გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურში აქტიურად მონაწილეობისაკენ მოუწოდებს
ჩვენ სწორედაც იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ამომრჩევლის წინაშე დანაპირები შევასრულოთ და ის ძალიან დინამიური და ამბიციური განვითარების გეგმა, რომლის განხორციელებაც აქტიურად დავიწყეთ, ბოლომდე მივიყვანოთ, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
პრემიერმა აღნიშნა, რომ წარსულში გვქონდა პრეცედენტი, როდესაც კონსტიტუცია მორგებული იყო ერთ კაცზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, არაჯანსაღი და ხელოვნურია სპეკულაციები, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებასთან დაკავშირებით დაიწყო.
„ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი სპეკულაცია, რომ „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობით იმარჯვებს და ქვეყანა დაიღუპა, ძალიან ხელოვნურია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ამომრჩევლის წინაშე მმართველი გუნდისთვის, რომლის მთავარი ამოცანა, ქვეყნის განვითარების ამბიციური გეგმის განხორციელებაა.
„ეს ნიშნავს იმას, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უნდა შეიქმნას ეკონომიკური განვითარების უპრეცენდენტოდ მაღალი დინამიკა და ქვეყანამ მოახდინოს ძალიან მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით და, ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, განაგრძოს ის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც დაწყებულია“, - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ, მემკვიდრეობით მიიღო ძალიან დაუბალანსებელი კონსტიტუცია და აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც, საზოგადოების თითოეული წევრის ძალიან ფართო ჩართულობით, მოახდენს ისეთ ცვლილებებს, რომ მომავალში ვერავინ ვეღარასოდეს მოახდინოს ხელისუფლების უზურპირება და ის, ერთხელ და სამუდამოდ იყოს ევროპული, დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუცია.
თუმცა, პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვისას სიჩქარე დაუშვებელია.
„ეს არ იქნება ის, რომ პარლამენტში პირველ რიგში დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებული. არავითარ შემთხვევაში. აქ სიჩქარე არ ივარგებს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, შევქმნათ ქვეყნის შეუქცევადი ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული განვითარების ძალიან მაღალი დინამიკა. ამას ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს და დანაპირებს, რომელიც ჩვენ გავეცით წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებლად უკლებლივ შევასრულებთ. საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც, იმედი მაქვს, მეორე ტურის შედეგად იქნება, მხოლოდ არის მეორადი და იმისთვის, რომ ჩვენი თითოეული დანაპირები შესრულდეს, თუ ამაზე ჩვენი მოქალაქეების ნება იქნება. მინდა, ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში, ისეთივე აქტივობით მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
კომენტარი