სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ში ტრაგიკულად დაღუპული ორი ქართველი კურსანტი სამშობლოში ჩამოასვენეს

ნიუჯერსის შტატში ავტოავარიის შედეგად დაღუპული ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ორი ქართველი კურსანტი, რიგითები - სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე სამშობლოში ჩამოასვენეს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გოჩა რატიანი და ლევან ღირსიაშვილი, ასევე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მისი მოადგილეები დაესწრნენ.
აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები და ახლობლები. ჩამოსვენების პროცესს დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ირაკლი გეგეჭკორი, აკადემიის სხვა ხელმძღვანელი პირები და იუნკრები დაესწრნენ.
ბორტს, რომლითაც საქართველოში დაღუპული სამხედროების ცხედრები ჩამოასვენეს, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო აკადემიის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი მეთ ბარკერი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ვეფხია ყალაბაშვილი, კურსანტების ჯგუფელები, რიგითები - გიორგი ტალახაძე და ელდარ საგანელიძე, ასევე ამერიკელი მეგობრები ჩამოჰყვნენ. სამგლოვიარო ცერემონიაზე იმყოფებოდა ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი, რომელმაც სამგლოვიარო მარში შეასრულა.
როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გოჩა რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაღუპულების გადასვენება მოხდება ქაშუეთის საკათედრო ტაძარში, სადაც ხვალ, 14.00 საათზე სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. "ღრმა მწუხარება მინდა გამოვთქვა თავდაცვის სამინისტროს სახელით. ჩვენ სახალისო დახვედრისთვის ვემზადებოდით, მაგრამ მოხდა ეს ტრაგედია. ჩვენ მივაგებთ პატივს ამ ბიჭებს ისე, როგორც ქართველი ჯარისკაცი იმსახურებს", - აღნიშნა გოჩა რატიანმა.
რიგითები, სოსო მაკარიძე და ბესარიონ გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ. ორივე ახალგაზრდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიაში სწავლობდა.
რიგითი სოსო მაკარიძე ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის მეოთხე, დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. მეორე მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე საზღვაო თავდაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო თავდაცვის აკადემიის ქართველი კურსანტების სამშობლოში გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო ფარავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100