ბევრი მისი „წყალობითაც“.

როგორ აფასებთ ქვეყანაში რუსული პროპაგანდის შემოტევას, რუსული არხების და საინფორმაციო საშუალებების ღია აგიტაციას, პარტიებს, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს რუსეთთანურთიერთობის დალაგებისივანიშვილისეულ გეგმებს და წინააღმდეგიც კი არიან ჩვენი ევროპული ინტეგრაციის. გვთავაზობენუბლოკოსტატუსსაც.

არცერთი ნორმალური და პოლიტიკაში ჩახედული ადამიანი არ შეიძლება იყოს რუსეთთან „ურთიერთობის დალაგების“ და კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენის წინააღმდეგი. მაგრამ საქმე რუსეთზე და პუტინზეა. მას არ უნდა საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია, წინააღმდეგია ჩვენი ნატოში შესვლის, რაც მთავარია – ლაპარაკი არ უნდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს შესახებ და ჩვენი ტერიტორიების და დევნილების დაბრუნების საკითხზე. ეს თემა დახურულია – აცხადებს მინისტრი ლავროვი.

შეხედეთ და განიხილეთ ივანიშვილი – ერთი სიტყვა ამ „პატრიოტ“ კაცს, მთელი თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე ამ თემაზე არ უთქვამს. არ ამბობს როგორ დაალაგებს ამ ურთიერთობას, არ გამოუთქვია პროტესტი სამაჩაბლოში „საზღვრების“ გადმოწევაზე, ვერ ათქმევინებ ერთ სიტყვას ჩვენს ჯალათ პუტინზე. ომის დაწყებას აბრალებს საქართველოს და სააკაშვილს. რამდენი მაგალითი უნდა მოვიყვანოთ რომ დავსვათ ლეგიტიმური კითხვა – ვინ ხართ თქვენ ბატონო ივანიშვილო?!

ამიტომ ძალზე საეჭვოა და არასანდო საქართველოს მთავრობის დღევანდელი თვალისამხვევი ფუსფუსი და ყალბი რიტორიკა დასავლეთთან მჭიდრო ურთიერთობის აუცილებლობის შესახებ.

მე ვფიქრობ, რომ დღეს კალაძემ უფრო მეტი იცის ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსის შესახებ, ვიდრე მინისტრმა ჯანელიძემ.

ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო სტატუსი ეს ევროპული სტრუქტურების გეგმიური საკითხებია და ისინი ავტომატურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს ხელისუფლებას მათზე რაიმე დაჩქარების მექანიზმი, ხელის შეშლის გარდა, არ გააჩნია.

სერიოზულად შეიძლება მივიჩნიოთ გაზეთ „ქრონიკა+“-ში გამოქვეყნებული თითქმის დოკუმენტური სტატია რუსეთის სპეცსამსახურების საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის არქივში შეღწევის შესახებ.

ქალბატონი კილაძე ამბობს, რომ პასუხს აგებს ამ სტატიაზე და მოითხოვს პროკურატურის რეაგირებას. პროკურატურა კი არ ჩქარობს.

გამოდის, რომ პუტინმა უკვე მიაღწია საქართველოს სამ სამინისტროზე კონტროლს?, რასაც რუსეთი ყველა ჩვენი პირველი პირებისგან ყოველთვის ითხოვდა. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს მთავრობა ისეა დამოკიდებული პუტინზე, რომ მიუხედავად მრავალი შეხსენებისა, ყირიმში ჩატარებული რუსული არჩევნების დაგმობაც კი ვერ გაბედა.

ადრეც დავწერე, რომ არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით მოსალოდნელი იყო ქვეყნის დესტაბილიზაციის ცდები, რომელიც ხელისუფლების სცენარით დღეს უკვე ვითარდება და მოსალოდნელი დამარცხების შემთხვევაში პიკს მიაღწევს არჩევნების მეორე დღეს. რა თქმა უნდა, როგორც დღეს, მთავარი დამნაშავე „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება. „მსხვერპლის და ანარქიის თავიდან ასაცილებლად“ ხალხის მამა-პატრონი რუსი ოლიგარქი ივანიშვილი, ისე როგორც ერთი საუკუნის წინ ქართველი ბოლშევიკები, დასახმარებლად მიმართავს „ერთმორწმუნე“ რუსეთს. ამით დამთავრდება მორიგი ქართული ოცნება თავისუფლების ამ მოკლე გზაზე.

პუტინს ძალიან ეჩქარება ევრაზიის კავშირის საბოლოო ფორმირება და ის საქართველოს გარეშე ვერ წარმოუდგენია. ეს ამასწინათ გამართულმა „დსთ“-ს ქვეყნების მეთაურთა შეხვედრამაც დაადასტურა, სადაც დროებით გადადეს ამ ვერ შემდგარი რუსული პროექტის საბოლოო ლიკვიდაცია და ევრაზიის კავშირის შექმნა. სერიოზულად დგას უკრაინის საკითხიც.

მინდა კვლავ შევახსენო რუსეთთან ჩახუტებაზე „გადამკვდარ“ პარტიებს, საზოგადოებებს, ბურჯანაძეებს, თოფაძეებს, ინაშვილებს, ცალკეულ პირებს, რომ ორი საუკუნის შემდეგ ჩვენი რუსეთთან გაყრისას ჩვენ ისევ ის კავის და უღელის ქვეყანა დავრჩით როგორიც რუსეთში შევედით. მეორე დღესვე ჩამოიშალა რუსეთთან მიბმული ჩვენი ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა. დავრჩით უშუქოდ და უგაზოდ. ქვეყნის მოსახლეობის მესამედი სხვადასხვა ქვეყნებში გადაიხვეწა და დღესაც იქ რჩებიან. აქვე უნდა ვთქვათ რუსეთის მიერ მოწყობილ სამოქალაქო ომებზე, ქვეყნის ტერიტორიის 22%-ის ოკუპაციაზე და სერიოზული მცდელობა მათ მიერთებაზე.

აი ასეთია მსოფლიოში ყველაზე ბოროტი იმპერიის „მეგობრობის და ძმობის“ კანონები.

მოგაგონებთ, რომ 1995 წელს, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაციის შემდეგ, საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტებმა შევარდნაძემ და ელცინმა ხელი მოაწერეს ჩარჩო ხელშეკრულებას მეგობრობის და ურთიერთდახმარების შესახებ, რომელიც სხვა პუნქტებთან ერთად ითვალისწინებდა დახმარებას ჩვენი ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენაში და ქართული ჯარის შექმნაში. სამაგიეროდ საქართველოში ხუთი რუსული ბაზა 25 წლით რჩებოდა, ალბათ შემდგომი გაგრძელების პირობით.

მაშინ პრეზიდენტმა ელცინმა თქვა – ამ ხელშეკრულებით ჩვენ ყველა იმ დანაშაულებებს გამოვისყიდით, რომლებიც ქართველი ხალხის წინაშე მიგვიძღვისო.

თქვენ წარმოიდგინეთ ბატონებო – რუსეთის პარლამენტმა ჩვენთვის ამ კაბალურ ხელშეკრულებაზე, რომელიც ცნობილ იმპერიულ ლოზუნგს „მარად რუსეთთან, მარად რუს ხალხთან“ იმეორებდა, უარი თქვა და რატიფიცირება არ გაუკეთა. მაშინ რუსეთის შავი პოლიტიკის გამხმოვანებელი – ჟირინოვსკი ამბობდა – „დაიცადეთ, მალე ყველანი ჩვენთან ისევ მოღოღდებიანო“.

ეს დროც დადგა ბატონებო – პუტინი და ჟირინოვსკი გელით თქვენ – როდის მიღოღდებით მათთან, რომელთაც არც ღმერთი სწამთ და არც მეგობრობა. ისინი მხოლოდ როგორც მონებს ისე გელიან.

აქ მინდა ტკბილად ჩაძინებულ, ივანიშვილის მეგობარ „წითელ ინტელიგენციას“ შევძახო-გაიღვიძეთ ბატონებო! კურსკის ვაგზალს ვუახლოვდებით!

რაც შეეხება „უბლოკო“ სტატუსს ქ-ნ. ბურჯანაძეს შევახსენებ, რომ 1921 წელში ჩვენ ნეიტრალური სახელმწიფო ვიყავით და ისე ჩაგვყლაპა ტუჩზე ჯერ კიდევ რძე შეუშრობელმა რუსეთის იმპერიამ ნახევარ ევროპას არც გაუგია. დღეს თქვენი მეგობარი პუტინი ისე ძლიერია, რომ თქვენდა გასახარად, მსოფლიოს აზანზარებს. გინდათ, რომ ისევ მგლის ხახაში აღმოვჩნდეთ?

თუ საიდუმლო არ არისვის აძლევთ ხმას?

რა თქმა უნდა საიდუმლოა, ამიტომ არსებობს არჩევნების დღე, დახურული კაბინები და დაკეცილი ბიულეტენები, რომ სანამ ბიულეტენს ყუთში არ ჩაუშვებ არავის არაფერი უთხრა, მაგრამ ამ ინტერვიუში მე თითქმის გავაჟღერე ვის არ მივცემ ხმას. ხმას ვის მივცემ? ამას 8 ოქტომბრამდე ვიფიქრებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100